15:55 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მაქვს ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები თვითიზოლაციაში მყოფ პირებს აწუხებენ – პაატა იმნაძე

„ვინც არიან ჩამოსულები, მოერიდონ პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს და მაქსიმალურად იყვნენ თვითიზოლაციაში. პოლიცია უკვე ეხმარება ჯანდაცვის მუშაკებს და 10-ზე მეტია ვინც იძულებით გადაიყვანეს კარანტინზე იმიტომ რომ თვითიზოლაციის წესებს არღვევდნენ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ზოგიერთი კერძო დამსაქმებელი თვითზიოლაციაში მყოფ თანამშრომლებს სთხოვენ, რომ სამსახურში იარონ.

 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თანამშრომლებს, რომ თვითიზოლაციიდან გამოდითო. ჩვენ თავს ვიკავებთ პერსონალური ინფორმაციების გაცემისგან, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ შეწუხებას თანამშრომლების, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ“, – განაცხადა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

დატოვე კომენტარი