14:20 | 2020-05-09 ავტორი: Prime Time

ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც კრიმინალური „გენერლის“ მკვლელობისთვის დააკავეს

ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც კრიმინალური „გენერლის“ მკვლელობისთვის დააკავეს

ცნობილი რუსი კრიმინალური „ავტორიტეტის“ ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე „იაპონჩიკის“ მკვლელობის ბრალდებით ქართველი ბიზნესმენი დააკავეს.

 

დაკავებულია ჯამბულ ჯანაშია, რომელიც გამოძიების მონაცემებით, თანამზრახველებთან ერთად ფარულად უთვალთვალებდნენ „იაპონჩიკს“, მკვლელობის დღეს კი ის ასევე იმყოფებოდა დანაშულის ადგილზე.

 

ჯამბულ ჯანაშია, ბრალდებული

 

ჯანაშიას მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა და იზოლატორში გადაიყვანეს. ის მესამე ბრალდებულია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ამ საქმეზე დააპატიმრეს.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი მოსკოვში საკუთარ ბინაში აიყვანეს. მას იარაღით უკანონო ვაჭრობას და ორგანიზებულ მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

 

მანამდე, თებერვალში სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს საქმის სხვა ფიგურანტი მურთაზ შედანია, ხოლო აპრილში სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორს ილია სიმონიას (მეტსახელად „მახო), რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

 

ვიაჩესლავ ივანკოვი („იაპონჩიკი“) 2009 წლის ივლისის ბოლოს მძიმედ დაიჭრა სნაიპერის ტყვიით, როდესაც ის მოსკოვის რესტორნიდან გამოდიოდა.

 

მოსკოვში „იაპონჩიკის“ მკვლელობის ...
ვიაჩესლლავ ივაკოვი (იაპონჩიკი)

 

ქურდული სამყაროს „ნათლიმამის“ სახელით ცნობილი ივანკოვი თავდასხმიდან რამდენიმე თვეში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, „იაპონჩიკის“ მკვლელობის უკან გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის გარემოცვა იდგა, კერძოდ კი „კანონიერი ქურდი“ ლადო ჯანაშია.

 

დაკავებული ბიზნესმენი სწორედ ლადო ჯანაშიას ოჯახის წევრი და უხლოესი გარემოცვის წარმომადგენელი გახლდათ.

 

ზუგდიდელი ლადო ჯანაშია ცნობილი კრიმინალური „ავტორიტეტის“ ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო.

 

ლადო ჯანაშია, „კანონიერი ქურდი“

 

ის საფრანგეთში 2010 წელს ჩაცხრილეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა რუსეთში „კანონიერ ქურდთა“ ორ დაჯგუფებას შორის მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების ნაწილია, რომელიც სწორედ კრიმინალური სამყაროს „გენერლის“ ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე „იაპონჩიკის“, მკვლელობით დაიწყო.

 

ამ მკვლელობაში „ქურდების“ ნაწილი სწორედ ონიანს ადანაშაულებს და ერთი ვერსიით, ჯანაშიას მკვლელობაც მათი მხრიდან შურისძიება გახლდათ.

 

აღსანიშნავია, რომ ქართველი „ქურდები“ ორივე დაპირისპირებულ ბანაკში არიან.

 

ჯანაშიას ოჯახში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა „კრიმინალური ავტორიტეტის“ კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა, რომელიც იმ დროს „იაპონჩიკის“ კლანში მოიაზრებოდა.

 

ესპანელი პროკურორის ინფორმაციით, შუშანაშვილმა ლადო ჯანაშიას მკვლელობა მანამდეც სცადა, ბელგიიდან ჩასული ქილერის მეშვეობით.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X