15:37 | 2021-03-01 ავტორი: Prime Time

რუსთავის საბავშვო ბაღების ოცდაორივე ფილიალში სააღმზრდელო პროცესი აღდგა

რუსთავის საბავშვო ბაღების ოცდაორივე ფილიალში სააღმზრდელო პროცესი აღდგა

დღეს რუსთავის საბავშვო ბაღების ოცდაორივე ფილიალში სააღმზრდელო პროცესი აღდგა. ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში მივიდნენ დღეს რუსთავის 34-ე ბაღის აღსაზრდელები. ქალაქის ამ უბანში, საბავშვო ბაღი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ექვსჯგუფიანი, 150 ბავშვზე გათვლილი ბაღის რეაბილიტაცია, 2020 წელს დაიწყო და პანდემიის გამო დაწესებული დისტანციური სწავლების პერიოდში დასრულდა.

 

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე კახა გურულთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის აღდგენას, ბაგა-ბაღების გაერთიანების რამოდენიმე ფილიალში, მათ შორის, ახლადრეაბილიტირებულ # 34 ბაღშიც გაეცნო.

 

,,1 მარტიდან შესაძლებლობა მოგვეცა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაგვეახლებინა. დღეს ვიმყოფებოდით N34 ბაღში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის დროს დასრულდა და ექსპლუატაციაში პრაქტიკულად დღეს შევიდა. ეს არის ექვსჯგუფიანი, 150 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღი. მე ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის ამ კონკრეტულ ერთეულში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაღის გახსნა, რადგან ფაქტობრივად არ არსებობდა. ქალაქის ყველა ბაღში კოვიდრეგულაციები მკაცრად არის გაწერილი, მუნიციპალიტეტის და ბაგა-ბაღების დონეზეც ხდება ყოველდღიური კონტროლი. რეგულაციების დაცვის საკითხი იქნება პრიორიტეტული, როგორც კვების, ასევე სხვა მიმართულებითაც. სწორედ რეგულაციების მკაცრად დაცვამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ბაგა-ბაღების დახურვა აღარ დაგვჭირდეს“,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

სასწავლო პროცესის განახლების წინ, რუსთავის ოცდაორივე ბაგა-ბაღის ყველა პედაგოგს, აღმზრდელსა და სხვა თანამშრომელს, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღავანელმა ეკატერინე ხუციშვილმა ჟურნალისტებტან საუბარში განაცხადა, ტესტირებული თანამშრომლებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ,,ისევე როგორც მთელ საქართველოში, დღეს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ოცდაორიივე ფილიალში აღდგა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ბაღები მზადაა ჩვენი პატარების მისაღებად, ყველა წესი და რეგულაცია გათვალისწინებულია და დაცული იქნება რა თქმა უნდა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ჩვენ არც ერთ მიზეზს არ ვტოვებთ იმისას, რომ ბავშვებს რაიმე საფრთხე შეექმნას. ბაგა-ბაღების გაერთიანების 692 თანამშრომელი დაიტესტა და არცერთი კოვიდდადებითი არ აღმოჩნდა. ყველა თანამშრომელი ჯანმრთელია და ჩვენს პატარებს განახლებული ბაღებით, განახლებული ინფრასტრუქტურით, ძალიან კარგად გადამზადებული აღმზრდელებით, მათი თანაშემწეებით და ძალიან სასიამოვნო გარემოთი დავხვდით“, – განაცხადა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა.

 

ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება კოვიდ ინფექციაზე, ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება.

 

 

 

(R)

ავტორი: Prime Time


X