fbpx
16:41 | 2020-06-15 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“თვის ბოლოს 600 ლარი მოუვიდა ანგარიში” – უცნობი ფაქტი რობიკო სტურუას ცხოვრებიდან

“თვის ბოლოს 600 ლარი მოუვიდა ანგარიში” – უცნობი ფაქტი რობიკო სტურუას ცხოვრებიდან

90-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებულ პერიოდად დარჩება. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ამ გაჭირვებამ არაერთი ადამიანი დაახლოვა.

 

ოპერის ვარსკვლავმა გიორგი ონიანმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებული საოპერო მომღერალია, „პრაიმ ტაიმს“ დიდი ქართველი რეჟისორის და ოპერის თეატრის ორკესტრის წევრის, გიორგი სტურუას შესახებ საინტერესო ისტორია უამბო.

 

– ბატონო გიორგი, როგორ დაუმეგობრდნენ გიორგი და რობიკო სტურუები ერთმანეთს?

 

– მგონი 1996 თუ 97 წელი იყო ..რობიკო სტურუა დგამდა „კარმენს“ ოპერის თეატრში და თვეზე მეტი მუშაობდა დადგმაზე.

 

იმ დროს დიეტაზე იყო და ყოველდღიურად შედიოდა, ოპერის გვერდზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში, სადაც ხაჭოს, ნადუღს და წყალს იღებდა და გამყიდველს ეუბნებოდა, სტურუაზე ჩაწერეო, თვის ბოლოს ერთად რომ გადაეხადა.

 

იმ დროს ორკესტრში მუშაობდა და ახლაც მუშაობს, არაჩვეულებრივი ადამიანი გიორგი სტურუა, რომელსაც მოლხენა და ქეიფი უყვარს.

 

ისიც შედიოდა იმ მაღაზიაში ყოველდღე და იღებდა არაყს, კონიაკს, ლუდს და ისიც ეუბნებოდა გამყიდველს სტურუაზე ჩაწერეო.

 

გამყიდველს კი ეგონა რობიკო სტურუაზე უნდა ჩაეწერა და წერდა რვეულში.

 

თვის ბოლოს, როდესაც ანგარიშსწორების დრო მოვიდა, შევიდა რობიკო მაღაზიაში ვალის გადასახდელად, ელოდებოდა 60-80 ლარი ექნებოდა გადასახდელი და გამყიდველმა უთხრა, 600 ლარი გაქვთ გადასახდელიო.

 

გადაირია რობიკო, რატომ არის ამდენი გადასახდელიო, რაზეც გამყიდველმა უპასუხა, ყოველდღე სასმელებს იღებდით და ამიტომ დაგიგროვდათ ამდენი ვალიო.

 

ერთი კონიაკიც არ მიყიდია რას ამბობო, გაუკვირდა რობიკოს…

 

მოგვიანებით გაირკვა რაც მოხდა და დიდსულოვნად გადაუხადა, რობიკომ მოგვარეს თანხა, შემდეგ გაიცნო და დაუმეგობრდა.

 

– როგორ იპოვა რობიკო სტურუამ გიორგი სტურუა?

 

– ხალხს დაავალა, მომიძებნეთ და მომიყვანეთ ვინ არისო. მას შემდეგ დამეგობრდნენ.

 

„პრაიმტაიმმა“ სცადა რობიკო სტურუასთან დაკავშირება, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ასევე დავუკავშირდით, ოპერის თეატრის ორკესტრის თანამშრომელს გიორგი სტურუას, თუმცა მან თქვა, რომ ისეთ გენიალურ ადამიანზე, როგორიც რობიკო სტურუაა, ვერ ისაუბრებს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X