22:47 | 2020-05-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive: თუ უფროს ბავშვებს ვერ უზრუნველყოფენ, ამ პატარას როგორღა გაზრდიან? – რატომ „წაართვეს“ ჩვილი მარიამ გეთიაშვილს

Exclusive: თუ უფროს ბავშვებს ვერ უზრუნველყოფენ, ამ პატარას როგორღა გაზრდიან? – რატომ „წაართვეს“ ჩვილი მარიამ გეთიაშვილს

დღეს, „ევექსის“ ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ სკანდალზე – დედა სოციალური მუშაკების მიერ კლინიკიდან გაყვანილ ბავშვზე დაობს. ამ ისტორიაზე  ექსკლუზიურად „პრაიმტაიმისთვის“ შემთხვევის დეტალები გახდა ცნობილი.

 

როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, მარიამ გეთიაშვილსა და მის მეუღლეს კიდევ ორი უფროსი შვილი ჰყავს, რომლებსაც ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებენ. ჩვილიც სავარაუდოდ, ან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი აღმოჩნდებოდა, ან დედ-მამა მის საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს, რადგან მათ ბავშვების გამოკვების შესაძლებლობა არ აქვთ.

 

„ყოველდღე ვხედავთ, მარიამ გეთიაშვილის ორ არასრულწლოვან შვილს, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ. ხშირად, მარიამის მეუღლეც კეთილ ხალხს დახმარებას სთხოვს. მუშაობს კიდეც, მაგრამ უბანში ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ოჯახია. თუ უფროს ბავშვებს ვერ უზრუნველყოფენ, ამ პატარას როგორღა გაზრდიან? ან მასაც ქუჩაში ატარებენ მოწყალების სათხოვნელად, ან მინიმუმ ვერ მოუვლიან.

 

ყველა ბავშვს ელემენტარული პირობები მაინც სჭირდება. მათაც ისევე უნდათ ყველაფერი, როგორც სხვის შვილებს. სოციალურ მუშაკებს ხშირად ვხედავდით მათ ოჯახში ბოლო კვირები.“ – ამბობს წყარო.

 

„პრაიმტაიმი“ მომხდარზე სასაუბროდ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, სოციალურმა მუშაკებმა ოჯახის ხანგრძლივი და ღრმა შესწავლის შედეგად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვილი ბიოლოგიური მშობლებისგან წაეყვანათ. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო, აცხადებს მერი მაღლაფერიძე.

 

„კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ მაქვს და შესაბამისად, დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა. დედა ინფორმირებული იყო, ბავშვის გაყვანისა და შემდეგ დაბრუნების ანუ რეინტეგრაციის პროცედურების შესახებ.

 

ასევე, მშობლები დარეგისტრირდებიან მნახველ და გამყვან პირებად, ამის შემდეგ, მათ ინტენსიური ურთიერთობა ექნებათ ბავშვთან. პროცედურა ასეთია და მოკლე ვადა სჭირდება. მოხდება განხილვა და თუ კომპეტენტური პირები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება მშობლებისთვის ამ უფლების მინიჭება, რა თქმა უნდა, მარიამ გეთიაშვილიც ამ უფლებას გამოიყენებს.

 

თებერვლის თვიდან ამ ოჯახის შესწავლა მიმდინარეობდა. სოციალურმა მუშაკებმა ბავშვის  საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს მისი ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანის გადაწყვეტილება.

 

ახლა, ჩვილი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაშია. ოჯახური ტიპის დაწესებულებაა და თავს კარგად გრძნობს. მეტს ვერაფერს გეტყვით. სოციალურ მუშაკებს უწევთ მტკივნეული, მაგრამ საჭირო ზომების მიღება, მაგრამ ამოსავალი წერტილი როცა ბავშვის, რა თქმა უნდა, მისი ინტერესები პრიორიტეტულია.

 

ჩვენი მიზანი ბავშვების გაყვანა არ არის, ჩვენი მიზანი გაძლიერებულ ოჯახში მშობლებთან მათი დაბრუნებაა. თავად ოჯახი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ პირობების გაუმჯობესებაში სოციალურ მუშაკებთან ალიანსში იმუშაონ. როგორც კი, ელემენტარული პირობები შეიქმნება თითოეულ ასეთ ოჯახს თავისი შვილი დაუბრუნდება.“ – ამბობს მერი მაღლაფერიძე.

 

შეგახსენებთ, დღეს, რეფერალურ ჰოსპიტალში მარიამ გეთიაშვილი შეჭრას ცდილობდა. ის კლინიკიდან გაწერილი და სოციალური მუშაკების მიერ გაყვანილი ჩვილის დაბრუნებას ითხოვს.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X