12:52 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

„ვერ გაცილებ ბოლო გზაზე“ – ზურაბ გურული

„ვერ გაცილებ ბოლო გზაზე“ – ზურაბ გურული

როგორ არ ვიცოდი რომ კორონას ებრძოდი შენი მშობლიური ჭიათურის კლინიკაში… ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო. ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ. შეხვედრამდე მზის გადაღმა, – ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

 

„1985 წლის 1 სექტემბერს გავიცანით ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტის მე-3 კორპუსში, ანატომიის აუდიტორიაში. მარტო იჯდა, რაღაცნაირად უხერხულად; მივედი, გამოვეცნაურე; თურმე ერთ ჯგუფში ვყოფილვართ და… ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. 6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად.

 

აბსოლუტურად ყველა გამოცდა ერთად გვაქვს მომზადებული და ჩაბარებული; ფეხით გვაქვს მთელი თბილისის ბავშვთა საავადმყოფოები შემოვლილი. დათო ბიწაძე, უკარგესი, უთბილესი ადამიანი; შესანიშნავი, უღალატო მეგობარი; უნიჭიერესი ექიმი. როგორ წარმოვიდგენდი რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი.

 

ათი ათასი ადამიანი შეიწირა ამ უბოროტესმა ვირუსმა საქართველოში და კიდევ გრძელდება ათვლა…

 

როგორ არ ვიცოდი რომ კორონას ებრძოდი შენი მშობლიური ჭიათურის კლინიკაში… ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო. ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ. შეხვედრამდე მზის გადაღმა, “- წერს ზურაბ გურული.

 

ცნობისთვის, ექიმი-პედიატრი, „ჯეო-ჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრის კლინიკური და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბიწაძე 52 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X