21:12 | 2021-04-15 ავტორი: თამარ ბუჩუკური

უკრაინა დიდი ომის მოლოდინში – ზელენსკის ამბიციური განაცხადი დაუმორჩილებელი რუსეთის მისამართით

უკრაინა დიდი ომის მოლოდინში – ზელენსკის ამბიციური განაცხადი დაუმორჩილებელი რუსეთის მისამართით

უკრაინა ახალი ომის ზღვარზე იმყოფება. ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება მნიშვნელოვნად დაიძაბა. გამყოფი ხაზის გასწვრივ უკრაინის ტერიტორია არაერთხელ დაიბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, გარდაცვლილთა შორის სამხედრო პირები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. რუსეთი თავის საჯარისო დანაყოფებს უკრაინის საზღვრებთან აკუმულირებს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, სამხედრო წვრთნები ტარდება…

 

დონბასში მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გახშირდა დაბომბვები და სროლები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხრიდან. 3 მარტს, ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ პრევენციის მიზნით, “მტრის საცეცხლე წერტილების ჩასახშობად” ცეცხლის გახსნის ნებართვა მიიღეს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, 26 მარტს, დაბომბვის შედეგად, ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ორი ​​დაშავდა.

 

3 აპრილს, უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზების გაზრდისა და დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა.

 

“ჩვენ პარტნიორებს – გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს ვაცნობეთ დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების გაძლიერების შესახებ. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი მოქმედება და რუსეთზე ზეწოლის განხორციელება შეაჩერებს სამხედრო დაძაბულობას”, – ნათქვამია გაეროში უკრაინის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

უკრაინის საზღვართან ჯარების გადაადგილების ამსახველი ვიდეო 4 აპრილს, საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team (CIT)-მა გამოაქვეყნა. მასალებში დაფარული სანომრე ნიშნებით რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ჩანს.

 

3 აპრილს, დონეცკის რეგიონში, გამყოფ ხაზთან ახლოს 5 წლის ბიჭი დაიღუპა – “რესპუბლიკის” ხელისუფლების განცხადებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მოხდა ეს შემზარავი შემთხვევა. ამის შესახებ რუსული მედია მყისიერად ალაპარაკდა.

ეუთოს დამკვირვებლებმა მხოლოდ 3 აპრილს 500-ზე მეტი აფეთქება დააფიქსირეს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელმა მხარემ გამოიყენა საბრძოლო მასალები.

 

ამის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტუაცია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

 

მიუხედავად მოსკოვის განმარტებისა, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო წვრთნები ტარდება – გასულ კვირას, 7 აპრილს, უკრაინაში საომარი მოქმედებების გაღრმავების საფრთხეზე ოფიციალურმა ვაშინგტონმა განცხადება გაავრცელა.

 

“სარწმუნო ცნობით, რუსული ჯარები გადაადგილდებიან უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში, რაც შეშფოთებას იწვევს.

 

აშშ შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ბოლოდროინდელი გამწვავებით და დაძაბულობის ესკალაციასა და ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების ფაქტებს ნატოს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს.” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

იმავე დღეს, 7 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიის “რუსეთის ტერიტორიაზე” გადაადგილდება იმ მიმართულებებით და იმ ფორმით, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს.

 

“ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამან მცირედი შეშფოთებაც არავის უნდა შეუქმნას. რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს მსოფლიოს არცერთი ქვეყნისთვის, მათ შორის უკრაინისთვის. მაგრამ ის ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარ უსაფრთხოებას”, – თქვა პესკოვმა.

 

იგივე დღე, 7 აპრილი უკრაინის საგარეო პოლიტიკისთვის საკმაოდ აქტიური იყო – თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა ვითარების დაძაბვაში კიევი დაადანაშაულა და დაემუქრა, რომ უკრაინის შეტევის შემთხვევაში, “რესპუბლიკის” სამხედროები მის ამჟამინდელ საზღვრებზე არ გაჩერდებიან.

 

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიდი ომი არ დაიწყოს, მაგრამ თუ უკრაინა გადადგამს ამ ნაბიჯს, მაშინ ვერავინ იტყვის, თუ სად გავჩერდებით ამ შემთხვევაში”, – აღნიშნა პუშილინმა.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გავრცელებული ინფორმაცია ზუსტად მიესადაგება რუსულ უცვლელ ხელწერას “რუსეთის მოქალაქეების დაცვის” კონტექსტში რუსეთის იძულებით ჩართვას საომარ მოქმედებებში. აი, მაგალითად – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი ემზადება ისეთი ქმედებებისთვის, რომლებმაც უნდა გამოიწვიოს სამხედრო პასუხი უკრაინის მხრიდან, შემდეგ კი ომში “რუსეთის მოქალაქეების დაცვის” საბაბით ჩაერთოს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის რუსეთის შეჭრას უპასუხოს. უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის შესაძლო შემოჭრა საკმაოდ რეალურია. ჩვენ ეს ვიცით – 2014 წლიდან ეს შესაძლოა ყოველ დღე განხორციელდეს. რუსეთი მზად არის, თუმცა ჩვენც ვართ მზად იმიტომ, რომ ეს ჩვენი მიწა და ჩვენი ტერიტორიაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროების გააქტიურებით დასავლეთის შეშინებას ცდილობს. განაცხადა ზელენსკიმ „თაიმთან“ ინტერვიუში.

 

„მათ სურთ, რომ ჩვენ გვეშინოდეს, რომ დასავლეთს რუსეთის ძალის, მისი ძალაუფლების ეშინოდეს. სურთ, ტემპერატურა აწიონ ისეთ დონეზე, რომ აჩვენონ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერაში ყოყმანობენ და სინამდვილეში ჩვენში პარტნიორს ვერ ხედავენ. ეს ერთგვარი გამოცდაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X