fbpx
18:01 | 2021-01-15 ავტორი: Prime Time

„თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით“ – მიშა რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ბაჩალიაშვილის ახალი მიმოწერა გადასცა

„თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით“ – მიშა რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ბაჩალიაშვილის ახალი მიმოწერა გადასცა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

 

მისივე თქმით, მან საჩივარს „სქრინიც“ დაურთო, რომლითაც, მისი აზრით, დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.

 

„გავასაჩივრეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქმეზე გამოძიება შეწყდა, ასევე გავასაჩივრეთ დაგდენილება, რომლითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.

 

პროკურატურაში მივიტანეთ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის „სქრინი“, სადაც ის მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს“, – ამას წერს ის მეგობარს. კიდევ ბევრი „სქრინი“ არსებობს, რაც გამოძიებას მივაწოდე, იმოქმედოს ახლა გამოძიებამ და ყველაფერი დაადგინოს,“ – განაცხადა რამიშვილმა.

 

18 დეკემბერს, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

 

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს, ხოლო მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.

ავტორი: Prime Time
X