fbpx
10:59 | 2020-07-05 ავტორი: თამარ გონგაძე

„თუ რამე გამიჭირდება, ამ ხატთან მისვლა მახვედრებს, რომ განსაცდელი გაივლის” – გიორგი დარჩიაშვილი ხატის ისტორიით

„თუ რამე გამიჭირდება, ამ ხატთან მისვლა მახვედრებს, რომ განსაცდელი გაივლის” – გიორგი დარჩიაშვილი ხატის ისტორიით

მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი ოც წელზე მეტია ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ბოლო ოთხი წელია „ბევერლი ჰილზზე” საიუველირო ფაბრიკისა და მაღაზიის დაცვის უფროსია. როგორც ამბობს, სხვა შტატებთან შედარებით, კორონავირუსმა ყველაზე ნაკლები ზიანი კალიფორნიის შტატს მიაყენა. ფიქრობს, რომ ქართველების იმ თაობას, რომელსაც საბჭოთა პერიოდის მედიცინით ასაკობრივ აცრებს უკეთებდნენ, უშველა და ვირუსი მედგრად გადაიტანეს. ამბობს, რომ ინტენსიურად ვარჯიშობს, დარბის.

 

„ლიმონს ყოველდღე ვჭამ ქერქიანად, ექვსი წელია ქამა სოკოს უმი სახით ვიღებ. 200 გრამს დღეჩაგდებით მივირთმევ” – იმუნიტეტის გამაძლიერებლად ამ პროდუქტებს ასახელებს.

 

ამბობს, რომ დაცვის სამსახურმა თავისუფალი დრო აჩუქა, დრომ კი – ლექსები. პანდემიისას, როცა საიუველირო ფაბრიკა დაკეტილი იყო, მუზებს დრო დაუთმო და 400-მდე ლექსი და რამდენიმე სცენარი დაწერა.

 

 

„უბრალოდ მწამს და არ მეშინიან, იმ ქვეყნიდან ვარ ლომებს რომ ზრდიან,
დააბიჯებენ მიწაზედ მყარად და ეძახიან ქართველებს ,,მუჭას,,!

არ მეშინიან ვიცი რომ ბედად დაგვბედებია ოდიდგან ყველგან
მოფანტულები ვართ დედა მიწას და ყველგან მაცხოვრისა გვწამს,

არ მეშინიან მე ქართველობის! მე მეშინიან უკვალოდ წასვლა
სადაც არ ვიყო მინდა დავტოვო კეთილი გული მებრძოლი სულით,

არ ეშინოდათ იმ მამლუქებსაც მონობიდან რომ ბეგებად იქცნენ,
თავზარსა სცემდნენ ეგვიპტეს მტერსა და სიკვდილის დროს ნენას ეძახდნენ,

არ ეშინოდათ, არ ეშინოდათ! ძალიან წყუროდათ, თანაც შიოდათ,
პურს არ ითხოვდნენ და არცა წყალსა, „ბეგებს!” სამშობლოს ნახვა წყუროდად…”

 

რისი კურთხევა მისცა გარდაცვალებამდე ინდური კინოს ლეგენდას უწმინდესმა
2020-04-30რისი კურთხევა მისცა გარდაცვალებამდე ინდური კინოს ლეგენდას უწმინდესმა

 

გიორგი დარჩიაშვილი: – სამშობლო, სარწმუნოება, სიყვარული, ყველაფერზე ვწერ. ვწერ ილიას, ვაჟას, აკაკის გავლენით. ზოგჯერ დღეში ხუთ ლექსსაც კი.

 

ბოლოს სამშობლოში ოთხი წლის წინ იყო. მას შემდეგ დედა ცოცხალი აღარ უნახავს. ვერც ერთი მშობელი უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილა. ადვილი არ არის ემიგრაციაში ამ დარდით იცხოვრო…
სამშობლოში ჩამოსვლისას ლექსების კრებულის გამოცემაც გეგმაში აქვს და ფილმის გადაღებაც.

 

გიორგი: – ჩემი სცენარით ფილმი უნდა გადავიღო, პირველად. მე ისეთ ძლიერ რეჟისორთან მომიწია თანამშრომლობა, როგორიცაა ვლადიმირ მოტილი. მის სტილში მინდა ვიმუშაო.

 

ფილმი იქნება 1917-20 წლებზე, კონკრეტულად ერთ ნივთზე, რომელიც სამი საუკუნეა დაკარგული იყო და ხუთი წელია, რაც გამოჩნდა… ვაჩვენებ, როგორ შეიცვალა ერი აზროვნებით, ხსნა – სარწმუნოებაშია. ფინალში მსოფლიო ტკივილი ჩავდე… მოკლედ, მივხვდი, რომ მე უნდა გადავიღო.

 

Giorgi Darchiashvili-ს ფოტო.

 

მსახიობს ნათამაშევი აქვს ახმეტელის, კოსტავას სახელობის და სამეფო უბნის თეატრების სცენაზე. გადაღებულია ბოლივუდურ ფილმშიც. რაჯ კაპურის ძმის, შაში კაპურის მიწვევით მათმა ბიძაშვილმა, კუნალ კაპურმა გადაიღო ფილმში “შავი პრინცი აჯუბა”, გიორგის კი პრინცის როლი ათამაშა, სადაც პარტნიორობას უწევს რიში კაპური (მას ვიცნობთ ფილმიდან “ბობი”). შემდეგ ისლამ კაზიევმა “შამილში”, ერთ-ერთ მთავარ როლში დააკავა, გენადი ვასილევმა კი “ბაღდადელი ქურდის დაბრუნებაში” მისცა როლი.

 

Giorgi Darchiashvili-ს ფოტო.

 

 

ფილმში „დავრჩეთ, სანამ კარგები ვართ” გადაიღო ვლადიმერი მოტილმა.

 

„ბაგრატ ტიაბშის როლი მათამაშა. ეს ისეთივე გმირია, როგორც „დათა თუთაშხია.” ფილმი 1991 წელს დასრულდა, 92-ში კი ომი დაიწყო. ფილმი თაროზე შემოიდო. მისი პრემიერა კი შვიდი წლის შემდეგ, ვაშინგტონში შედგა. რეჟისორმა მითხრა, ჩვენებას უნდა დაესწროო. 1999 წელს ცოტა ხნით წავედი და დღესაც ამერიკიდან გესაუბრებით. მოვიგე მწვანე ბარათი და ვცხოვრობ ლოს-ანჯელესში. ოჯახი საქართველოში მყავს” – აცხადებს გიორგი.

 

Giorgi Darchiashvili-ს ფოტო.

 

ხატის ისტორია

გიორგი დარჩიაშვილი იხსენებს ისტორიას, თუ როგორ როგორ აღმოჩნდა მასთან მეჩვიდმეტე საუკუნის ღვთისმშობლის ხატი და სიზმრის შემდეგ სად დააბრძანა ეს ხატი.

 

გიორგი: – ვიყავი ფილმის „წიგნი ფიცისა“ გადაღებაზე. შესვენება მოგვცეს და შვილის სანახავად ყაზბეგიდან გომბორში წავედი. მითხრეს, გზად, ერთ ადგილას, მივარდნილი, ძველი საყდარიაო. ტაძრებზე ახალგაზრდობიდან სულ სხვა დამოკიდებულება მაქვს…

 

შევედი ამ ძველ საყდარში და მოხუცი კაცი იჯდა და რაღაცებს ალაგებდა. ინტერიერი საწყობს გავდა, მტვერდადებული ხატები კი – წიგნებს. შეიძლება ავიღო-მეთქი? ვიკითხე ხატზე. მე აგირჩევ ჩემი ხელითო, ამ ღრმად მოხუცებულმა კაცმა მითხრა და ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა. ჩემი ხელით გავასუფთავე, გავწმინდე.

 

2020-07-02"როგორც იქნა, ოთხთვიანი ჩაკეტილი წრე გაიხსნა" - სპექტაკლების სათამაშოდ ახალი სივრცე გამოჩნდა

 

ზუსტად ათი წელი მქონდა სახლში ეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი (მეჩვიდმეტე საუკუნის). სანამ რეჟისორი ვლადიმიტ მოტილი გადამიღებდა, ვინერვიულე და… ეს ხატი დამესიზმრა. ეკლესიაში სინათლე გამოჩნდა და თვალი რომ შუქს გავაყოლე, თურმე ეს ხატი ანათებდა. ხმა მომესმა ისეთ ეკლესიაში წაიღე, სადაც წმინდა ხატი არ დაკიდებულა, ეს ტაძარი შემაღლებულ ადგილას იქნებაო.

 

მეტეხის ტაძარი, სადაც მანამდე თეატრი ფუნქციონირებდა, იმხანად ახალი ამოქმედებული იყო და ძალიან გამიხარდა. მეტეხი ხომ შემაღლებულ ადგილას არის. შევიტანე ხატი და დავკიდე. თუ რამე გამიჭირდება, ამ ხატთან მისვლა მახვედრებს, რომ განსაცდელი გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება.

 

ლოცვით ყოველდღე ვლოცულობ, დიდ ძალას ვხედავ. როცა უფლის პატარა ნაწილიც არის შენში, არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ჩემთვის ისე ჩაიარა პანდემიის პერიოდმა, თითქოს არაფერი… როცა გულით ლოცულობ, უფალი ისმენს და გვერდით გიდგას.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X