16:51 | 2021-09-25 ავტორი: Prime Time

თუშეთიდან ხალხი სპეციალური ვერტმფრენის დახმარებით გამოჰყავთ

თუშეთიდან ხალხი სპეციალური ვერტმფრენის დახმარებით გამოჰყავთ

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს”, – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გუშინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.

 

“ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთნენ.

 

ორი ვერტმფრენის მიერ უკვე განხორციელდა ფრენები, რის შედეგადაც თუშეთიდან 50-მდე პირის, მათ შორის ტურისტების თელავში უსაფრთხოდ გადმოყვანა განხორციელდა”,- აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ განვითარდა, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია.

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!