01:51 | 2020-04-30 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ არის ქართველი, რომელმაც მეგობრების გამო იტალიაში 7-ვაგონიანი მატარებელი გააჩერა

ვინ არის ქართველი, რომელმაც მეგობრების გამო იტალიაში 7-ვაგონიანი მატარებელი გააჩერა

მისი საგმირო საქმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პანდემიამდე გავრცელდა. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი როზეტა კიტოვანი წერდა, რომ ქართველი, რომელმაც მეგობრების გამო იტალიაში 7-ვაგონიანი მატარებელი გააჩერა გიორგი რამაზაშვილი იყო.

 

„პრაიმტაიმი“ თავად ამ ისტორიის მთავარ გმირს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა.

 

ინტერვიუ რამდენიმე თვის წინ შედგა, მაშინ როდესაც კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა მსოფლიომ, თუმცა მაინც ღირს ამ ისტორიის გახსენება და პოზიტიური ამბის თქვენთვის კიდევ ერთხელ შეხსენება.

 

როგორც აღმოჩნდა, გიორგი რამაზაშვილი უკვე სამი წელია იტალიაში, ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ კასტელანეტაში ცხოვრობს.

 

პოეტი, ძირითადად თუშურ დიალექტზე წერს ლექსებს. იმ ისტორიას კი რომელიც 7-ვაგონიანი მატარებლის გაჩერებას უკავშირდება, „პრაიმტაიმთან“ თავად გიორგი იხსენებს.

 

„მატარებლის გაჩერებასთან დაკავშირებულ ისტორიაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. მეგობრები მყავდნენ სტუმრად ქალაქი ბარიდან და მოგეხსენებათ ქართული სუფრის ადათ-წესები, მე, მით უმეტეს, ძალიან ძველი წესის მიმდევარი ვარ და შეზღუდული დროიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცადე ჩავტეულიყავი სადღეგრძელოებში.

 

მოგეხსენებათ, ემიგრანტული ცხოვრებაც, სხვაზე ვართ დამოკიდებულები, არ გვაქვს ჩვენი სიამოვნების განვრცობის დრო და ასე შეგვაგვიანდა მატარებლების სადგურამდე მისვლა.

 

გზად ისეთი ლამაზი პეიზაჟი გადაიშალა, რომ როგორ შეიძლებოდა კადრს მიღმა დარჩენილიყო მზის ჩასვლა, მწვანედ მობიბინე მინდვრები და საკმაოდ დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეხვედრა.

 

სიყვარულით ვიყავით გაჟღენთილები და შეგვაგვიანდა. ჩემი შემოქმედებითი საღამოს მხატვრული გაფორმების ორგანიზატორი ქალბატონი როზეტა კიტოვანი, ჩემი და პოეტი თენგო ხუციშვილის იგივე ქრისტეს მხედრის მეგობარი, სალომე მესაბლიშვილი, მეგობარი სოფო ორკოდაშვილი და ქალბატონი როზეტას ქალიშვილი, ელენე ალიმბარაშვილი იყვნენ სტუმრები.

 

სწორედ ჩვენი ფოტოსესიის დროს დავინახეთ, რომ მოვიდა მატარებელი და ვიცოდით, რომ დაგვიანებული იყო, მაგრამ შევეცადე გაჩერებას და გამომივიდა. გავიქეცი და უკვე გასამგზავრებლად გამზადებულს დავაწიე სიტყვა, რომ შეჩერებულიყო და დაეცადა.

 

მართლაც გააჩერა და დაგვიცადა. ამასობაში მივედით ჩვენც, მარტო მათი გამგზავრება ხომ არ იყო საქმე?! დამშვიდობებაც გვაცალა და რომ მივტრიალდით მემანქანე მგზავრებთან ერთად სიყვარულით სავსე თვალებით გვიყურებდნენ.

 

რა თქმა უნდა ბოდიშიც მოვუხადეთ და მადლობაც გადავუხადეთ. მეგობრის გამო მატარებელს კი არა სამყაროს შევაჩერებ, მინდა ვთხოვო ადამიანებს ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და დაფასება თორემ ასე არაფერი გამოვა, თუ ვაჟკაცობა ადამიანობა და ქართველობა დავკარგეთ.

 

იმდენად მნიშვნელოვანია მეგობარი ჩემთვის, რომ ეს ჩვეულებრივ საქციელად ჩავთვალე, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ქართველი ვაჟკაცი ასე მოიქცეოდა.“ -ამბობს გიორგი რამაზიშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები