17:06 | 2020-05-26 ავტორი: თამთა თორდია

ტურიზმი პარალიზებულია! – აისახება თუ არა ეს საზღვაო სეზონის ფასებზე

ტურიზმი პარალიზებულია! – აისახება თუ არა ეს საზღვაო სეზონის ფასებზე

პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ტურიზმის ინდუსტრიის პარალიზება გამოიწვია.

 

ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს შეფასებით, დარგის დანაკარგი მინიმუმ $22 მილიარდი იქნება.

 

საქართველო 15 ივნისიდან ხსნის შიდა ტურიზმს, ხოლო 1 ივლისიდან აპირებს უცხოელი ტურისტების მიღებას.

როგორ ემზადება აჭარა პოსტპანდემიური ტურიზმისთვის - თემის დეტალური განხილვა
2020-05-15როგორ ემზადება აჭარა პოსტპანდემიური ტურიზმისთვის - თემის დეტალური განხილვა

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ რა ეღირება წელს საქართველოს კურორტებზე დასვენება, კერძოდ კი ზღვაზე.

 

როგორც ჩვენთან საუბარში ბათუმის სასტუმრო „ორბის“ ერთ-ერთი გამქირავებელი ამბობს, ფასი სეზონის მიხედვით იმატებს, თუმცა ამ ეტაპზე ფასები მომატებული არ არის.

 

„ფასები იმატებს სეზონის მიხედვით, ზაფხულში რა თქმა უნდა მაღალი ფასებია ჩვენს სასტუმროში, ახლა ძალიან შემცირებულია კლიენტები და საერთოდ ვერ ვაქირავებთ. თუ კლიენტების რაოდენობა ზღვის სეზონის დროს მოიმატებს შესაბამისად ფასიც მოიმატებს.

 

შარშან ჩვენ 150 ლარად ვაქირავებდით ერთ ღამეს.

 

წელს ვნახოთ რა იქნება, წინასწარ ფასსაც ვერ გეუბნებით. ეს ყველაფერი პანდემიამ გამოიწვია, ძალიან ცუდი დრო არის“, – ამბობს ჩვენთან საუბარში სასტუმრო „ორბის“ ერთ-ერთი გამქირავებელი.

 

ერთ-ერთი ბინის მეპატრონე ამბობს, რომ ჯერ ისევ იგივე ფასად აქირავებს ბინას ზღვის ხედით, 100 ლარად, თუმცა თუ ტურისტები ჩამოვლენ შესაძლებელია ფასებმა მოიმატონ.

 

„ახლა იგივე ფასად ვაქირავებ ბინას 100 ლარად.

 

ამ ეტაპზე ვერანაირ თანხას ვერ მოვამატებ, რადგან მსურველიც არაა, ვნახოთ რა იქნება“, – ამბობს მეპატრონე.

 

როგორ აისახა კორონავირუსი საქართველოს ტურიზმზე, რა ტემპებით აღდგება ტურიზმი, ამ საკითხზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე ამბობს, რომ ტურიზმი იყო და არის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.

 

ქვეყნის ბიუჯეტში 2019 წელს მხოლოდ ტურიზმიდან გვქონდა $3.3 მილიარდი შემოსავალი, მშპ-ში 11.5% წილი სწორედ ტურიზმს ეკუთვნის.

 

მისი თქმით, ტურიზმის ამოქმედება ქვეყანას კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს.

 

„ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ყველა საჭირო სტანდარტისა და რეკომენდაციის დანერგვისა და საზღვრების გახსნის შემდეგ ბათუმი, აჭარა იქნება პირველი  უსაფრთხო ტურისტული მიმართულება, რომელიც ტურისტებს მიიღებს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე იმ ქვეყნებიდან, სადაც წლების განმავლობაში აქტიურად ვახდენდით ჩვენი რესურსებისა და პოტენციალის პოპულარიზაციას“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ მიხეილ კოპლატაძე .

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X