17:30 | 2021-03-03 ავტორი: Prime Time

ვინ არის ქართველი დავით კვარაცხელია, რომლის სადღეგრძელო ოკუპირებული აფხაზეთის მაღალჩინოსანმა შესვა და ამ ამბავს სოხუმში აქციები მოჰყვა

ვინ არის ქართველი დავით კვარაცხელია, რომლის სადღეგრძელო ოკუპირებული აფხაზეთის მაღალჩინოსანმა შესვა და ამ ამბავს სოხუმში აქციები მოჰყვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელსაც სოხუმში დიდი ვნებათაღელვა და აქციები მოჰყვა.

 

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, ბენურ ქვირაიამ სოხუმიდან დევნილი, დავით კვარაცხელიას სადღეგრძელო შემდეგი სიტყვებით შესვა.

 

„ჩემი მეგობარი მინდა ვადღეგრძელო, რომელიც ქართველია, ბულგარეთში ცხოვრობს და ევროპის ჩემპიონია რალიში. მას დავით კვარაცხელია ჰქვია. ომის დროს ის ჩემი მოწინააღმდეგე იყო. 93-ში ის წავიდა, ბულგარეთის მოქალაქე გახდა და ახლა იქ ცხოვრობს. ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მის საპატივცემულოდ, აქ მე პარკი გავაშენე და მისი სახელი დავარქვი. მინდა მისი სადღეგრძელო შევსვა, რომ კარგად იყოს, ყველაფერი კარგად ჰქონდეს.

 

მინდა, რომ ყველამ მომისმინოთ! ომი უნდა დამთავრდეს! მე ვაღიარებ, რომ ეს ნეგატივი კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენ უნდა გავჩერდეთ იმ დამანგრეველ ადგილას, სადაც ახლა ვართ. ეს ბრძოლის ველი ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ. ისინი ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ დღეს შერიგებისთვის გასაღები უნდა ვიპოვოთ და ძმობას დავუბრუნდეთ. აი ასე მინდა შევსვა ჩემი მეგობრის სადღეგრძელო“,- თქვა ბერუნ ქვირაიამ.

 

ბუნებრივია საზოგადოებას აინტერესებს ვინ არის მამაკაცი, ვისი სადღეგრძელოც ბენურ ქვირაიამ შესვა. 

 

 

დავით კვარაცხელია სოხუმიდან დევნილი, სოხუმელი ემიგრანტი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, ამჟამად ბულგარეთის მოქალაქე, პროფესიონალი ავტომრბოლელია, რომელიც  2016 წლის ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონია რალიში.

 

თავის ყველა მიღწევას ის სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის.

 

სოლიდარობის ნიშნად მისმა ბულგარელმა კოლეგებმა 20 სარბოლო ავტოზე განათავსეს წარწერა: SOKHUMI, GEORGIA. ეს ის სიტყვებია, რომელიც კვარაცხელიას საკუთარ სარბოლო ავტოზე უწერია.

 

„დავიბადე ზუგდიდში, მაგრამ მთელი ბავშვობა სოხუმში გავატარე. დავდიოდი სოხუმში ეკლესიაში, მიყვარდა იმ დროისთვის აკრძალული უცხოური სიმღერები და ასე შემდეგ. ავტოსპორტი ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკიდან მიტაცებდა.  აფხაზეთში დაწყებულმა ომმა სრულებით შეცვალა ჩემი და ასიათასობით ადამიანის გეგმები. ომის პირველ თვეებში, ჩემს მეგობრებთან ერთად, სოხუმის მცხოვრებთა სურსათით უზრუნველყოფაზე ვმუშაობდი. ვეხმარებოდით ყველა სოხუმელს.

 

გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით საქართველოს შეიარაღებული ძალების სოხუმის ბრიგადის მესამე ბატალიონი, რომელიც სხვა ქვედანაყოფების მხარდამხარ იბრძოდა ფრონტის ხაზზე. შვილები გახიზნული მყავდა. მიჭირს ამ თემაზე საუბარი. დიდ ტრაგედიას გადავურჩი, მაგრამ საბოლოოდ, შევძელი მათი მშვიდობიანად გამოყვანა.

 

ქვეყნის დატოვება ძალიან ძნელია. ამაზე 70-იანებში, საბჭოთა პერიოდში ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა და უკვე აღარ მქონდა მსგავსი სურვილი. ომის შემდეგ კი, სხვა გამოსავალი აღარ იყო. ემიგრაციის პირველ წლებში იყო ფსიქოლოგიური სირთულეები – ენის ბარიერი და ყველაფერი ერთად. მაგრამ, ისევ მეგობრების ურთიერთანადგომით დალადგა ყველაფერი“,- ამბობს დავით კვარაცხელია ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუში.

 

 

ავტორი: Prime Time


X