15:49 | 2021-10-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ (არ) უერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციას

ვინ (არ) უერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციას

მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა და შემდეგ დააკავეს, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან დასახსნელად ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა გადაწყვიტეს.

 

პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასწრო. 10 ოქტომბერს მისი ორგანიზებით „სახალხო მოძრაობამ“ აქცია გამართა, სადაც „კანონი და სამართლის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ეს პროტესტი ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი ხასიათის იყო. მანვე აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ“.

თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი აღმოჩნდეს გზის მანათობელი - მიხეილ სააკაშვილი
2021-10-14თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი აღმოჩნდეს გზის მანათობელი - მიხეილ სააკაშვილი

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აქციაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ მისულან, რუსთაველზე არც თბილისის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია იმყოფებოდა, რაზეც მას ჩარკვიანმა შემდეგნაირად უსაყვედურა: „რადგან თბილისის მერობა გადაწყვიტე, აქ უნდა მდგარიყავი. სპეციალურად არ დაგირეკე, რაც ერთგვარი გამოცდა იყო, რომელიც ვერ ჩააბარე. ანზორ მელიას თბილისის წინაშე გამოცდა 5-იანზე აქვს ჩაბარებული, მაგრამ შენ ეს გამოცდა ჩასაბარებელი გაქვს… დღეს აქ უნდა მდგარიყავი, როგორც გია ბარამიძე დგას, მაგრამ 14 ოქტომბერს მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია დაიგეგმა და ამ წუთებში ქვეყნის დიდი ქალაქებიდან ავტოკოლონებით მხარდამჭერები მოემართებიან, რათა 18:00 საათზე სხვა მომიტინგეებს შეურთდნენ.

 

„ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ უერთდება. გიგა ბოკერიას განცხადებით, „აქციასთან დაკავშირებით ამ ფიგურებმა, ჩარკვიანმა და ასე შემდეგ, სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა ამოცანა და მოლოდინი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს.

ამ მწამებლების გვერდით როგორ დგახართ, რა მიშა, რის მიხო, რა გათავისუფლება - დათო ოქიტაშვილი
2021-10-14ამ მწამებლების გვერდით როგორ დგახართ, რა მიშა, რის მიხო, რა გათავისუფლება - დათო ოქიტაშვილი

 

„ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაშია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა. მიზანშედეგობრივი კავშირი პირიქითაა – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და არა პირიქით.

 

ერთია, როდესაც გზავნილია, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და პრობლემა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებით ზის ციხეში, რაც ღარიბაშვილმა ღიად და უტიფრად გვითხრა. მეორეა, თუ აქცია არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს პრაქტიკულად და სტრატეგიულად შეცდომაა. ზოგადად, უნდა მივეჩვიოთ, რომ როდესაც პოლიტიკოსი მიდის პოლიტიკურ ღონისძიებაზე პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო საკუთარი მომხრეების, არამედ ყველას წინაშე. არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცით, რას აპირებენ და როგორ, ამიტომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქციას არ უერთდებიან, თუმცა, ინდივიდუალურად მისვლის მსურველებს ამის საშუალება ექნებათ.

 

„პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ამ აქციას არ უერთდება. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად მისვლა და ამას არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან.

 

ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევცვალოთ მდგომარეობა და ეს მიზანი არ უნდა დაიკარგოს არანაირად. 30 ოქტომბერს მეორე ტურში ოპოზიციამ კოალიციურად უნდა მოიგოს არჩევნები და მომავალ წელს მოემზადოს რიგგარეშე არჩევნებისთვის, კრიზისი მეორე ტურის გარეშე ვერ დაიძლევა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

VIDEO: იმყოფება თუ არა სააკაშვილი სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა ხანძარია
2021-10-14VIDEO: იმყოფება თუ არა სააკაშვილი სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა ხანძარია

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ამ აქციაზე არ იქნება. მისი თქმით, გადამწყვეტი ახლა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადამწყვეტი როლი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაში გადის მეორე ტურებზე და მთელი ენერგია უნდა წარიმართოს გამარჯვებისკენ. მე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციაზე გადის და მხარს უჭერს ამ პროცესს, თუმცა თავად აქციას არ ვუერთდებით. ჩვენთვის მნიშნველოვანია ჯერ პოლიტიკური ცვლილებები და შემდეგ ყველა საკითხი, რომელიც გადასაჭრელია”, – განაცხადა სამნიძემ.

 

„დროა“ აქციას არ უერთდება, თუმცა, ელენე ხოშტარია თავისუფლების მოედანზე მივა.

 

„პარტია „დროას“ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ვუერთდებით მისი გათავისუფლების მოთხოვნას. პარტიის წევრები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა კონკრეტულ აქციაში მონაწილეობას. თავად ელენე ხოშტარია აქციას შეუერთდება”, – აცხადებენ პარტიაში.

 

“გირჩის” წევრების აქციაზე მისვლას არ გამორიცხავს პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია.

 

„ზოგადად, არ გვიმსჯელია ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროება არ დამდგარა და აქედან გამომდინარე პარტია ამას არ უერთდება. ინდივიდუალურ წევრებთან დაკავშირებითაც არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ “გირჩში” ისეთი მრავალფეროვანი ხალხია, ნამდვილად იქნება ვიღაც აქციაზე”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

“მოქალაქეები” აქციას არ უერთდებიან. ალეკო ელისაშვილის თქმით, სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიაჩნიათ.

 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია. იმიტომ, რომ არის კონკრეტული ამბები, რაც მის სახელს უკავშირდება. რა ვქნა, მარტო მე მაქვს ასეთი მეხსიერება? მე მახსოვს, რომ 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდა სპეცრაზმი და დალეწა იქაურობა, ცხვირ-პირი დაამტვრია ჟურნალისტებს, ტყვიებს ესროდნენ, “პანჩურებს” და გამოყარეს იქიდან. მარტო მე მახსოვს ეს და ეს სააკაშვილის გარეშე გაკეთდებოდა?

 

მე მახსოვს, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით სპეცრაზმმა სცემა, სიკვდილამდე მიიყვანეს და მერე არ გამოძიებულა სააკაშვილის დროს ეს საქმე. ეს მარტო მე მახსოვს? – ასეთი ფატქები არის კიდევ სხვები და მახსოვს. შესაბამისად, არც მე და არც ჩემს პარტიას არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად მიხეელ სააკაშვილი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული დღევანდელი აქციის პოლიტიკურ გზავნილებს სრულად იზიარებს, რის გამოც აქციაში მონაწილეობას მიიღებს.

 

„დღევანდელი აქციის ძირითადი გზავნილები არის ამ ქვეყანაში პოლიტდევნის შეწყვეტა, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, სასამართლო რეფორმის არსებობა, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. ამ პოლიტიკურ გზავნილებს სრულად ვიზიარებთ, აქედან გამომდინარე, ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, აქტივისტი, მეც პირადად, ამ აქციაში მონაწილეობას მივიღებთ,” – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

„კანონი სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი დღევანდელ აქციას უერთდება. ის სხვა პოლიტპარტიების გადაწყვეტილებას „პრაიმტაიმთან“ აფასებს. ჩარკვიანის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ განსხვავებით, ადგილობრივ არჩევნებში მათ გარდა არ უსარგებლია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ხმებით.

 

„ისარგებლა „გირჩმა“, ზურა ჯაფარიძემ, „ლელომ“, „ევროპულმა საქართველომ“ და ზუსტად ამათმა თქვეს აქციაზე მისვლის უარი, წარმოუდგენელი უხერხულობაა. თუ დაფიქრდებიან, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდებიან, რადგან ეს არც პოლიტიკურად არის სწორი და არც მორალურად, რადგან ჩამოთვლილებიდან ისინი ყოფილი პრეზიდენტის ფრთის ქვეშ დაფრთიანდნენ და იმ წლებში დიდი სარგებელი ჰქონდათ. ამ პარტიებს მივმართე: თუ მოშიმშილე, დაჭერილი კაცის სიკვდილი არ გაწუხებთ, საკუთარი პოლიტიკური სიკვდილის გამო მაინც მოდით რუსთაველზე-თქო“, – ამბობს პოლიტიკოსი.

 

„ლეიბორისტული პარტია“ აქციას, რომელიც 18:00 საათზე უნდა გაიმართლოს, არ უერთდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X