00:18 | 2020-05-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

უგულავამ საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ, ბიჭოო?! – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მოამბის“ ეთერში პოლიტპატიმრების თემაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ეს თემა დახურულია და ე.წ პოლიტპატიმრებზე ბევრი დრო იხარჯება.

 

„ბოკერიამ უგულავა აღიარა პოლიტპატიმრად, უგულავამ საკნიდან საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ ბიჭოო, იმან იქიდან დაუდასტურა, ყველა ერთად შეთანხმდა და ერთმანეთი ცნეს პოლიტპატიმრებად.

 

ეს არის კომედია, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი ტრაგიზმის ფორმას მიიღებს და ერთმანეთში დაიწყებენ იმის გარკვევას, ვინ პოლიტ არის და ვინ არაპოლიტ, ჩვენ საარჩევნო სისტემას შევცვლით, რადგან 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამისთვის „ქართული ოცნება“ ძალისხმევას არ დაიშურებს.

 

დანარჩენი უკვე არის პოლიტიკური სპეკულაციები და საბაბის ძებნა იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმებას როგორმე არ დაუჭირონ მხარი და ეს სხვას დააბრალონ.

 

დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა პატიმარს ისე ახსენებენ, რომ არც ერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს.

 

როდესაც ისინი მოლაპარაკებებიდან გამოსვლისთანავე ვიღაცის გათავისუფლებაზე საუბრობდნენ, იქვე, ჩვენი მომლაპარაკებლები ამბობდნენ, რომ ეს სიცრუე იყო. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, უნდა გავიხსენოთ, რა ტიპის ტყუილებზე წამსვლელი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, მოდელირებული რეალობები მრავალჯერ შესთავაზეს ჩვენს საზოგადოებას, როცა პასუხისმგებელი პირები იყვნენ და რაღაცის მართვაზე ჰქონდათ პრეტენზია.

 

სავარაუდოდ, ეს პოლიტიკოსები, უცხოელები, მაგრამ პოლიტიკოსები, უნდა მოვიაზროთ, რომ არიან ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა გულშემატკივრები. სხვა ახსნა ამას არ აქვს.

 

შესაბამისად, ალბათ, სჯობს, ჩვენ ჩვენი ძლივს და სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ერთგულები დავრჩეთ.

 

მთავრობას, პარლამენტს და მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ძალიან მწვავე განცდა იმისა, რომ ის პასუხს აგებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, წარმატებით მართავს პანდემიიდან გამომდინარე კრიზისს, პოლიტიკურ მოვლენებს მაღალი დონის პასუხისმგებლობით და მაღალი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარტიაში და უმრავლესობაში არსებობს ერთსულოვნება და სრული მზაობა, რომ საარჩევნო რეფორმის კონსტიტუციის ცვლილებებს კენჭი დადებითად ეყაროს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X