fbpx
22:21 | 2020-11-27 ავტორი: Prime Time

უახლესი ანალიზები აჩვენებს, რომ სიმსუქნე ზრდის ინფიცირების შანსსაც – აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი

უახლესი ანალიზები აჩვენებს, რომ სიმსუქნე ზრდის ინფიცირების შანსსაც – აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი

COVID-19-ის პანდემიამ სიმსუქნის ეპიდემია კიდევ ერთხელ მოაქცია ყურადღების ცენტრში და წარმოაჩინა, რომ ჭარბწონიანობა არის დაავადება, რომელსაც არა მხოლოდ გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა აქვს, არამედ შეუძლია გამოიწვიოს მწვავე, კატასტროფული შედეგებიც.

 

სტატიას The Conversation-ის მიხედვით, პირველი არხი წერს. 

 

ახალი კვლევები და მონაცემები ადასტურებს ექიმების ეჭვს, რომ სიმსუქნე კორონავირუსს დიდ უპირატესობას ანიჭებს.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უახლესი მონაცემებით, სიმსუქნემ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობაზეც.

 

ვირჯინიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სისტემის ექიმი, სიმსუქნის სპეციალისტი კეიტ ვარნი ამ საკითხზე ვრცელ წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობაზე სიმსუქნის უარყოფითი გავლენა ახლა ისე დადასტურდა, როგორც არასდროს.

 

თავდაპირველად ექიმებს მიაჩნდათ, რომ სიმსუქნე COVID-19-ით მწვავე ავადობის რისკს ზრდიდა და არა ინფიცირებისას.

 

ახლა კი, უახლესი ანალიზები აჩვენებს, რომ სიმსუქნე ზრდის არა მხოლოდ COVID-19-ით მწვავე ავადობის რისკს, არამედ ინფიცირების შანსსაც.

 

2020 წლის მარტში, დაკვირვებითი კვლევები მიუთითებდა, რომ COVID-19-ის სიმწვავეს პაციენტებში ზრდიდა ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორებიც არის ჰიპერტენზია, დიაბეტი და კორონარული არტერიების დაავადებები.

 

თუმცა, 2020 წლის 1-ელ აპრილს, ჟურნალ Obesity-ის რედაქტორებმა პირველებმა შემოჰკრეს განგაშის ზარი იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ინფექციის უფრო მწვავე ეფექტების დამოუკიდებელი რისკფაქტორი იყო სიმსუქნეც.

 

გარდა ამისა, დაახლოებით 10 000 პაციენტზე ჩატარებულმა ორმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ის მქონე ჭარბწონიან პაციენტებში 21-45 დღეში სიკვდილის რისკი უფრი მაღალი იყო, ვიდრე სხეულის ნორმალური ინდექსის (BMI) მქონეებში.

 

2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სიმსუქნის უფრო მაღალი მაჩვენებელი შეიმჩნევა COVID-19-ის იმ პაციენტებში, რომლებიც კრიტიკულად ავად არიან და ინტუბაცია ესაჭიროებათ.

 

ამ და სხვა კვლევებიდან ცალსახად ნათელი ხდება, რომ ჭარბწონიანი ადამიანები მართლაც აშკარა საფრთხის წინაშე არიან.

 

შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ადგილი აქვს სიმსუქნის ეპიდემიისა და COVID-19-ის პანდემიის შეჯახებას. საინტერესოა, რატომ იწვევს სიმსუქნე COVID-19-ის ინფექციის უფრო გამწვავებას და გართულებას?

 

პასუხი ბევრია, მაგრამ დავიწყოთ სტრუქტურით.

 

ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი, რომელშიც ცხიმი ინახება, ჭარბწონიან პაციენტებში ქმნის მექანიკურ მოჭერილობას. ეს კი მათ სრულად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას უზღუდავს.

 

ჭარბწონიან ადამიანებში სუნთქვა საკმაოდ პრობლემურია. სიმსუქნე იწვევს ფილტვების შემზღუდველ დაავადებას და ზოგიერთ უფრო სერიოზულ შემთხვევებში კი იწვევს ჰიპოვენტილაციის პრობლემას, რაც ადამიანის სისხლში ჟანგბადის შეღწევას ზღუდავს.

 

სიმსუქნის დროს ორგანიზმში გროვდება ჭარბი რაოდენობის ცხიმი. მეცნიერებმა უკვე კარგად იციან, რომ ცხიმოვანი ქსოვილი საკმაოდ საზიანოა. შეიძლება ითქვას, რომ ცხიმოვანი ქსოვილი ენდოკრინული ორგანოს მსგავსად მოქმედებს. გამოყოფს მრავალ ჰორმონსა და მოლეკულას, რომლებიც ჭარბწონიან ადამიანებში ქრონიკული ანთების მდგომარეობას წარმოქმნის.

 

როდესაც ორგანიზმი დაბალი კლასის მუდმივი ანთების მდგომარეობაშია, გამოყოფს ციტოკინებს — ცილებს, რომლებიც ანთებას ებრძვიან. ისინი სხეულს მუდმივად ფხიზელს, ანთებულს და დაავადებასთან ბრძოლისთვის მზადყოფნაში ამყოფებენ. ეს ყველაფერი კარგია, როდესაც მათ გამოყოფას სხვა სისტემები და უჯრედები აკონტროლებს.

 

თუმცა, როცა ისინი ქრონიკულად გამოიყოფა, შეიძლება ბალანსი დაირღვეს, რამაც გამოიწვიოს სხეულის დაზიანება. წარმოიდგინეთ, პატარა, მაგრამ შემოსაზღვრული ტყის ხანძარი — სახიფათოა, მაგრამ მთელ წყეს არ წვავს.

 

COVID-19 სხეულში ციტოკინების კიდევ ერთ ხანძარს ანთებს. როდესაც ჭარბწონიან ადამიანს COVID-19 აქვს, ერთმანეთს უერთდება ციტოკინების ორი პატარა ხანძარი და წარმოქმნის ანთების მძვინვარე ხანძარს, რომელიც სხეულის ნორმალური მასის მქონე ადამიანებსაც კი უზიანებს ფილტვებს.

 

გარდა ამისა, მუდმივი ანთების მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ე. წ. ენდეტელიალური დისფუნქცია. ამ დროს სისხლძარღვები იკუმშება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას.

 

დიდი ოდენობით ცხიმოვანი ქსოვილის შემთხვევაში, სხეულში კიდევ უფრო ბევრია ACE-2, ფერმენტი, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი უჯრედში შედის. უახლესმა კვლევამ უკვე აჩვენა, რომ ჭარბ ცხიმოვან ქსოვილში ACE-2 უფრო მეტია, ვიდრე ფილტვის ქსოვილში.

 

ეს აღმოჩენა კიდევ უფრო აძლიერებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც სიმსუქნე დიდ როლს ასრულებს COVID-19-ის გართულებაში.

 

შესაბამისად, თეორიულად, თუ უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი გაქვთ, ვირუსს უფრო მეტი უჯრედის შებოჭვა და მათში შესვლა შეუძლია, რაც ორგანიზმში მეტი ვირუსის ჩატვირთვას და დიდხანს გაჩერებას იწვევს; შედეგად, ინფექცია შეიძლება უფრო მკაცრი იყოს და გამოჯანმრთელებასაც დიდი დრო დასჭირდეს.

 

ფერმენტი ACE-2 შეიძლება ეხმარებოდეს ანთებასთან წინააღმდეგობას, მაგრამ მეორე მხრივ, დიდად ეხმარება COVID-19-ს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X