23:23 | 2020-04-20 ავტორი: Prime Time

VIDEO: „კანონიერ ქურდს“ ციხის კართან დახვდნენ და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს

VIDEO: „კანონიერ ქურდს“ ციხის კართან დახვდნენ და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს

რუსეთის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან (Владимирский централ) „კანონიერი ქურდი“ ლევან აბულაძე გათავუსუფლდა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

 

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი მას ციხის კართან დახვდა და გააცნო დადგენილება პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ „კანონიერმა ქურდმა“ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, მას რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა სამუდამოდ აეკრძალა.

 

აბულაძე არალეგალი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მას იქამდე გააჩერებენ, სანამ ქვეყანას არ დატოვებს.

 

დეპორტაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვინაიდან რუსეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერთაშორისო მიმოსვლა პანდემიის გამო შეფერხებულია.

 

44 წლის ლევან აბულაძეს კრიმინალურ წრეებში ლევან „სოხუმსკის“ სახელით იცნობენ. ის „კანონიერ ქურდად“ 2006 წელს, 31 წლის ასაკში „აკურთხეს“.

 

ლევან აბულაძე რუსეთში ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 2012 წელს დააპატიმრეს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები