fbpx
22:54 | 2020-11-10 ავტორი: თამარ ბუჩუკური

VIDEO: როგორ შეიცვალა მუსიკალური გემოვნება პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ბოლო 31 წელში

VIDEO: როგორ შეიცვალა მუსიკალური გემოვნება პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ბოლო 31 წელში

ქართული პროტესტი, დედაქალაქის მთავარი გამზირი, ხალხმრავალი აქციები, დემონსტრანტები და ათეულობით წლების განმავლობაში გაჟღერებული სულ რამდენიმე მოთხოვნა – დამოუკიდებლობა და თავისუფლება… წლები გადის, მიტინგების მისამართი უმეტესად უცვლელი რჩება, უცვლელია ქართველი ერის პროტესტის მიზეზებიც – ოკუპაციის დასრულება და მთავრობის შეცვლა. 30 წელზე მეტია, ერი რუსთაველის გამზირზე დრო და დრო იკრიბება, რათა მათი საპროტესტო ხმა მსოფლიოს გააგონონ. ამდენივე წელია, იცვლება მხოლოდ აქციებზე გაჟღერებული მუსიკა და მომიტინგეები…

 

“პრაიმტაიმი” ბოლო 31 წლის მანძილზე სხვადასხვა აქციებზე გაჟღერებულ მუსიკალურ კოლაჟს გთავაზობთ, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს ლაიტმოტივად გასდევდა და ახლაც ამა თუ იმ აქციას ახლავს თან.

 

რა ხდებოდა და რომელ სიმღერებს ასრულებდნენ 9 აპრილს, მერე “ვარდების რევოლუციაზე”, 2007 წლის 26 მაისს – აქციის დარბევამდე, “ბასიანის” აქციაზე, გავრილოვის და არჩევნები 2020-ის აქციებზე?… სეფიაშვილის “ტიტებიდან” – კლუბურ მუსიკამდე დიდი გზა განვლო ქართველმა ერმა, 30 წელზე მეტი, შეიცვალა დრო, შეიცვალა ცხოვრების წესი, მუსიკალური გემოვნება, ჟანრი და სტილი, თუმცა უცვლელია რუსთაველი, პროტესტის მიზეზი და გაპროტესტება ცეკვა-სიმღერით…

 

ქართული ცნობილი სიმღერები

 

ზუსტად 31 წლის წინ, 1989 წლის აპრილის მოვლენების დროს, ჩრდილოელი მეზობლისგან წართმეული დამოუკიდებლობის დაბრუნებას ათასობით ადამიანი ყველასთვის კარგად ნაცნობი მელოდიების ფონზე მოითხოვდა. ასე იქცა 9 აპრილის სიმბოლოდ სიმღერები, მაგალითად: “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”.

 

9 აპრილის ასოციაციაა ლელა ვეფხვაძის ფანდური და მისი ცნობილი სიმღერა “სალაღობო – დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს”. 

 

ნაციონალური ცეკვები “ვარდების რევოლუციის” დროს და პარლამენტში შესვლისას აჟღერებული მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა “ჰიმნი თავისუფლებას”. 

 

აპრილის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, ისევ რუსთაველის გამზირზე, ისევ ათასობით მომიტინგე თავისუფლების დაბრუნებას შევარდნაძის მთავრობისგან მოითხოვდა. 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს “ვარდების რევოლუცია” მოჰყვა, რევოლუციამდე კი, ხანგრძლივი უწყვეტი აქციები იყო, სადაც მომიტინგეები ნაციონალურ ცეკვებს ასრულებდნენ… მას შემდეგ, რაც შევარდნაძე პარლამენტის დარბაზიდან გაიყვანეს და ეს სივრცე ამბოხებულმა ოპოზიციამ დაიკავა, შევარდნაძის ჩაი, მიხეილ სააკაშვილმა “თავისუფლების ჰიმნის” ფონზე დალია…

 

ამის შემდეგ იყო ისევ რუსთაველი და ისევ ხალხმრავალი აქცია, 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიცია შეიკრიბა. ალბათ, ეს მიტინგი იმ იშვიათდაგანი იყო, სადაც მუსიკა არ გაჟღერებულა

 

იტალიური ჰიტი – ბურჯანაძის “ჩაო ბელა”

 

შემდეგი მასშტაბური აქცია 2011 წლის 23 მაისს იყო, როცა მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები ნინო ბურჯანაძის ორგანიზებით მოხდა. მაშინ, ყველას გვახსოვს ბურჯანაძის იტალიური ცნობილ სიმღერაზე მსუბუქი მოძრაობები და მისი “ჩაო ბელა”.

 

ელექტრონული მუსიკა ქვეყნის მთავარ გამზირზე

 

2018 წელს, ისევ რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია კლუბ “ბასიანს” უკავშირდება. 12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერეაში შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს. ახალგაზრდებმა კი – შეკრება. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილები პროტესტს ცეკვით გამოხატავდნენ…

საქართველოს ჰიმნი და მეფის “საქართველო”

 

2019 წელს, ერთ-ერთი მასშტაბური მიტინგი გავრილოვის თბილისში ჩამოყვანას და პარლამენტში მის შეყვანას მოჰყვა. ეს საპროტესტო აქციების ციკლი გახდა, რომელმაც რამდნიმე თვეს გასტანა. აქცია საქართველოს ჰიმნით ხშირად იწყებოდა

 

ხოლო იგივე აქციები ირაკლი ჩარკვიანის, იგივე მეფის “საქართველოთი” მთავრდებოდა.

 

 

მოძრაობა “სირცხვილია” და “გამოდი გარეთ”

 

მოძრაობა “სირცხვილია”-მ გავრილოვის ღამის შემდეგ, ერთგვარ ჰიმნად აქცია სიმღერა “გამოდი გარეთ”.

 

“მიშა მაგარია”-ზე აცეკვებული დემონსტრანტები

 

გავრილოვის ღამის ქრონიკებმა 2019 წლის ნოემბრის თვეშიც იჩინა თავი – დემონსტრანტები ქვეყნის საკონმდებლო ორგანოს ბლოკირებას ახდენდნენ, იქ ჟღერდა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის დაწერილი სიმღერა “მიშა მაგარია”.

 

არჩევნები 2020, ჰიმნი, ნიაზი და… 

 

2020 წლის საპარლამენტო 31 ოქტომბრის არჩევნები დღემდე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. თითოულ შეკრებაზე საქართველოს ჰიმნის გარდა, ჟღერს ნიაზ დიასამიძის ცნობილი ჰიტი – “გაუმარჯოს, გაუმარჯოს, ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს”.

ბოლო დროის აქციებზე ახალგაზრდები ე.წ. კლუბურ, ელექტრონულ მუსიკაზე, ცნობილ უცხოურ ჰიტებსა და “გამოუვალი მდგომარეობის” “ვეშებზე” აცეკვებულები პროტესტს ასე გამოხატავენ.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X