fbpx
20:10 | 2020-10-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თუ თქვენს პირველკლასელ შვილს ტემპერატურამ აუწია, ეს სულაც არ ნიშნავს Covid-19-ს – ფსიქოლოგის 4 რჩევა მშობლებს

თუ თქვენს პირველკლასელ შვილს ტემპერატურამ აუწია, ეს სულაც არ ნიშნავს Covid-19-ს – ფსიქოლოგის 4 რჩევა მშობლებს

წელს პირველკლასელებისთვის სწავლა იმაზე უჩვეულოდ დაიწყო, ვიდრე ეს კორონამდელ სამყაროში შეიძლებოდა მომხდარიყო. მოლოდინი დიდი ჰქონდათ, რადგან პატარებს ბაღში სიარულიც არ დასცალდათ და პანდემიის პრევენციის მიზნით, სახლებში გამოკეტვა მოუხდათ.

 

ბუნებრივია, ჩაკეტვიდან სოციალიზაციამდე პერიოდს დიდი ღელვა და სტრესი ახლავს თან.

 

როგორ გავუმარტივოთ ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუება, როგორ მოვამზადოთ შვილი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის და რა ცვლილებები მიმდინარეობს ბავშვის ემოციურ სამყაროში – ამაზე „პრაიმტაიმთან“ ბავშვთა ფსიქოლოგი, ირმა ფეიქრიშვილი საუბრობს:

 

ირმა ფეიქრიშვილი: „გუშინდელი დღე განსაკუთრებით ემოციური იყო. ბავშვებისთვის სწავლის დაწყება ერთგვარი სტრესია.

 

ამხელა პანდემიის, თვითიზოლაციის შემდეგ, ბავშვები სოციუმში კონტაქტს გადაეჩვივნენ. ამ პერიოდმა მშობელსა და ბავშვებს შორის ძალიან დიდი მიჯაჭვულობა გამოიწვია – ისინი მშობლებზე სრულიად დამოკიდებულები გახდნენ. პატარებს გარეთ გასვლის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, შესაბამისად, მშობლები იძულებულები იყვნენ, ბავშვები ახლო კონტაქტით დაემშვიდებინათ და ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიზარდა. ადამიანს ამისთვის 2-3 თვე სჭირდება, წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი იყვნენ იზოლაციაში.

 

მშობლები შვილებს სკოლისთვის, ბაღისთვის ამზადებდნენ, ბავშვები ძალიან პოზიტიურად იყვნენ განწყობილები, თუმცა, იქ ერთგვარი იმედგაცრუებაც დახვდათ – მოგეხსენებათ, სწავლა ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე დაიწყო, საჭიროა დისტანცირება, ახლო კონტაქტი არ შეიძლება, როდესაც სწორედ ამ დროის სჭირდება ბავშვს მოფერება, ჩახუტება, პედაგოგს ამის საშუალება არ აქვს, რადგან აკრძალულია. ამ ყველაფერმა ბავშვებისთვის სტრესული ფონი შექმნა.

 

სწორედ ამიტომ, მშობლებს ვურჩევ: 

 

ყოველ საღამოს ბავშვი მეორე დილისთვის მოვამზადოთ;

 

ვესაუბროთ პოზიტიურ კონტექსტში, არ ვუთხრათ, რომ ხვალ არ იტირებ, არ ინერვიულებ, პირიქით – ვუთხრათ, რომ ხვალ ძალიან კარგი დღე გექნება, მხიარულად გაატარებ დღეს, ძალიან ხალისიანი იქნება, მერე რა, რომ მე შენთან ერთად არ ვიქნები, სხვები იქნებიან.

 

ამ სტრესებს მშობლების არასწორი მიდგომა იწვევს. ბავშვებს სამყაროს ფერადად უხატავენ და სიძნელეებს არ აჩვენებენ.

თავად მშობლები ნუ იქნებიან ემოციურად განწყობილები;

ძალიან ხშირად მათი ემოცია ბავშვის ემოციაზე ზემოქმედებს. ამძაფრებს. რთულდება ემოციური ფონი. მათ ცრემლებსაც მშვიდად შევხვდეთ, ჩვენი თანადგომა ვაჩვენოთ და ახსნა არ დაგვეზაროს.

ბავშვები საერთო სტრესულ სიტუაციებს უნდა შეეგუონ და აქედან გამოსავალი იპოვონ;

მშობლებს ვთხოვოთ, რომ ბავშვებს ემოციების სახელდება ასწავლონ. ბავშვი უნდა მიხვდეს, რატომ ტირის.

 

ტირის, იმიტომ რომ მას ეშინია.ეშინია, რომ უცხო გარემოში დედა დატოვებს და აღარ მივა. ქრონიკული იყო, რომ დედა სულ მასთან იყო, ამას ნელ-ნელა უნდა შევაგუოთ, რომ სხვა სოციუმიც მისაღებია და მისთვის ეს მნიშვნელოვანია.

 

თუ ბავშვი ამბობს, რომ ეშინია, ის აცნობიერებს რატომ ტირის და რა არის იმ წუთში მისი პრობლემა, შემდეგ ამას ძლევს.

ხატვის საშუალებით ემოცია დავახარჯინოთ;

ბავშვები სკოლიდან სახლში რომ დაბრუნდებიან, შეეცადეთ, შესთავაზოთ სახატავი მასალა, დაახატინეთ ემოციები, მოახდინეთ მათი ემოციების მატერიალიზაცია. მაგალითად, ასე ვიტირე, ეს მომეწონა, ის არ მომეწონა. ამისი საშუალებით ბავშვი თავის მდგომარეობას და ემოციას რეალურად აცნობიერებს და ემოციების მართვას იწყებს.

 

თუ შესაძლებელია, სკოლიდან გამოსული ბავშვი ცოტა ხანს ჰაერზე ვასეირნოთ. საკლასო ოთახში მსხდომ ბავშვებს ენერგიის შეკავება უჭირთ, იღლებიან და ამ ენერგიის გამოფრქვევის საშუალება უნდა მივცეთ.

 

საღამოს ძილის წინა პერიოდი ბავშვებს მშვიდი უნდა ჰქონდეთ. მივცეთ ხატვის და ძერწვის შესაძლებლობა. კინეტიკური სილით ითამაშონ. ეს არა ემოციებისგან გათავისუფლების მიზნით, არამედ მეორე დღის დაგეგმვის და სასიამოვნო მოგონებების გამო გავაკეთებინოთ.

 

რაც ყველაზე მთავარია, ცოტა ხანს მოთმინება და ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება ამ ურთულესი პერიოდის გადასატანად!

 

ნახეთ პატარების ემოციები, საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარების შემდეგ

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X