fbpx
22:32 | 2020-10-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თუ პირბადეს არ ატარებთ, ეს უნდა იცოდეთ!..

თუ პირბადეს არ ატარებთ, ეს უნდა იცოდეთ!..

პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ მთავარ „იარაღად” ჯერჯერობით სხვა საშუალებებთან ერთად პირბადის ტარება მიიჩნევა.

 

პირბადე ვირუსისგან დასაცავად რომ უალტერნატივო საშუალებაა ამაზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი საუბრობს:

 

„მინდა ვთქვა, რომ პირბადე Covid-19-გან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე – ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე – კი“ – ამბობს რობერტ რედფილდი.

 

„პრაიმტაიმი” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა, რომელიც საზოგადოებას კიდევ ერთხელ იმ ოთხ სტანდარტულ რეგულაციას და პრევენციულ ზომებს ახსენებს, რომლის დაცვა თითოეულის ვალდებულებაა.

 

ორი პანდემია: ზუსტად ერთნაირი აკრძალვები და მოწოდებები - ესპანური გრიპი და Covid-19
2020-10-25ორი პანდემია: ზუსტად ერთნაირი აკრძალვები და მოწოდებები - ესპანური გრიპი და Covid-19

 

პანდემიის გავრცელებისგან თავის დასაცავად არსებობს ოთხი სტანდარტული რეგულაცია:

 

1. პირბადის გამოყენება დახურულ და ღია სივრცეებში – განსაკუთრებულად ღია სივრცეში, თუ კონტაქტი სხვა პიროვნებებთან ხდება; 

 

2. სოციალური დისტანციის დაცვა;

 

3. ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, რომელიც პირბადის გამოყენებასთან ერთად, მთავარია;

 

4. ჰიგიენა. 

 

„ეს ოთხი რეგულაციაა, რომელიც ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებაზე კარგად მუშაობს. განსკუთრებით კი, პირბადე იცავს დაავადებულსაც და ჯანმრთელსაც.

 

საქართველოში დღეს, პოტენციურად შესაძლოა, ყველა ავად იყოს. ბევრია ახალი შემთხვევები და შესაძლოა, ჯერ რომელიმე ჩვენგან დადასტურებული არ ჰქონდეს ვირუსი, მაგრამ ვიყოთ ამ ვირუსის მატარებლები. ამიტომ, პირბადე განსაკუთრებულად სასარგებლოა მათთვის, ვინც უკვე ინფიცირებულია, რათა სხვას არ გადადოს. თუ პირბადეს ყველა ატარებს, მაშინ ინფიცირების რისკი ნულის ტოლია.” – განმარტავს თენგიზ ცერცაძე. 

 

ამაზე საუბრობს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც:

 

„თუ მე ვარ ინფიცირებული და თქვენ ბრძანდებით ჯანმრთელი და ორივეს გვიკეთია პირბადეები, მაშინ ალბათობა იმისა, არ გადაგედოთ ინფექცია, არის 95% ანუ მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს, როცა ორივეს გვიკეთია.

 

თუ ერთს გვიკეთია, მაშინ ეს ალბათობა დაიწევს 50%-მდე. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ეს მარტივი თვითდაცვის საშუალება ყველამ ვატაროთ.” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

სამწუხაროდ, პირბადეს ამ დრომდე ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, მისი გამოყენება ერთ-ერთი მთავარი რეგულაციაა, რომლის მონიტორინგს საპატრულო პოლიცია რეგულარულად ეწევა.

 

პოლიცია ასევე აკონტროლებს პირბადის სწორად გამოყენებასაც და ამის გამო, კანონდამრღვევ მოქალაქეებს აჯარიმებენ: ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 50 ლარით.

 

თუმცა, შესაძლოა კონტროლი გამკაცრდეს და ჯარიმის ოდენობაც გაიზარდოს.

 

კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, კერძოდ, მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები საქართველოს პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.

 

სამინისტროს დანაყოფების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლით („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) დასახელებულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა/გაფრთხილება მიეცა.

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X