fbpx
11:11 | 2020-07-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თუ ფულს არ მივუტან, შვილს სამუდამოდ დამაშორებენ – სულისშემძვრელი ისტორია

თუ ფულს არ მივუტან, შვილს სამუდამოდ დამაშორებენ – სულისშემძვრელი ისტორია

„იქნებ ჩემს შესახებ სტატია დაწეროთ, იქნებ 600-მა კეთილმა ადამიანმა წაიკითხოს, რომლებსაც თითო ლარით დახმარების საშუალება ექნებათ და შვილი არ წამართვან“ –

 

ასე დაიწყო საუბარი „პრაიმტაიმთან“ ქალმა, რომელიც ქუჩაში 12 წლის გოგონასთან ერთად აღმოჩნდა, რადგან ქირის სამთვიანი ვალი აქვს და თუ მეპატრონეს 600 ლარს არ მიუტანს, სახლში აღარ უშვებს.

 

შიდა ქართლიდან დევნილმა ჟანამ ვერ შეძლო ქუჩაში მოწყალების თხოვნით ამ თანხის შეგროვება. ამიტომ, ის ახლა კეთილი ადამიანების იმედად არის…

 

„შაქარმა ისე ამიწია ამდენი ნერვიულობით, რომ ქუჩიდან სასწრაფომ კლინიკაში გადამიყვანა, სიკვდილს თვალებში ჩავხედე…

 

სახლის მეპატრონე, ვისთანაც ქირით ვცხოვრობ დავალიანების გამო, ბინაში აღარ მიშვებს და ბავშვთან ერთად ქუჩაში ვარ.

 

მოქალაქემ პატრული გამოიძახა, გაგვაფრთხილეს, თუ ჩემს პატარა შვილთან ერთად ქუჩაში კიდევ ვიქნები, მას წაიყვანენ, დამაცილებენ და ამით, ჩემს სიკვდილს გამოიწვევენ.

 

იმისთვის, რომ მეპატრონემ ბინაში შესვლის უფლება მოგვცეს, სასწრაფოდ 600 ლარი მჭირდება. სამი თვის დავალიანება მაქვს. 600 ლარის გამო, შვილს უნდა დამაშორონ

 

ადრე, თუ ვერაფერს ვაკეთებდი და სამუშაო არ გამოჩნდებოდა, ჯართს ვაგროვებდი, მაგრამ ახლა, ხელები ისე მიკანკალებს, ვეღარაფერს ვაკეთებ.

 

მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. როცა ღამდება მუყაოს ვშლი და ვჯდები, კალთაში გოგონას ვისვამ და უძლურებისა და უსუსურობისგან რომ ვტირი, ისევ ის მამშვიდებს, შემომციცინებს.

 

იმდენად დავუძლურდი, რომ ბეტონზე ისე ვითიშები, თითქოს უდარდელად მძინავს. ხელები საშინლად მიკანკალებს.

 

წლების წინ, ყველაფერს ვუმკლავდებოდი. ახლა, აღარ შემიძლია. უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ვართ. დიაბეტმა, სიბრმავემ  -ყველაფერმა ერთიანად შემომიტია.

 

მთელი ცხოვრება ქუჩას გავურბოდი, მე ჯერ ბავშვთა სახლში გაზრდილი და მერე, ქუჩაში მცხოვრები ბევრჯერ ძალადობის მსხვერპლიც გავმხდარვარ.

 

გავყინულვარ კიდეც, ძლივს გადამარჩინეს უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაყვანილი…

 

თურმე, თანდაყოლილი გულის მანკიც მქონია, ბავშვთა სახლში ვინ გამიკეთებდა გამოკვლევებს? ცუდად კი ვხდებოდი, მაგრამ…

 

თავისი კვალი დამატყო ქარმა, წვიმამ, თოვლმა, ბეტონზე ძილმა, გულის მანკმა და დიაბეტმა…

 

 

 

(ჟანასა და 12 წლის გოგონას „საწოლი”, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორია)

 

რაც გავიგე, რომ უფალმა დედობის ღირსი გამხადა, მხოლოდ ერთს ვევედრებოდი – არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ ეგემა ქუჩაში ცხოვრების სიმწარე, მაგრამ, ახლაც აქ ვართ.

 

 

 

პანდემიის გამო ხალხს ისე გაუჭირდა ერთი ფუნთუშისა და მაწვნის თანხასაც ვეღარ ვშოულობ. გუშინ, ჩემმა გოგონამ მითხრა, დედა თავბრუ მეხვევა, იქნებ მაჭამოო.

 

ქუჩაში ბურახს რომ ყიდიან, მივედი და ქალბატონს ვთხოვე, რამდენიმე ყლუპი ბავშვს დაუსხი, შიმშილისგან გული არ წაუვიდეს, მეშინია-მეთქი და უწილადა. ახლაც მშიერია…

 

რამდენიმე დღის წინ, სადაც ღამეებს ვათევთ, იმ კორპუსიდან ქალმა პლედი და მაწვნის სუპი ჩამოგვიტანა, ისე გაგვიხარდა, სასწრაფოდ ვაჭამე ჩემს გოგონას, თან ვაძალებდი, რომ ამ სიცხეში არ ამჟავებულიყო.

 

გამგეობას მივმართე ქირის დაფინანსების თაობაზე, მაგრამ აგვისტოში განვიხილავთო, არც ისე ვიცი, პასუხი დადებითი იქნება თუ უარყოფითი.

 

ამიტომ, ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ, მათით მოვედი დღემდე, მხოლოდ მათით მიდგას სული.

ჩემს შვილს დასცინიან დედაშენი მათხოვარიაო... - ვინ არის ქალი ვის უმძიმეს ცხოვრებაზეც ფილმს იღებენ 
2020-06-16ჩემს შვილს დასცინიან დედაშენი მათხოვარიაო... - ვინ არის ქალი ვის უმძიმეს ცხოვრებაზეც ფილმს იღებენ 

ბედმა არაფერი დამაკლო. მშობლები დამეხოცა, მერე ერთადერთი ბებიაც, მე ბავშვთა სახლში მოვხვდი, ბებიის სახლს, თაღლითურად სხვები დაეპატრონენ.

 

ქმარი მძიმე ავადმყოფია, მე ამდენი დიაგნოზები მაქვს. ამ ყველაფრის გამო, შვილს თანატოლები დასცინიან.

 

ამიტომ, ჩუმად ვმათხოვრობდი და ნამათხოვარი ფულით საჭმელს ვყიდულობდი. ბავშვები ეუბნებიან მშიერო, მათხოვრის შვილოო.

 

ახლა, რადგანაც ისიც ქუჩაშია ჩემთან ერთად, თავის თვალით უყურებს, როგორ ვეხვეწები რამდენიმე თეთრს გამვლელ-გამომვლელს და უფრო ვთრგუნავ, მაგრამ გადარჩენისა და სიცოცხლისთვის სხვა გზა არც მაქვს…“ – ამბობს ჟანა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X