fbpx
18:35 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

ვინ (არ) იღებს კობახიძის გამოწვევას დებატებზე?!

ვინ (არ) იღებს კობახიძის გამოწვევას დებატებზე?!

16 ნოემბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ  ოპონენტებთან არჩევნებზე არსებული დარღვევების შესახებ დებატებისთვის მზადაა.

 

კობახიძის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა დათანხმდა. მათ გამოწვევა მიიღეს და “ოცნებას” საკუთარი პირობებიც წაუყენეს.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ისინი დებატებისთვის მზად არიან, თუმცა დებატებში მხოლოდ “ოცნების” წამყვან სახეებთან დაჯდებიან.

თენგიზ ცერცვაძის პირველი კომენტარი დაინფიცირების შემდეგ - როგორ ებრძვის ვირუსს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი
2020-11-17თენგიზ ცერცვაძის პირველი კომენტარი დაინფიცირების შემდეგ - როგორ ებრძვის ვირუსს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი

 

„რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს”, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ვითხოვდით პრემიერ-მინისტრთან და სხვა წევრებთან დებატებს, თუმცა, მაშინ არ შედგა პრემიერ-მინისტრთან დებატები. დებატებს არ გავურბივართ, პირიქით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატში შევიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნების” წამყვან სახეებთან, რანგით, მესამე-მეოთხე კლასის მოთამაშეებთან არა. უპრიანი იქნება ან თავმჯდომარესთან ან იგივე გახარიასთან”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კობახიძის შეთავაზებას გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” კიდევ ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, რომელიც შეთავაზებას “ღიმილისმომგვრელს” უწოდებს.

 

“დიდი სიამოვნებით მივიღებ და ვეტყვი, რაც მოსულა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამას არ ექნება დებატის, ეს იქნება მონოლოგის ფორმა. სიამოვნებით ვეტყვი, მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მოქალაქეებს აპირისპირებს. ვეტყვი, რომ 20 ივნისიდან ის პროვოკატორობს, უსიამოვნოა პროვოკატორთან დებატი, პოლიტიკოსთან დებატი კარგია. რას მოიტანს ეს ყველაფერი? ამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ ვინმე მოდით ტელეეთერში და არ ჯდებიან,”- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

 

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ კობახიძის შეთავაზებას სიყალბე უწოდა, თუმცა დებატებისთვის მაინც მზადაა და მოუწოდებს დანარჩენ ოპოზიციას დათანხმდნენ დებატებს და კობახიძე “თავისივე მოედანზე მიჯირყვნონ”.

ნაცვლიშვილი ბურჯანაძეს: ეს ფოტოები, რატომ არ დევს თქვენს გვერდზე, ბაიდენთან შეხვედრის ფოტო რომ გამოგიმზეურებიათ 
2020-11-17ნაცვლიშვილი ბურჯანაძეს: ეს ფოტოები, რატომ არ დევს თქვენს გვერდზე, ბაიდენთან შეხვედრის ფოტო რომ გამოგიმზეურებიათ 

 

“ეს ხომ სიყალბეა?! თუ დებატები უნდოდათ, როგორ დაგვემარცხებინა კოვიდი, როგორ დაგვემარცხებინა კრიმინალი, როგორ გაგვეზარდა სამუშაო ადგილები, ეკონომიკა – ამ საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნება” დუმდა და აბა ახლა რა ბზიკმა უკბინა?! ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ფარისევლობა, თუმცა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შევჯერდებით, შეიძლება, თავისივე მოედანზე მივიდეთ და მივჯირყვნოთ მაინც, მაგრამ ეს არის ფარისევლობა, ტყუილი და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, იმიტომ, რომ ამათ არაფრის დებატები არ უნდოდათ, როცა ნამდვილად დებატების პერიოდი იყო”, – განაცხადა უგულავამ.

 

დებატების იდეას უარყოფითად აფასებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპნაძეც. კაპანაძის თქმით, დებატები არჩევნებამდე უნდა გამართულიყო და არა მისი “გაყალბების” შემდეგ.

 

“ჩვენ პრინციპულად არ მიგვაჩნია პრობლემად ასეთ დებატებში მონაწილეობა, მზად ვართ კიდეც, მაგრამ ჩვენ სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან გავივლით კონსულტაციას და საბოლოო პოზიციას ერთად ჩამოვაყალიბებთ.

სანამ პომპეო ჩამოვა - რა უნდა ვიცოდეთ მისი პოლიტიკური გავლენებისა და პროფესიული წარსულის შესახებ
2020-11-17სანამ პომპეო ჩამოვა - რა უნდა ვიცოდეთ მისი პოლიტიკური გავლენებისა და პროფესიული წარსულის შესახებ

 

რაც შეეხება იმ ნაწილს, ახლა რამდენად რელევანტურია დებატები, ამაზე სერიოზული კითხვები მაქვს. დებატები უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას აწუხებს და არა ახლა, როცა ურემი გადაბრუნდა, იმაზე თუ რა ფორმით გადაბრუნდა ეს ურემი, ამიტომ ცოტა პანიკის ნიშნები არის ხელისუფლების მხრიდან, როცა ახლა იმაზე გვთავაზობენ დებატებს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. არჩევნები არის უკვე გაყალბებული და ახლა ვართ ყველა იმ მდგომარეობაში, როცა დაიწერეს პროცენტი და არჩევანი აქვთ ახლა ან არალეგიტიმური პარლამენტი, ან ამ პროცესის ასე გაგრძელება, ან ახალი არჩევნები.

 

ეს დებატები დამთავრდება ვიცი როგორც, “ქართული ოცნება” გამოვა და იტყვის, რომ “აი გავიმარჯვეთ ამ დებატებში” მიუხედავად იმისა, რომ არანაირი არგუმენტები არ ექნებათ და რა იქნება მერე? შეიცვლება არჩევნების შედეგები ამის გამო თუ რა იქნება? მათ ახლა უნდათ მორიგი დებატები თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, მესმის ეს, თუმცა ამ დებატებში კიდევ ერთხელ ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ის არგუმენტები, ჩვენ რასაც ახლა ვაქვეყნებთ და რაზეც ვსაუბრობთ, ამ არგუმენტების ვერანაირ ნიველირებას ისინი ვერ შეძლებენ იმიტომ, რომ უბრალოდ ფაქტები, რიცხვები, გაყალბებული ხელმოწერები და კონკრეტული მაგალითები არის ხომ?! მაგრამ, მერე რა იქნება?” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

“ოცნებასთან” დებატებს დათანხმდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ კობახიძესთან, მდინარაძესთან, ნებისმიერ ამ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, „ევროპული საქართველო“, ჩვენი გუნდი მთლიანად, ყოველთვის მზად ვართ. რაღაც გამოცდილება დებატების გვაქვს, პარლამენტში ყოფნისას, კარგი გაგებით ვამბობ. ყოველთვის მზად ვართ ამისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში, მარტო არ ვართ და ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან გვექნება კონსულტაცია როგორი იქნება პასუხი ამაზე. მათ ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. მაგრამ, გახსოვთ, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ამ ხალხმა წინასაარჩევნო პერიოდში დებატებზე, მაშინ, როცა ნორმალურია ამომრჩეველმა გიყუროს, უარი თქვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

დებატებზე თანახმაა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც.

 

“რამდენიმე წელიწადია ოცნება უარს ამბობს დებატებზე. არჩევნების წინაც კი გაექცნენ დებატებს. ეხლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე – დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია – „მოქალაქეები“ და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს რა გაყალბდა და როგორ”, – წერს ელისაშვილი.

 

მერე გიკვირთ, რატომ ვერ განელდა ოპოზიციის რევანშის მიმართ შიში - ხათუნა ლაგაზიძე ე.წ სირცხვილის კორიდორზე
2020-11-16მერე გიკვირთ, რატომ ვერ განელდა ოპოზიციის რევანშის მიმართ შიში - ხათუნა ლაგაზიძე ე.წ სირცხვილის კორიდორზე

 

დებატების გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი , თუმცა აცხადებს, რომ პარტიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე პარტიაში მსჯელობენ.

 

“ახლა გაახსენდათ დებატები, როდესაც უმწვავეს კრიზისში შევიდნენ, ეს არის გამოსავლის ძებნის მცდელობა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან და არა რეალურად შეთავაზება ოპოზიციისთვის. ასე რომ ამაზე ჩვენ ოფიციალურ პასუხს განვაცხადებთ. დებატებში კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემა არის ის, რისთვის იყენებს ხელისუფლება ამ დებატებს, რა სურს რომ ამით გვითხრას. ასე რომ ჩვენი პოზიცია დღეს გახდება ცნობილი”, – აცხადებს უდუმაშვილი.

 

კობახიძის შეთავაზებას “პოლიტიკური ტრიუკი” უწოდა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა და ასევე განაცხადა, რომ დებატები არაფრის მომცემი იქნება და ამით მმართველი გუნდი ამომრჩევლებისთვის თვალის ახვევას ცდილობს.

 

“სწორია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დებატებში ხვდებიან. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ სრული კონსესუსია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ახლა უნდა ამ პოლიტიკური ტრიუკით, თითქოს სასამართლომ კი არ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი, არამედ ჩვენმა დებატებმა. ამ ტრიუკით უნდათ, რომ როგორმე გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ეს არის ნამდვილი პოლიტიკური თოჯინების სურვილი, თვალი აუხვიონ ამომრჩევლებს. ვადასტურებ იმას, რომ ეს დებატები უბრალოდ არაფრისმომცემი იქნება,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

 

ზურა დვალაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X