20:23 | 2020-03-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“უწმინდესმა თქვა, ემიგრანტები დაბრუნდებიანო და ეს პროცესი დაწყებულია” – დათო ევგენიძე

“უწმინდესმა თქვა, ემიგრანტები დაბრუნდებიანო და ეს პროცესი დაწყებულია” – დათო ევგენიძე

მუსიკოსი და პოეტი დათო ევგენიძე „პირველი არხის“ საგანმანათლებლო პროექტში, „ტელესკოლა“ მუსიკის მასწავლებლად მოგვევლინება.

 

მუსიკის გაკვეთილი ეთერში შაბათ-კვირას გავა და როგორც მუსიკოსი “პრაიმტაიმთან” ამბობს, სკოლის მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე ახსნის ჰარმონიასა და სოლფეჯიოს.

 

დათო ევგენიძე: – ისეთი გზა უნდა იპოვო, რომ ინფორმაცია მარტივი ენით მიაღებინო მოსწავლეს. იუმორით გაჯერებული იქნება ჩემი გაკვეთილი, იქვე დავუკრავ, მოვუყვები…

 

ასე რომ გაკვეთილი პერფომანსის სახით იქნება მიწოდებული. მშობლებიც და ბებიებიც დასხდებიან და მათთვისაც მოსასმენად სასიამოვნო იქნება ეს გაკვეთილები.

 

თეატრალურ სარდაფში ორი წლის მანძილზე თავისუფალ ლექციებს ვატარებდი ყოველ პარასკევს. აუდიტორია მყავდა 14-დან 70 წლამდე. ასე რომ ამის გამოცდილებაც მაქვს.

 

– დათო, რა დასკვნა გააკეთეთ შეცვლილ სამყაროზე?

 

– მივხვდი, რომ საქართველო მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრია. წინასწარმეტყველებები ჩვენს თვალწინ ხდება.

 

უწმინდესი ამბობდა, რომ ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიანო და ეს პროცესი დაწყებულია.

 

სამწუხაროდ, ეს ცუდი მიზეზი გახდა იმის დასაწყისი, რომ ემიგრანტები მართლა იწყებენ დაბრუნებას. ხალხი ქალაქებიდან სოფლებში მიდიან.

 

ეს ტენდენცია საქართველოს იმ რეალურ მდგომარეობაში აბრუნებს, როგორშიც უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს მაცხოვრებლებიც მოტრიალდებიან ჩვენკენ.

 

და სრულიად სამყაროსთვის ეს დიდი გამოწვევაა და მგონია, სამყარო უფრო დიდს, ეკოლოგიურ კატასროფას გადაურჩა. მანქანების და თვითმფრინავების გაჩერებამ ეკოლოგიურად ფანტასტიურად გაწმინდა სამყარო.

 

ადამიანი სამი რამისგან შედგება – კონტაქტი ღმერთთან, ბუნებასთან და ადამიანთან. ღმერთთან კარგა ხანია ადამიანს კონტაქტი გაწყვეტილი აქვს, უმცირესობას არ ვგულისხმობ.

 

ბუნებასთან ხომ საერთოდ გაწყვეტილი აქვს კავშირი, ბეტონის ჯუნგლებში ვცხოვრობთ. ადამიანი იყო დარჩენილი და ისიც ინტერნეტმა ისე ჩაანაცვლა, რომ აქაც წყდებოდა კავშირი. ახლა ფასეულობები დაბრუნდა. აბსოლუტურად ახალ სამყაროში გავიღვიძეთ. ეს ყველაფერი უკან აღარ შეიცვლება, ახალ სამყაროში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X