20:53 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

თუ ქვეყანას ასე სჭირდება, გავჩერდებით – შემთხვევა, როცა აკრძალვას არ აპროტესტებენ

თუ ქვეყანას ასე სჭირდება, გავჩერდებით – შემთხვევა, როცა აკრძალვას არ აპროტესტებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ხვალიდან თბილისში სამარშუტო ტაქსები აიკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

რეგიონების ავტოსადგურების ნაწილმა უკვე მიიღო მითითება სამარშუტო ტაქსების აკრძალვის შესახებ. „პრაიმტაიმი“ რამდენიმე ავტოსადგურის წარმომადგენელს და მძღოლს დაუკავშირდა.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს – ამის შესახებ შპს „ჯეოტივის“ დირექტორმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, არ შეზღუდულა საქალაქთაშორისო და არც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. მისი თქმით, ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება.

 

„ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, მეც ამ წუთას თბილისიდან ახალციხეში ვბრუნდები. დაწესებული არ არის ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან შეჩერება. თუ მოქალაქეები დაიცავენ ჰიგიენურ პირობებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეზღუდვის არანაირ საჭიროებას არ ვხედავ“ – აცხადებს ნუგზარ მამუკაშვილი.

 

კახეთის ავტოსადგურებმა მითითება სამარშუტო ტაქსების აკრძალვის შესახებ, უკვე მიიღეს. თელავის ცენტრალური ავტოსადგურის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ხვალიდან, სოფლების მიმართულებით, სამარშუტო ტაქსები, მგზავრებს აღარ გადაიყვანენ.

 

ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსის მძღოლის, ზაზა ფექრიშვილის განმარტებით, ბოლო დღეებში მგზავრების ნაკლებობა იყო.

„უკვე გვითხრეს, რომ ვეღარ ვიმოძრავებთ. ბოლო ორი დღეა, მგზავრები ცოტა იყო. ხალხმა პროდუქტი იყიდა და სახლშია. ეს კარგი არ არის, მაგრამ რა ვქნათ“, – თქვა ფეიქრიშვილმა.

 

სამარშუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა თბილისის მიმართულებითაც. ავტოსადგურის წარმომადგენელებმაპრაიმტაიმთან განაცხადეს, რომ მოძრაობას მხოლოდ დღევანდელი მარშრუტები დაასრულებენ.

 

„ამ წუთში გაგვაფრთხილეს. ხვალიდან ვერცერთი ვეღარ იმოძრავებს მხოლოდ დღევანდელი სამარშუტოები დაასრულებენ“, – განაცხადეს ავტოსადგურში.

თელავიდან თბილისის მიმართულებით, დღის განმავლობაში 20 მარშრუტი სრულდებოდა.

 

გორში, სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების შესახებ, დავალება ოფიციალურად არ მიუღიათ. ამის შესახებ სამგზავრო გადაზიდვების კომპანიისა და ავტოსადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა „პრაიმტაიმს“ განუცხადეს.

 

„ჩვენ ისეთ სადეზინფექციო საშუალებებს ვიყენებთ, დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს. ჯერჯერობით, მოძრაობის შეწყვეტის შესახებ დავალება არ მიგვიღია. ყოველ საღამოს მიკროავტობუსებს დეზინფექციას ვუტარებთ. ხვალაც ასე გავაგრძელებთ.” – აცხადებს კომპანია „ბუქო 777“-ის დირექტორი, ზურაბ ჭეჭელაშვილი, რომლის ტრანსპორტი გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება.

 

გარდა ამისა, ზურაბ ჭეჭელაშვილი ამბობს, რომ მიკროავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ საღამოს ტარდება. მისი განცხადებით, როცა მთავრობისგან კონკრეტული დავალება, აკრძალვის შესახებ, მიუვათ, აუცილებლად შეწყვეტენ მუშაობენ.

 

გორის ავტოსადგურის დირექციის წარმომადგენელი, სოსო სამხარაძე ამბობს, რომ ავტოსადგური ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.

 

„ხალხი ისედაც არ მოძრაობს. შემცირებულია მგზავრთა რაოდენობა“ – გვითხრა ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა. მისი თქმით, გორი-თბილისის მიმართულებით, თითქმის აღარც მოძრაობს ტრანსპორტი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, ჯერჯერობით, სამგზავრო განრიგში ცვლილებები არ არის.

 

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახური: „ჯერ შეზღუდვაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ოდნავ მოგვიანებით ქალაქის ხელმძღვანელობა მოითათბირებს და მერე გადაწყდება ეს ყველაფერი”.

 

თბილისი-ზუგდიდის ასევე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით, მგზავრობა შეუფერხებლად ხდება.

 

„ნახევარი საათია,რაც თბილისიდან ჩამოვედი მგზავრებთან ერთად. ჩემს სამარშრუტო ტაქსში,სადაც 15- მა მგზავრმა იმგზავრა, ყველას პირბადე ეკეთა და რა თქმა უნდა მეც. ასევე ზუგდიდში წამოსვლამდე სამარშრუტო ტაქსში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრს ბუნებრივია არ ჩავისვამ“,- ამბობს სამარშრუტო მანქანის მძღოლი.

 

რაც შეეხება ზუგდიდის ცენტრალურ ავტოსადგურს, როგორც შპს „გუდვეის“ დირექტორი ირაკლი როგავა აცხადებს, მიუხედავად იმისა რომ ბოლო დღეებში მგზავრთა სიმცირეა, სამარშრუტო ტაქსები გრაფიკით დადიან.

 

„ყოველ საათნახევარში გადის მანქანები,ახლა სულ ცარიელი ვერ გავლენ ამოდენა გზაზე,7-8 მგზავრით მოძრაობენ,რა თქმა უნდა სადეზინფექციო სამუშაობი როგორც სამარშრუტო ტაქსებში,ასევე მთელ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ყოველდღე ტარდება“,- აცხადებს როგავა.

 

რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსს, 17 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X