19:56 | 2021-07-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

უნიკალური ექსპერიმენტი თუშეთში – ის რაც აქამდე არ მომხდარა…

უნიკალური ექსპერიმენტი თუშეთში – ის რაც აქამდე არ მომხდარა…

ასეთი რამ თუშეთის არსებობის მანძილზე ჯერ არ მომხდარა. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ის რეალობაა და ახლა, ამ საოცარი ისტორიის მოსასმენად მოემზადეთ.

 


ეს რომ ადრე ვინმეს თუშისთვის ეთქვა – არ დაიჯერებდა. ზღვის დონიდან 1840 მეტრზე, სოფელ შტროლთაში პირველად ამ კუთხის ისტორიაში, გასულ წელს ვენახი გაშენდა.

67 წლის მეღვინის, თემურ გოგოთიძის ექსპერიმენტს, თავიდან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, იყვნენ სკეპტიკოსებიც. თუმცა მეღვინის ოცნება რეალობად იქცა და ის ნამდვილი ვენახის მეპატრონე გახდა, იქ სუსხიან და ყინვიან თუშეთში.

 

ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე გაჩნდა კითხვა: როგორ გადაურჩება 30 გრადუსიან ყინვას ალექსანდროული, მუჟურეთული და კახური მწვანე და ეს მაშინ, როცა ვაზს მხოლოდ 18 გრადუსიანი ყინვის ატანა შეუძლია?! საბოლოოდ ისე მოხდა, როგორც თავად ამ იდეის და ექსპერიმენტის ავტორი ვარაუდობდა, ვაზი გადარჩა.

 

იმის გამო, რომ მთაში ვაზის დაავადება არ არის გავრცელებული, მის მეპატრონეს ვენახი ერთხელაც არ შეუწამლავს. მომავალ წელს, როცა პირველ მოსავალს დაწურავს, თამამად იტყვის, რომ მისი ღვთიური სითხე, ბიოღვინოა.

 

თუშეთში ვენახის გაშენებაზე ფიქრი დიდი ხნის წინ დაიწყო. თუში კაცის ოცნება, მამა-პაპისეულ მიწაზე დაბრუნება და საკუთარი პროფესიით თვითდასაქმებას გულისხმობდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო…

 

„პაპაჩემი მეცხვარე კაცი იყო. მთელი ბავშვობა სოფელ შტროლთაში მაქვს გატარაებული. თუში კაცი ვარ და მინდოდა ჩემი პროფესიით მამა-პაპისეულ მიწაზე დავფუძნებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი წელი თუშეთთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, მინდოდა უფრო ხშირად ბყოფილიყავი თუშეთში.  ბევრი წელი ვაკვირდებოდი აქაურ კლიმატს. ბოლო 6-7 წელია, რაც 5-6 გრადუსით მოიმატა ტემპერატურამ.

 

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ექსპერიმენტის სახით გამეშენებინა ვენახი სოფელ შტროლთაში გამეშენებინა. მთავარი საფიქრალი კი აქაურ კლიმატთან ვაზის შეგუება იყო.

 

იმის გამო, რომ ალექსანდროული და მუჟურეთული ვაზები რაჭული ჯიშია, მთასთან ადაპტირება უფრო გაუადვილდებოდა. კახური მწვანეც ვცადე, იქნებ გაუძლოს-მეთქი და გაამართლა. საერთო ჯამში 110 მეტრიანი 16 რიგია.“ – ამბობს თემურ გოგოთიძე.

 

ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახი მნახველს ყოველთვის აოცებს. იღებენ ფოტოებს და მის მეპატრონეს უამრავ კითხვას უსვამენ. თემურ გოგოთიძეც არ იღლება და თითოეულს დიდი მონდომებით უყვება.

„ხშირად მეკითხებიან, ზამთარს როგორ გაუძლოო. ვაზის ნერგები მიწით დავფარე და გაზაფხულზე გამოვაჩინე. მამაცურად გაუძლო ყინვას. ახლა, თითქმის ერთი მეტრის სიმაღლის გახდა და ამ ზამთარს მიწით დაფარვას აღარ ვაპირებ. სხვა ტექნოლოგიაა მოსაფიქრებელი და სწორედ ამაზე ვმსჯელობ კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად. ვეძებთ შესაფუთ მასალას.

 

ეს ვაზი მომავალ წელს პირველ მოსავალს მომცემს. ბევრი არ იქნება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ 300-400 კილოგრამ ყურძენს დავკრეფ. ეს იქნება ბიო პროდუქტი, რომელსაც კლასიკური ალექსანდროულის, მუჟურეთულისა და კახური მწვანის ტრადიციული ღვინოებისგან განსხვავებული გემოვნური თვისებები ექნება. არ ვაპირებ ღვინის ქვევრში დაყენებას, უფრო ევროპულად მოვამზადებ.

 

 

ხშირად მეუბნებიან, შენი სახელი და გვარი ისტორიაში ჩაიწერება როგორც თუშეთში ვაზის პირველი გამშენებელიო. ამაზე არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი ეს არაა, თუმცა სიამაყის გრძნობა მეუფლება, როცა ვენახს გავყურებ და ვფიქრობ, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ მამაჩემი და პაპაჩემი, ახლა ეს რომ ენახათ. მთავარი მიზანი შესრულებულია, მამა-პაპისეულ მიწაზე ჩემი პროფესიით დავფუძნდი.“ – ამბობს თემურ გოგოთიძე.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X

error: Content is protected !!