fbpx
21:04 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

Video: ძალიან გთხოვთ მაპატიეთ – მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედის ემოციური მიმართვა

Video: ძალიან გთხოვთ მაპატიეთ – მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედის ემოციური მიმართვა

გუშინ, თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის მამაკაცი შეიჭრა.

 

მამაკაცმა მძევლებიც აიყვანა, თუმცა 4-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ ყველა მძევალი უვნებლად გამოიყვანა, ხოლო დამნაშავე დააკავა.

 

როგორც დაკავებულის დედა „ფორმულასთან“ ინტერვიუში ამბობს, ოჯახს ბანკების ვალები აქვს. მისივე თქმით, სწორედ ოჯახის ეკონომიკურმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა მის შვილს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა.

 

„ჩემი შვილი, როგორც ყოველთვის გავუშვი სამსახურში. ეტყობა ყველაფერმა ამან იმოქმედა, რომ დედაჩემს წამალი ვერ ვუყიდე, მაღაზიიდან პურს კრედიტით ვიღებთ, იქეთ ლენდო რეკავს, ალბათ ეს იყო მიზეზი, ჩვენი ეკონომიკური გაჭირვება, ეს იყო მიზეზი რომ ასეთი რაღაც ჩაიდინა. ეტყობა სითამამისთვის ცოტა დალია.

 

საიდან მოიფიქრა ეს ლიმონკა და თოფის ყიდვა არ ვიცი. ლიმონკა არის ლარიანებში ნაყიდი.

 

ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს ვინ ლევანიმ შეაწუხა, ძალიან დიდი ბოდიში მაპატიეთ, 73 წლისა ვარ უამრავი თაობა გამიზრდია, ძალიან გთხოვთ აპატიეთ ლევანის და მაპატიეთ მე“ , -ამბობს დაკავებულის დედა.

 

შეგახსენებთ, 20 ნოემბერს წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო „ემ ბი სის” შენობაში თავდამსხმელი შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა.

 

თავდამსხმელმა სამი მოთხოვნა წამოაყენა: აზარტული თამაშების გაუქმება, სესხის განაკვეთის 7 პროცენტამდე დაწევა, მედიკამენტებზე ფასების შემცირება.

 

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს.

 

გამოძიება სსკ-ის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას გულისხმობს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X