fbpx
23:32 | 2020-08-18 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„თუ პატრონი არ გამოუჩნდება, მიცვალებული მე მომეცით, რადგან ის ღმერთმა მარგუნა“

„თუ პატრონი არ გამოუჩნდება, მიცვალებული მე მომეცით, რადგან ის ღმერთმა მარგუნა“

შმაგი გოგშელიძე ერთ-ერთია, ვინც აფხაზეთის ომს შეეწირა. ოჯახს მის შესახებ წლების განმავლობაში განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ – იმასაც ეუბნებოდნენ, რომ ცოცხალი იყო.

 

შმაგის ძმა, ნუგზარ გოგშელიძე „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, როგორ დაადგინეს ძმის ბედი და რა გზა გაიარეს, ვიდრე დაადგენდნენ, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალული ახალგაზრდა ნამდვილად შმაგი იყო თუ არა.

 

ერთი მებრძოლის მძიმე ამბავი

 

– 1991 წელს, ქართული გვარდია რომ ჩამოყალიბების სტადიაში იყო, მაშინ გამოიძახეს ჩემი ძმა. ის ჩემზე წლი-ნახევრით იყო უფროსი. ან ის უნდა წასულიყო ჯარში, ან – მე, ასე გვითხრეს და როცა სიტუაცია გავარკვიე, ვარჩიე, მე წავსულიყავი, რადგან მაც ფეხმძიმე ცოლი ჰყავდა, მე კი უცოლო ვიყავი. ვირიცხებოდი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში.

 

მას შემდეგ ათასი არეულობა გამოვიარე და ყველა ომში ნამყოფი ვარ, 2008 წლის ომის ჩათვლით. 1992 წელს სამაჩაბლოშიც ვიყავი. შემდეგ დაიწყო აფხაზეთის ომი. ამ დროს სახლში ვიყავი გამოშვებული, 2-3 დღით და როცა ომის დაწყების ამბავი გავიგე, მაშინვე წავედი. ნაწილში მივედი, – გამიშვით-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს და გავიპარე. სახლშიც არავინ არაფერი იცოდა, თვე-ნახევრის განმავლობაში ისიც კი არ იცოდნენ, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი.

 

На изображении может находиться: 1 человек, часть тела крупным планом

 

1992 წლის სექტემბერში დავიჭერი, 10 დღე მაინც დავრჩი აფხაზეთში, მაგრამ მერე აღარ დამტოვეს და გამომიშვეს. ჩემს ჩამოსვლამდე ჩემი ძმა მეგობართან ერთად წამოსულა ჩემს მოსაძებნად. ის მეგობარიც თავისი ძმის მოსაძებნად მოდიოდა.
მოკლედ, ასე: ძმების საძებნელად გამოეშურა ორი მეგობარი, მაგრამ შმაგიმ ვერ მომაგნო.

 

ადგილზე ჩასულმა სიტუაცია რომ ნახა, გადაწყვიტა, თვითონაც დარჩენილიყო და ებრძოლა. მივიდა ჩემს ნაწილში და უარი უთხრეს – ისედაც უამრავი ძმა იბრძვის გვერდიგვერდ და შენ ვეღარ მიგიღებთ, შინ გაბრუნდიო. შემდეგ მივიდა მხედრიონში, სადაც ჩვენი ბიძაშვილი იყო და იმანაც უარი უთხრა და გამოაბრუნა. თვითონ იმ პერიოდში მუშაობდა „გრუზარმენსტროი“ ერქვა კომპანიას და იქ, – მძღოლად. იქვე იყო გარაჟი და სამხედრო ნაწილიც – ორხევის ბატალიონი და იქ ჩაირიცხა და ომშიც იქიდან წავიდა.

 

16 მარტს ყველაზე ძლიერი ბრძოლა მოხდა, სადაც შმაგის მონაწილეობდა და მას მერე სხვა ბრძოლებშიც. რამდენიმე დღით შინ იყო ჩამოსული, დედა და მამა ეხვეწებოდნენ, აღარ წასულიყო, მაგრამ არ დაიშალა.

 

ამ დროს მისი შვილი წლი-ნახევრის იყო. – მე ცოლიც მყავს და შთამომავალიც და იქ ისეთი ბიჭები იბრძვიან, შვილიც რომ არ ჰყავთ და იმათ რა ვუთხრაო?

 

აქედან გადაფრინდა 2 ივლისს, ჩაერთო ბრძოლებში და როგორც ჩვენ ვიცით, 9 ივლისს დაიღუპა.

 

როცა შეგვატყობინეს, არც კი გვჯეროდა. მერე ჭორებიც მოდიოდა ჩვენ ყურამდე, რომ ცოცხალი იყო. მალევე ჩამოასვენეს აფხაზეთიდან, ცინკის კუბოთი. ჩვენ ჩასასვენებელი არ გაგვიხსნია, არ შეიძლებოდა. დავასაფლავეთ საგვარეულო სასაფლაოზე. თუმცა, წლების განმავლობაში სიმართლეს ვერ ვიგებდით, შმაგი ნამდვილად გარდაცვლილი იყო თუ არა, რადგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიგებდით.

 

ზოგი გვეუბნებოდა, ტანკმა გადაუარაო, ზოგი – ყუმბარაზე აფეთქდაო, ზოგი – სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლაო. ზოგი კი იმასაც გვეუბნებოდა, რომ ცოცხალი იყო, ბერად იყო აღკვეცილი აფხაზეთში და თითქოს იქიდან გვითვლიდა – ნუ მეძებენო.

 

ძნელია, როცა არ იცი, ვისი მიცვალებული დამარხე და შენი ოჯახის წევრს კი წლების განმავლობაში ელოდები, როდის შემოაღებს კარს.

 

დედა მასზე დარდს გადაჰყვა. 2011 წელს გარდაიცვალა, სიმსივნე ჰქონდა მკერდზე და შეიძლებოდა, რომ მისთვის ოპერაცია გაგვეკეთებინა და სიცოცხლე გაგვეხანგრძლივებინა, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწია და ოპერაციაზე უარი თქვა, სიცოცხლე აღარ უნდოდა.

 

რაც ჩემი ძმის გარდაცვალების ამბავი გაიგო, მას მერე თმა არ შეუკვეცავს, ისე გარდაიცვალა. ბოლომდე არ კარგავდა იმედს, რომ მისი შვილი ცოცხალი დაბრუნდებოდა.

 

ბოლო ინფორმაცია, რომ ბერად იყო აღკვეცილი, დაახლოებით 5-6 წლის წინ გავიგეთ და მოსვენება დავკარგეთ. ყველაზე მოკლე გზა საიმისოდ, რომ გამეგო, ვინ იწვა საგვარეულო საფლავში – ჩემი ძმა თუ ვინმე სხვა, იყო დნმ-ის ანალიზი. წითელი ჯვრისა და სახელმწიფოს ჩართულობით მოხდა საფლავის გახსნა, ანალიზისთვის.

 

На изображении может находиться: 1 человек, часть тела крупным планом

 

პასუხად მივიღეთ, რომ ის ნამდვილად ჩემი ძმა იყო, თუმცა, როდესაც საფლავი გახსნეს, მისი ტანისამოსის ერთი დეტალიც მეცნო. ვთხოვე, თუ ჩემიანის გვამი არ აღმოჩნდება და პატრონი არ გამოუჩნდება, მიცვალებული მე მომეცით, რადგან ეგ მიცვალებული ღმერთმა მარგუნა და ბოლომდე მივხედავ-მეთქი.

 

– ვერ შეგპირდებით, მაგრამ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ამის სურვილი გამოთქვაო.

 

ემოციები, როცა საფლავი გახსნეს, არ მახსოვს, წინასწარ დავლიე და დავთვერი, რომ ამ ყველაფრისთვის გამეძლო.

 

სიმართლე რომ გითხრათ, მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ჩემი ძმა იყო ის, ვინც დავასაფლავეთ, რაღაცნაირმა სიმშვიდემ დაისადგურა ჩემს შიგნით. ცოტა ისეთი სათქმელია, „სიმშვიდემ დაისადგურა“, მაგრამ მერწმუნეთ, მუდმივი მოლოდინი და გაურკვევლობაში ყოფნა გაცილებით მძიმეა. სადღეგრძელოს რომ ვამბობდი, იმასაც კი ვერ ვიტყოდი ხოლმე – ჩემი ძმა აცხონოს უფალმა-მეთქი. ვინც იმ საფლავში წევს, უფალმა აცხონოს-მეთქი, ვამბობდი.

 

15 აგვისტოს, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ სხვა მებრძოლებთან ერთად დამარხეს ჩემი ძმის ნეშტიც, ძმათა სასაფლაოზე. მამა წინააღმდეგი იყო, რომ იქ დაგვეკრძალა, მაგრამ დავარწმუნეთ, რომ შმაგი საქართველოს ისტორიის ნაწილია, მისი ადგილი კი თავისი თანამებრძოლების გვერდითაა.

 

ფოტოზე: შმაგი გოგშელიძის ძმა და მამა

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X