17:22 | 2020-07-02 ავტორი: Prime Time

ვინ არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ყელში ძვალივით ეჩხირება და რას აბრალებენ მას

ვინ არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ყელში ძვალივით ეჩხირება და რას აბრალებენ მას

ნობელის პრემიის ლაურეატებმა, გერტა მიულერმა და სვეტლანა ალექსეევიჩმა, ასევე გონკურის პრემიის ლაურეატმა ჯონატან ლიტელმა, ადამიანის უფლებების საკითხში ევროპის საბჭოს კომისარს, დუნიე მიატოვიჩს ღია წერილით მიმართეს. წერილი  რუსი ისტორიკოსის, იური დმიტრიევის მხარდაჭერის გამოხატვას შეიცავს. დმიტრიევს,  რუსეთში,  ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებასა და ნაშვილები ქალიშვილის მიმართ ძალადობრივ ქმედებაში ბრალს სდებენ.

 

დმიტრიევი უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალის“ კარელიის ოფისის ხელმძღვანელია. წერილში ნათქვამია, რომ მის წინააღმდეგ შეთხზული სისხლის სამართლის საქმე  „რეპრესიების შესახებ მეხსიერების წაშლას და დმიტრიევის მოშორებას ემსახურება, რომელმაც საბჭოთა ისტორიის შავი ფურცლების შესახებ მტკიცებულებები სააშკარაოზე გამოიტანა“.

 

წერილის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ თანამედროვე რუსეთში „სტალინიზმის მცოცავი რეაბილიტაცია“ მიმდინარეობს. მათი აზრით, „რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გადაწეროს სანდარმოხის ისტორია, ამისათვის კი მის პირველაღმომჩენს ცილს სწამებენ და საშინელ დანაშაულს დაუსაბუთებლად აბრალებენ“.

 

„დმიტრიევი არის ადამიანი, რომელმაც სანდარმოხში დახვრეტილი 68 ეროვნების რამდენიმე ათასი ადამიანის ვინაობა დაადგინა, და რომელმაც იქ სახალხო მემორიალი შექმნა. ის ხელისუფლებას ყელში ძვალივით ეჩხირება. 64 წლის ისტორიკოსი, მის მიმართ წაყენებული ბრალდების შედეგად, შეიძლება ციხეში  20 წლით გამოკეტონ. ასეთი განაჩენი კი არა მარტო მისი კვლევითი საქმიანობის, არამედ სიცოცხლის დასასრულსაც ნიშნავს“- დარწმუნებულები არიან გრეტა მიულერი, სვეტლანა ალექსეევიჩი და ჯონატან ლითელი.

პუტინის  საპრეზიდენტო ვადების განულების ფასი მაცივრის მაგნიტები აღმოჩნდა
2020-06-26პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულების ფასი მაცივრის მაგნიტები აღმოჩნდა

დმიტრიევის დასაცავად უკვე გაერთიანდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ევროპის თუ რუსეთის კულტურის და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლები. გასულ შემოდგომას, ევროპული ქვეყნების 20-მდე ელჩი ესტუმრა მემორიალურ კომპლექს სანდარმოხს, „სადაც მათ პატივი მიაგეს ტერორის მსხვერპლებს და იური დმიტრიევის სამოქალაქო გმირობას“.

 

რამდენიმე დღის წინ, ვიდეო მიმართვა ჩაწერეს რუსმა მსახიობებმაც, მათ შორის კონსტანტინ რაიკინმაც. რაიკინის აზრით, რუსეთში სიმართლის მთქმელები იდევნებიან და ამაზე  იური დმიტრიევის ბედიც მეტყველებს, რაკიღა ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია.

 

2020 წლის 6 მაისს, 155 რუსმა მეცნიერმა, ჟურნალისტმა, რეჟისორმა, მწერალმა და მუსიკოსმა  კარელიის უმაღლეს სასამართლოს წერილით მიმართეს, რომელშიც სთხოვდნენ ასაკოვანი დმიტრიევი  ადგილობრივი საგამოძიებო იზოლატორიდან შინა პატიმრობაში გადაეყვანათ, რადგან იმ დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

 

2018-2019 წლებში, განცხადებები ადამიანის უფლებების საკითხებში საერთაშორისო ფედერაციამ და ევროპის საგარეო საკითხების სამსახურმაც გააკეთეს. ამ წლებშივე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საბჭოს წევრები უშუალოდ ვლადიმერ პუტინს პირადად სთხოვდნენ საქმეში გარკვევას და დმიტრიევის „დაუსაბუთებელი“ დევნით დაინტერესებას.

რუსული სიკვდილის ბრიგადები - რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები
2020-06-16რუსული სიკვდილის ბრიგადები - რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები

ვინ არის იური დმიტრიევი და რას აბრალებენ მას

„მემორიალის“ კარელიის ოფისის ხელმძღვანელი ცნობილია როგორც 1930-40 წლების პოლიტიკური რეპრესიების შესახებ მეხსიერების წიგნის შემქმნელი. ამას გარდა, კარელიაში, იქ სადაც „ბელომორკანალ“-ს შენდებოდა,  მან რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხები მოიძია და აღმოაჩინა.

 

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, განაჩენის და სასამართლოს გარეშე დახვრეტილი ადამიანების სამარხების ადგილი, საიდუმლო რეგლამენტის გამო უცნობი რჩებოდა. 30-იან წლებში, განაჩენის სისრულეში მოყვანის აქტში დახვრეტის და დაკრძალვის ადგილები მითითებული არასოდეს იყო.

საბჭოთა ჯალათების ჩანაფიქრით, დახვრეტილთა შესახებ  ამბავი ერების მეხსიერებიდან უნდა წაშლილიყო.

 

თუმცა, დღეს, ჩვენ იური დმიტრიევის წყალობით ვიცით, რომ სანდარმოხი სხვადასხვა ეროვნების 6241 ადამიანის ბოლო განსასვენებელია და მათ შორის ქართველებიც არიან. დმიტრიევი წლების განმავლობაში თავჩაუხრელად მუშაობდა, რათა ყველა დახვრეტილის ვინაობა დაედგინა.

 

2016 წელს   ანონიმური საჩივრის საფუძველზე, დმიტრიევი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე და ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. 2018 წლის აპრილში, პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლომ ბავშვთა პორნოგრაფიის მუხლით წარდგენილ საქმეზე იგი ბოლომდე გაამართლა და აღიარა მისი უფლება რეაბილიტაციასა და ზარალის დაკმაყოფილებაში.

 

იმავე წელს, უკვე კარელიის უმაღლესმა სასამართლომ პროკურატურის შემდეგი საჩივარი დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

რუსული ტერორისტული ბანაკები ნეონაცისტების სამჭედლო გახდა
2020-06-17რუსული ტერორისტული ბანაკები ნეონაცისტების სამჭედლო გახდა

2018 წლის 27 ივნისს, დმიტრიევი ნაშვილები არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა, დმიტრიევის და მისი ადვოკატების ვერსია შემდეგში მდგომარეობს-იმ დროს, როდესაც მან და მისმა მეუღლემ გოგონა იშვილეს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

 

სოციალური სამსახური ითხოვდა იმის მტკიცებულებას, რომ დმიტრიევის ოჯახში ბავშვს სათანადოდ ექცევიან, არ ცემენ, არ აშიმშილებენ, რის გამოც ის რამდენიმე წლის განმავლობაში იძულებული იყო ბავშვის სხეულისთვის ფოტოები გადაეღო, სადაც გამოჩნდებოდა, რომ სილურჯეები არა აქვს, არ შიმშილობს და წონაში იმატებს. ამ ფოტოებს დმიტრიევი  უწყების თანამშრომლებს პერიოდულად უგზავნიდა. ამას გარდა, 2017 წელს ჩატარებულმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დმიტრიევი ფსიქიკურად ჯანმრთელია და არ არის პედოფილი.

 

ასევე, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გოგონას ფოტოები (9 ფოტო), რომლებიც დმიტრიევის სახლიდან იყო ამოღებული, არ წარმოადგენს პორნოგრაფიულ ნაწარმს. სწორედ იმ პერიოდში მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ საქმეს, უკეთესი გამყარებისთვის დაემატა ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილის შენახვის მუხლიც-დმიტრიევი სახლში ინახავდა „აბრეზის“ იმ ნაწილს, რომელიც გათხრების ადგილას იპოვა.

„სანდარმოხში სამახსოვრო, ნაციონალური, მემორიალები დგას. ისინი უკვე ათზე მეტია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ: ადამიანს, რომელმაც თავისი ოჯახის ისტორია მეშვიდე მუხლამდე მაინც იცის, რომელიც წინაპრებს პატივს სცემს, შეუძლია  დღევანდელი დღისგან  აბსოლუტურად სხვა პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა ააგოს სახელმწიფოსთან. ადამიანი კი არ არის სახელმწიფოსთვის, არამედ სახელმწიფოა ადამიანისთვის. ამ მიმართულებით ვშრომობ. ამიტომაც არ მწყალობენ.“-ნათქვამია წიგნში, რომელიც დმიტრიევმა ციხეში ყოფნისას დაწერა.

 

„მემორიალი“ მიიჩნევს, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ  შესაძლოა ეს არის  რუსეთის სპეცსამსახურების შურისძიება დმიტრიევის მიერ გაწეული სამუშაოს გამო. ხელისუფლება  ისტორიკოსის ღვაწლის და გმირობის კომპრომეტირებას ყველაზე ამაზრზენი ხერხით ცდილობს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლახანს, სანდარმოხის მემორიალის ადგილზე, სამხედრო-ისტორიულმა საზოგადოებამ, რომელიც პუტინის ბრძანებით შეიქმნა, საკუთარი გათხრები დაიწყო.

2019 წელს, კარელიის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამ „საზოგადოებას“ სთხოვეს ახალი გათხრები დაეწყოთ, რადგან ვერსია რეპრესირებულების სამარხების შესახებ „რუსეთის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს“ და აძლიერებს „რუსების წარმოდგენებში დაუსაბუთებელ დანაშაულის განცდას ვითომდა სხვა სახელმწიფოების რეპრესირებულ მოქალაქეთა გამო“. შესაბამისად, დღეს კრემლს სურს დაამტკიცოს, რომ სანდარმოხში ათასობით ადამიანი არა სტალინის მითითებით დახვრიტეს, არამედ ისინი ფინელების მსხვერპლი წითელარმიელები არიან.

 

ორიოდე დღის წინ, პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლომ  25 ივლისამდე გაახანგრძლივა დმიტრიევის პატიმრობის ვადა. სასამართლო განხილვა 6 ივლისს გაგრძელდება. ძალიან მალე ცნობილი გახდება, რამდენად ეშინია პუტინს და მის ხელისუფლებას იმ ადამიანების, რომლებიც სტალინიზმის დანაშაულებების გამოსააშკარავებლად სიცოცხლეს წირავენ და ეს მაშინ, როდესაც კრემლი მართლმადიდებლურ ტაძარს სამხედრო ინტერვენციების სადიდებლად აგებს.

 

რომან აფხაზავა

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X