01:47 | 2020-05-27 ავტორი: რუსა ღვანიძე

„თუ გამაგდებ, ჩემ სიცოცხლეს ფასი არ ექნება!“ – გოჩა აბაშიძე 83 წლის გახდებოდა

„თუ გამაგდებ, ჩემ სიცოცხლეს ფასი არ ექნება!“ – გოჩა აბაშიძე 83 წლის გახდებოდა

მაია წყნეთელი”, „გლახის ნაამბობი”, „ჩვენი ეზო”, „ცისკარა”, „ისინი ჩამივიდნენ მთიდან”, “ჩრდილი გზაზე”, „აბეზარა”, – მხოლოდ ამ ფილმების დასახელება კმარა, რომ ყველას თვალწინ დაუდგეს ახოვანი და სიმპათიური მსახიობი გოჩა აბაშიძე, რომელიც 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

საოცარი ნიჭისა და გარეგნობის წყალობით, სრულიად ახალგაზრდა, უკვე კინოვარსკვლავი გახდა. მისმა ფილმებმა, უდიდესი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა.

 

ლევანის დაღუპვა ჩემთვის პირველი სიყვარულის მოტანილი პირველი შოკი იყო - ნუცა კუხიანიძე პირველ სიყვარულზე
2020-05-22ლევანის დაღუპვა ჩემთვის პირველი სიყვარულის მოტანილი პირველი შოკი იყო - ნუცა კუხიანიძე პირველ სიყვარულზე

 

დიდი მომავალიც ელოდა წინ და ყველაზე რთულ მწვერვალებსაც კი დაიპყრობდა, რომ არა მისი ტრაგიკული ცხოვრება.

 

ერთი შეხედვით, განებივრებული ბიჭისათვის უცხო არ ყოფილა ტკივილი და გაჭირვება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა, მხოლოდ, ათამდე ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება, მან სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

 

მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ მის მეუღლე კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას და ერთადერთ ქალიშვილ მამანა აბაშიძეს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

გოჩა დღეს 83 წლის გახდებოდა. ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. ცოტა შეუძლოდ ვიყავი და არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემი მეგობარი არ მომეშვა, ძალით წამიყვანა. ახალგახრდა მსახიობები იქნებიან და წამოდიო. იმ პერიოდში უკვე დაწყებული იყო ფილმის „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ გადაღებები და მსახიობები გურამ გოგავა, ნოდარ ფირანიშვილი, ნუკრი ალხაზიშვილი და გოჩა აბაშიძე ჰყავდათ დაპატიჟებული… რას ვიფიქრებდი, რომ მერე, ნუკრი ჩემი შვილის ნათლია გახდებოდა. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ბევრი ვიმღერეთ. საღამოს სახლში გოჩამ მოგვაცილა.

 

სასწაული მოხდა, გაცნობიდან, მეორე დღესვე სახლში მომადგა. კარი გავაღე და დგას გოჩა! ასე უბრალოდ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და დაგვიახლოვდა.

 

იმდენად უშუალო და თავისუფალი ადამიანი იყო, რომ მეორე დღესვე, ახალ გაცნობილ გოგონას სახლში მომაკითხა! ამის შემდეგ, ძალიან დავმეგობრდით.

 

რამდენ ხანში შეუღლდით?

 

სკოლაში ვსწავლობდი და არც მიფიქრია გათხოვება. მეგობრად მიმაჩნდა, მიხაროდა, რომ კინომსახიობი მეგობარი მყავდა.

 

არც ვიცოდი, თუ ვუყვარდი. არც მიფიქრია, რომ ცოლად გავყვებოდი. სიყვარული რომ ამიხსნა, ვუთხარი, ეს გრძნობა რომ გაგივლის, მერე მოდი და ისევ ვიმეგობროთ მეთქი.

 

იმდენად ტბილი ადამიანი იყო, რომ ძმასავით ვუყურებდი. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, მაგრამ რამდენიმე ხანში დავქორწინდით.

 

გოჩამ საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება გადაიტანა. როცა ცოლობას მთხოვდა, მეუბნებოდა, შენ თუ მომიცილებ და გამაგდებ, ჩემ სიცოცხლეს ფასი არ ექნებაო.

 

მოვილაპარაკეთ, უმაღლესს რომ დავამთავრებ, მერე გამოგყვები მეთქი. არ ვიყავი სრულწლოვანი და ჩვენი ქორწინება პრობლემა იყო. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, რომ ხელი მოგვეწერა.

 

ხელი რომ მოვაწერეთ, ვთხოვე, არავის ცოდნოდა ჩვენი დაქორწინების ამბავი, მაგრამ მეორე დღესვე ამოვიდა ჩემთან ოჯახში და დედაჩემს, ქორწინების მოწმობა აჩვენა.

 

ამ ამბავმა, დედა ძალიან გაანერვიულა, რადგან სურდა, რომ ჯერ უმაღლესი განათლება მიმეღო და მერე შემექმნა ოჯახი.

 

რამდენი წელი იყავით ქორწინებაში?

 

3 წელი ვიყავით ერთად, განქორწინება არც გაგვიკეთებია.

 

რა იყო განქორწინების ძირითადი მიზეზი?

 

ეს თემა, ყველამ კარგად იცის. არ მინდა, ამ თემაზე საუბარი.

 

გოჩა აბაშიძის და ნუნუ გაბუნიას ქალიშვილი მანანა აბაშიძე:

 

ძალიან პატარა ვიყავი, გოჩა რომ გარდაიცვალა. სამი წლის ვიყავი და მამასთან ურთიერთობები, კარგად არ მახსოვს. გარეგნულად კი დამამახსოვრდა.

 

რამდენიმე ხნის წინ, მასთან ერთად გადღებული ფოტო გამოვაქვეყნე, სადაც პირველ მაისის დღესასწაულზე, აღლუმზე ვართ და მე მხრებზე ვყავარ შემოსმული.

 

რამდენიმე ფოტო მაქვს შემორჩენილი. ერთ-ერთი ფოტო, სადაც მე, დედა და მამა ვართ ერთად, საკმაოდ ცნობილია და ყველას აქვს ნანახი.

 

ალბათ ძალიან ატკინა გული დედათქვენს?

 

ალბათ, ბევრჯერ იყო მისული დედასთან შესარიგებლად და დედა არ ურიგდებოდა. ეს ის პერიოდია, როცა გოჩა, რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმზე – „თეთრი ქარავანი“ დაამტკიცეს. მოხდა ისე, რომ მის როლზე, იმედა კახიანი აიყვანეს.

 

რა მოხდა რეალურად თვითმკვლელობამდე?

 

როგორც ვიცი, გადაღებაზე დააგვიანა და ეს გახდა მიზეზი. რეჟისორმა შენიშვნა მისცა, გაბრაზებულმა ელდარ შენგელაიამ, როლიდან მოხსნა.

 

როლიდან მოხსნის შემდეგ, უხელფასოდ დარჩა და ეს მისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო, რადგან იმ პერიოდში, ძალიან სჭირდებოდა გარკვეული თანხა.

 

გოჩა მივიდა კინოსტუდიაში, დირექტორთან დასალაპარაკებლად. იმ დროს, კინოსტუდიაში, ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე იმყოფებოდნენ. დევი ჩვენი ახლობელი იყო და გვიყვებოდა, რომ როცა მამა შევიდა კობახიძესთან კაბინეტში, იქედან ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა.

 

მამა ამბობდა, დამაბრუნეთ როლზე, თორემ თავს არ ვიცოცხლებო. კობახიძეს უთქვამს, შენც ახლა ჟორა შავგულიძე არ იყოო, შენ კი არა, შავგულიძეს არავინ გადაყოლიაო.

 

დევი ყვებოდა, რომ გოჩა, ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა კაბინეტიდან და მანქანაში, განერვიულებული მანქანაში. დევის ლეილასთვის უთქვამს, გაყევი, თავს არაფერი მოიწიოსო.

 

ლეილა, მართლაც გაყოლია სახლში. მამა სახლში რომ მივიდა, მაგიდაზე ვაზის შესაწამლად გამზადებული შაბიამანი დახვედრია, როგორც ჩანს ბებიაჩემი იმ დროს, მეზობელთან იყო გასული.

 

აუღია შაბის რამდენიმე მარცვალი, ადუღებულ წყალში გაუხსნია, უფრო სწაფად რომ გახსნილიყო და დაულევია. ცოტა ხანში, ცუდად გამხდარა.

 

ლეილა რომ მივიდა, გოჩა უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდა. სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადასხმების შედეგად, მეორე დღეს კარგად გახდა.

 

მეგობრებმა როცა მიაკითხეს, მხიარულად იყო თურმე, კიდეც უმღერია. უთქვამს, რა სულელი ვიყავი, ეს რა სისულელე გავაკეთე, კიდევ კარგი გადავრჩიო.

 

რამდენ ხანში გარდაიცვალა?

 

სამი დღის შემდეგ, გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, შინაგანი ორგანოები სულ ჩამწვარი ჰქონდა – კუჭი, საყლაპავი მილი და მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა და როგორც ჩანს, ამან გადაატანინა ორი-სამი დღე. მამა 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

სავარაუდოდ, თვითმკვლელობა ფილმის გამო მოხდა?

 

ვფიქრობ, საბოლოო წერტილი იყო ფილმი. კინოში რომ ყოფილიყო დაკავებული, სავარაუდოდ ეს არ მოხდებოდა. ერთხელ დაიბეჭდა ეს სტატია დეტალებში და ბ-ნი ელდარ შენგელაიაც ნაწყენი იყო დედაზე, გამოდის რომ მეც დამნაშავე ვარო.

 

მარტო ელდარი კი არა, ყველა დამნაშავე იყო. დედაჩემიც ადანაშაულებს თავის თავს, ამბობდა რომ შევრიგებოდი, ფილმიდან რომ არ მოეხსნათ, ან მევალეს არ შეეწუხებია, იქნებ, ეს ამბავი არ მომხდარიყოო. ყველაფერი, ერთმანეთს დაემატა.

 

საკმაოდ ახალგაზრდა იყო – 24 წლის და თავისი დაუფიქრებლობით მოუვიდა ეს. გარეგნობა ჰქონდა ისეთი, რომ 40 წლის გეგონებოდათ, მაგრამ 26 მაისს, მხოლოდ 24 წლის გახდა და 8 სექტემბერს – უკვე აღარ იყო…

 

ერთადერთი ქალიშვილი ხართ…

 

კი, ნამდვილად ასეა, არ ვიცი თუ ვინმესთან ჰქონდა კიდევ რომანი, მაგრამ მე არ გამიგია. გიჟდებოდნენ ქალები და იმ დროს, ერთ-ერთ ლამაზ მსახიობ მამაკაცად ითვლებოდა.

 

ათეულში იყო შესული, როგორც ქართველი ლამაზი მამაკაცი. როგორც ამბობენ ცხოვრებაში უფრო კარგი გარეგნობის იყო ვიდრე ეკრანზე ჩანდა.

 

მყავს მეუღლე – ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი

 

 

უმცროსი ქალიშვილი ნინუცა ბედიაშვილი მომღერალია, ბებიის კვალს გაჰყვა, ხშირად ჩანს ეკრანებზე.

 

 

უფროს ქალიშვილს სოფოს, სარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ სხვა სფეროში მუშაობს.

 

რა გეგმები აქვს ქ-ნ ნუნუს?

 

გადაცემა „ავტოგრაფში“ მიიწვიეს, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაღებები შეჩერებულია. უამრავი ახალი სიმღერა, რომანსი შექმნა, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ.

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X