13:06 | 2020-03-16 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელებისათვის გადასახადის გადავადების საშეღავათო პირობები ამოქმედდა

ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელებისათვის გადასახადის გადავადების საშეღავათო პირობები ამოქმედდა

ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელებისთვის გადასახადის გადავადების საშეღავათო პირობები დღეიდან ამოქმედდა.

 

ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ელექტრონული ფორმით შესაბამისი განაცხადის წარდგენით იქნება შესაძლებელი.

 

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ, მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება ოთხი თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კერძოდ – განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.

 

შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

შემოსავლების სამსახური გადამხდელებს მოუწოდებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს,  ასევე, შესაძლებელია კონტაქტი შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მეილზე (info@rs.ge) ან სატელეფონო ცენტრის მომსახურებით (2 299 299) სარგებლობა.

 

ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებისთვის მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების პირველ ნოემბრამდე გადავადება მთავრობის მეირ წარდგენილი ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმის ნაწილია.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X