15:45 | 2020-04-11 ავტორი: Prime Time

ვინ არის Covid19-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი მსოფლიოში – როგორ დაიწყო ყველაფერი

ვინ არის Covid19-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი მსოფლიოში – როგორ დაიწყო ყველაფერი

მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები ბევრს კამათობენ, კონრეტულად თუ სად და როგორ გავრცელდა მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც მთელს მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო, ასი ათასობით ადამიანი კარანტინში გამოკეტა, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და თითქმის სრულად შეცვალა სახელმწიფოების ყოველდღიური ცხოვრება.

 

ყველაზე დამაჯერებელი ვერსიით, ახალი კორონავირუსის პირველწყარო ჩინეთის ქალაქ უჰანში მდებარე ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობაა. 57 წლის ვეი გუიჟენი სწორედ ამ ბაზრის მოვაჭრე გახლავთ.

 

31 დეკემბერს ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვეი იყო პირველი იმ 27 პაციენტიდან, რომლებიც სწორედ უჰანის ბაზრობაზე დაინფიცირდნენ, შემდეგ კი ვირუსი სხვა ადამიანებს გადასდეს, თუმცა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოფიციალურმა პეკინმა რეალობა დამალა, რადგან ჩინეთში ვირუსის ნიშნები ჯერ კიდევ ნოემბერში გამოჩნდა.

 

ვეი გუიჟენის ისტორია კი ასე დაიწყო:

 

10 დეკემბერს ის, სამსახურში უჰანის ბაზარში იმყოფებოდა, როდესაც გაციების სიმპტომები დაეწყო – წერს გამოცემა news.com.au. – ამის გამო ვეიმ ადგილობრივ კლინიკას მიმართა და კვლავ სამუშაოს დაუბრუნდა.

 

11 დეკემბერს ის კვლავ ეწვია კლინიკას, მიიღო ინექცია, თუმცა იმის გამო, რომ თავს კვლავ ცუდად გრძნობდა უჰანის N11-ე საავადმყოფოს მიაკითხა.

 

„იქ ექიმი ვერ გაერკვა, რა მჭირდა და აბები მომცა“, – განუცხადა ვეიმ ჩინურ მედიას – „არადა ამ დროს თავს უფრო ცუდად ვგრძნობდი, არ მქონდა ძალა და ენერგია“.

 

16 დეკემბერს ვეი გაემგზავრა უჰანის საკავშირო საავადმყოფოში – ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

აქ უკვე ექიმებმა დაავადებას „დაუნდობელი“ უწოდეს და უთხრეს, რომ მის სამუშაო ადგილზე რამდენიმე ადამიანი მსგავსი სიმპტომებით იყო დაავადებული.

 

უკვე 31 დეკემბერს უჰანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისარმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვეი გუიჟენი იყო პირველი იმ 27 პაციენტს შორის, რომლებიც ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ. ყველა მათგანი უჰანის ცნობილ ბაზრობასთან კავშირში მყოფი პირები არიან.

 

57 წლის ვეი გუიჟენმა იანვრში საავადმყოფო დატოვა. თუკი ჩინეთის ვერსიას ვენდობით, გამოდის, რომ პირველი პაციენტი, რომელმაც მთელს მსოფლიოში მომაკვდინებელი ვირუსი გაავრცელა, სრულად გამოჯანმრთელდა, თავად ჩინეთი კი ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

 

ბოლო მონაცმებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 81,953 შემთვევა აღირიცხა, ბოლო 24 საათში კი მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 77 500-ზე მეტი პაციენტი. მთელი ჩინეთის მასშტაბით გარდაცვლილია 3343 ინფიცირებული, მათგან 3219 ჰუბეის პროვინციიდან, რომლის ადმინისტრციული ცენტრი ქალაქი უჰანი გახლავთ.

 

გამოჯანმრთელების შემდეგ ვეი გუიჟენმა თქვა, რომ ინფიცირების წყაროს სავარაუდოდ უჰანის ბაზრობაზე არსებული საპირფარეშო წარმოადგენდა, რომელსაც მასთან ერთად სხვა მოვაჭრეებიც იყენებდნენ.

 

ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც ბაზარში ვეის გვერდით მუშაობდნენ, ასევე მომაკვდინებელი ვირუსით დაინფიცირდნენ, ისევე როგორც მისი ქალიშვილი, დისშვილი და დისშვილის ქმარი.

 

„მთავრობა დროულად თუ იმოქმედებდა, ბევრად ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა“, – განაცხადა გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტმა, რომელსაც ჩინეთში პირველი ინფიცირებულის სტატუსით იცნობენ.

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, მთელს მსოფლიოში კორონავირუსის 1 710 338 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა მაჩვენებელმა კი 103 500-ს გადააჭარბა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები