08:15 | 2021-08-04 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„თურქული ბიზნესის დიდი პროცენტი ქართველების ხელშია, ბევრი მაღალჩინოსანია ქართველი“ – ინტერვიუ კაცთან, რომელიც თავს თურქეთელ ქართველს ეძახის

„თურქული ბიზნესის დიდი პროცენტი ქართველების ხელშია, ბევრი მაღალჩინოსანია ქართველი“ – ინტერვიუ კაცთან, რომელიც თავს თურქეთელ ქართველს ეძახის

ეუფ ფუზუნ, იგივე თემურ გრძელაძე თავის თავს თურქეთელ ქართველს ეძახის და ამბობს, რომ თურქი ქართველი ან და თურქი მესხი არ არის სწორი გამონათქვამი.

 


თემური დაიბადა ქალაქ ართვინში, ახლა კი ბურსაში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტია – ბუღალტერი. დაინტერესებულია ქართული ფოლკლორით. ორი შვილი ჰყავს და ორიც შვილიშვილი. სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს და ამაყობს, რომ ქართველია.

 

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა „სამშობლო“ და ყოველთვის საქართველო იგულისხმა.

 

 

– ქალაქ ბურსაში ანსამბლი მყავს, ქართული ცეკვები გვაქვს დადგმული. შარშან თელავში ვიყავით, კონცერტი ჩავატარეთ, წინა წელს ქობულეთშიც გვქონდა გასტროლები. ხალხი მოდის, გვეკითხება – თათრები ხართ? არ ვართ თათრები, ქართველები ვართ. ბევრი აქ მაცხოვრებელი მესხი ამბობს, თურქი ვარო, მაგრამ არ არიან თურქები და ეს არ იციან.

 

ლაზებიც ჩვენი ძმები არიან, მაგრამ არ ქართველობენ. ხან მეწყინება ხოლმე, ხანაც ვიცინი. ქართულად ლაპარაკი დაბადებიდან დავიწყე.

 

ოჯახში ქართულად ვლაპარაკობთ. 5 საუკუნის განმავლობაში შევინარჩუნეთ ქართული ენა. მართალია, წერა-კითხვა არ ვიცი ქართულად, მაგრამ თავისუფლად ვლაპარაკობ. თურქული სკოლაში მისვლის შემდეგ ვისწავლე. მამა გარდაიცვალა, მაგრამ დედა ახლაც ქართულად ლაპარაკობს და ჩვენს სოფელში ძირითადი ენა ქართულია.

 

მარტო ბურსაში 20 სოფელია, სადაც ქართულად ლაპარაკობენ. დედა რომანაძე მყავს, მამა – გრძელაძე. ჩვენს სოფელში ცხოვრობენ დუმბაძეები, მელიქიშვილები. შემორჩენილი გაქვს ქართული ტრადიციებიც.

 

სამზარეულო ქართული გვაქვს. ბებია კეცში ჭადს რომ აცხობდა, ზედ ჯვარს უკეთებდა ხოლმე, ხელით. ვკითხე, რატომ აკეთებ ჯვარს, შენ ხომ მუსლიმი ხარ-მეთქი? არ ვიცი, ასეთი ტრადიციააო.

 

 

როცა ოჯახში ქორწილია და პატარძალი მოჰყავთ, ნახშირით კართან ჯვრებს აკეთებენ. ესეც ძველი ტრადიციაა.

 

სახლში ვლაპარაკობდით ქართულად, მაგრამ არ ვიცოდი, ეს რა ენა იყო და არც ჩემი წარმოშობის შესახებ უთქვამთ მშობლებს რამე. რომ გავიზარდე, მერე დავინტერესდი, რა ენაზე ვლაპარაკობდი. გამოვიძიე და ჩემი ოჯახის ისტორიაც გავიგე.

 

 

ძალიან გული მწყდება, რომ ჩემი შვილები ქართულად ვერ ლაპარაკობენ, ეს ჩემი ბრალია. გოგო გათხოვილია, სიძე ლაზი მყავს, ბიჭი ჯერ უცოლოა, კარგად ფლობს ინგლისურს. მინდა, თბილისში ისწავლოს 1-2 წელი, რომ ქართული ისწავლოს. კი ესმის ენა, მაგრამ თვითონ ვერ ლაპარაკობს.

 

ძალიან მინდა, ჩემი შვილი თავის სამშობლოში დაფუძნდეს და მიეხმაროს თავის ქვეყანას. მოხარული ვიქნები, თუ ქართველ გოგონაზე დაქორწინდება, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. ხანდახან ღმერთს ვეხვეწები ხოლმე, რომ ქართველზე დაქორწინდეს.

 

 

საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ძალიან თბილად და კარგად მხვდებიან. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რომ რესტორანში გაუგონია ჩემი ქართული, მოსულა უცხო ადამიანი და უკითხავს – აჭარელი ხარო? – არა, თურქეთელი ქართველი ვარ-მეთქი, მითქვამს. თათარი ხარო? – არა-მეთქი. არ იციან ისტორია და იმიტომ ვერ იგებენ.

 

 

სხვათა შორის, მიშას დროს უფრო კარგი სიტუაცია იყო მაგ მხრივ, ჩვენ მიმართ უფრო ჰუმანურად იყო განწყობილი. ძალიან მწყინს, ჩემს სამშობლოში ლგბტ პრაიდები რომ ტარდება.

 

თურქეთში ბევრია განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი, ბურსაში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ბევრია ლგბტ თემის წარმომადგენელიც, მაგრამ მე არ მაინტერესებს, რაც უნდათ, ის გააკეთონ. ქართველებზე კი ძალიან მწყდება გული.

 

როცა რიონის ხეობაში მიტინგი იყო, ჩამოსვლა მინდოდა და მათ გვერდით ყოფნა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ ჩამოვედი. საქართველოსთვის ერთი ილია ჭავჭავაძე არ იყო საკმარისი, 3-4 ილია ჭავჭავაძე უნდა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. შოთა რუსთაველის ფესვებიდან ვარ და გული ძალიან შემტკივა.

 

სხვათა შორის, თურქეთში ქართველებმა დიდი წარმატებებს მიაღწიეს. ბურსას მერი ქართველია – ქოქოლაძეა. პარლამენტში 20 წევრი ქართველია, ერდოღანის დედაც ქართველია, ბათუმელი, მოგეხსენებათ. ბევრი გუბერნატორი, მოსამართლე, პოლიციის მაღალჩინოსანია ქართველი.

 

ქართველი ბიზნესმენებიც ბლომად არიან, ძირითადად – ლაზები. თურქული ბიზნესის დიდი პროცენტი ქართველების ხელშია. კულტურის მინისტრიც ქართველი გვყავდა. ერთხელ ქართულად ველაპარაკებოდი და მითხრა, – თემურ, ქართულად ნუ ვილაპარაკებთ, არ შეიძლებაო. ბურსაში ქართული უბნებიც კია და ყველამ იცის. სად ცხოვრობ? ქართველების უბანში? – გეკითხებიან.

 

სხვათა შორის, ფერეიდნელები ჩვენზე მაგრები არიან, იმათ უფრო აქვთ შემორჩენილი ქართული კულტურა და ადათ-წესები. უფრო მეტად ქართველობენ. უფრო მეტი გააკეთეს, თავისი ფესვების შენარჩუნებისთვის.

 

 

ჩვენ რელიგიური კულტურა ვერ შევინარჩუნეთ, ისინი კი მალულად, მაგრამ მაინც ასრულებენ მართლმადიდებლურ რიტუალებს.

2 საუკუნეა, ჩვენს ოჯახებში ქართველის მეტი, სხვა ეროვნების სიძე და რძალი არ შემოსულა – სისხლის აღევა არ მოგვიხდენია.  ჩვენ არ  ვართ თურქი მესხები და არც თურქი ქართველები. ჩვენ ვართ თურქეთელი ქართველები.

 

 

 

დიდი ხანია, ვცდილობ, ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ტაძრების აღდგენას. უამრავი ინსტანცია მოვიარე, როცა კულტურის მინისტრი ქართველი იყო, ისიც შევაწუხე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე ჯერ. მპირდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ.

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X

error: Content is protected !!