00:48 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

უჩვეულო სიმპტომი კოვიდპაციენტებში – რა იწვევს ე.წ. „კოვიდ თითებს”

უჩვეულო სიმპტომი კოვიდპაციენტებში – რა იწვევს  ე.წ. „კოვიდ თითებს”

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე, ექიმებმა ინფიცირებულთა ნაწილში უჩვეულო სიმპტომი შენიშნეს – პაციენტებს თითები ზუსტად ისე უწითლდებოდათ, როგორც მოყინვისას. ამიტომ მეცნიერებმა ამ მდგომარეობას ე.წ. „კოვიდ თითები“ უწოდეს.

 

თავდაპირველად დერმატოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეს ანთებით ან სისხლის შედედებით იყო განპირობებული, თანაც მსგავსი რამ სხვა ვირუსულ დაავადებებსაც ახასიათებთ, მაგალითად წითელას.

 

თუმცა, როგორც უახლესმა კვლევამ აჩვენა, კიდურებზე არსებული კანის სიწითლის მიზეზი სულ სხვა რამაა. British Journal of Dermatology გამოქვეყნებული ნაშრომში აღნიშნულია, რომ თითების ამგვარი დაზიანება პათოგენის მიმართ ორგანიზმის გადაჭარბებული იმუნური რეაქციის ბრალია, რა დროსაც სხეული საკუთარ ქსოვილს უტევს.

 

კოვიდ თითები
კოვიდ თითები

 

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა პარიზში მდებარე წმინდა ლუის სახელობის საავადმყოფოს დერმატოლოგიური განყოფილებიდან 50 პაციენტის მონაცემები მოიპოვეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში 2020 წლის აპრილში მოხვდნენ.

 

აღმოჩნდა, რომ მათ უმეტესობას ორგანიზმში დიდი რაოდენობით  ავტოანტისხეულები ჰქონდა, რომლებიც ქსოვილის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. ასევე, ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით, ზემოხსენებული პირების შემთხვევაში, პირველი ტიპის ინტერფერონის მაღალი აქტიურობა აღინიშნებოდა. ამ ცილებს პათოგენთან საბრძოლველად საჭირო გენები მოჰყავთ ფუნქციონირებაში, თუმცა მსგავს პროცესს, შესაძლოა, ვირუსების გარდა, სხეულის შემადგენელი უჯრედებიც შეეწიროს.

 

კოვიდ თითები
კოვიდ თითები

 

მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ კვლევის მონაწილეთა სისხლძარღვების შიდა საფარველი დაზიანებული იყო. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ  თითებზე მოწითალო-მოიისფრო ლაქების გაჩენაში წვლილი ამასაც მიუძღვოდეს.

 

მკვლევრების თქმით, „კოვიდ თითების“ სიმპტომი  ინფიცირებიდან 1-4 კვირაში ჩნდება. უმეტესწილად, სიწითლე სამედიცინო ჩარევის გარეშე ქრება. გართულების შემთხვევაში კი მკურნალობისთვის, შესაძლოა, სტეროიდული მედიკამენტები იყოს გამოყენებული.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X