fbpx
15:35 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერი სრულად განახლდება

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერი სრულად განახლდება

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება.

 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ზონა მოეწყობა, სადაც კაუჩუკის საფარზე კომბინირებული ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება LED სანათები და ყველა შესაბამისი ინვენტარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა ტრენაჟორებიც.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

 

„ეს ვაშლიჯვარში არსებული ყველაზე დიდი სკვერია. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორიით მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები მოწესრიგებულ და გალამაზებულ სივრცეში დაისვენებენ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება გამოყენებული. ტერიტორიაზე განთავსდება აუზი წყალ-მცენარეებით, რომელზეც საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება. პროექტის განხორციელებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 485 594 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაო“ ახორციელებს.

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time


X