fbpx
17:13 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

ვაშაძე სააკაშვილზე: ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა

ვაშაძე სააკაშვილზე: ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა

ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

 

„ეს არის ცრუ დილემა, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთიანად აერია თავგზა. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, მოიპოვოს მეტი მანდატი უბრალოდ იმით, რომ დაასუსტოს სხვა ოპოზიციური ძალები, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვა იმიტომ, რომ საქართველო არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის აკეთებს.

 

სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ებღაუჭებიან წარსულს და ამოცანა აქვთ, რომ წარსულის დიდებით მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში.

 

ჩვენი ამოცანა რადიკალურად განსხვავებულია, ჩვენი მიზანია დავამარცხოთ „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის პარტია, შევქმნათ კოალიციური მმართველობა და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. ამაშია განსხვავება ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

 

ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ასეთი მცდარი სტრატეგია აირჩიეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ისინი ასრულებენ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს და პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნა საჭირო არ გახდება.

 

ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები! – სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X