17:04 | 2020-06-12 ავტორი: თამთა თორდია

თუ არაფერი შეიცვალა, შეიძლება მართლაც დავფიქრდე, რომ წავიდე და ცხოვრება მოვიწყო – ლაშა ტალახაძე

თუ არაფერი შეიცვალა, შეიძლება მართლაც დავფიქრდე, რომ წავიდე და ცხოვრება მოვიწყო – ლაშა ტალახაძე

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რადიო „უცნობში“ სტუმრობისას ისაუბრა, რომ ქართველი სპორტსმენები მეტ დაფასებას იმსახურებენ.

 

სად გაატარეს სპორტსმენებმა კარანტინი და როგორ ცდილობენ სპორტული ფორმის შენარჩუნებას
2020-06-11სად გაატარეს სპორტსმენებმა კარანტინი და როგორ ცდილობენ სპორტული ფორმის შენარჩუნებას

 

მისი თქმით, თუ ვითარება არ შეიცვალა, მომავალში სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე შეიძლება დაფიქრდეს.

 

„მქონდა შემოთავაზებები, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიმეღო. თავიდან, როდესაც მივიღე ასეთი შემოთავაზება, ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გავუშვი, რადგან რაც არ უნდა შემოეთავაზებინათ, ჩემთვის ეს მიუღებელი იყო.

 

დღემდე ასე ვარ, რომ მთავარი საქართველოს ჰიმნის აჟღერებაა, მაგრამ რაც უფრო პიკისკენ მიდიხარ სპორტსმენი, ტიტულებთან ერთად, უკან რომ მოიხედავ, რაღაც უნდა დაგრჩეს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული, მათაც სჭირდებათ გვერდში დგომა. ამ ეტაპზე ნამდვილად არა, მაგრამ როდესაც პიკს მივუახლოვდები, თუ არაფერი შეიცვალა, შეიძლება მართლაც დავფიქრდე, რომ წავიდე და ცხოვრება მოვიწყო.

 

მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი. არიან ბიჭები, რომლებიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები ხდებიან. მაგალითად, გენო პეტრიაშვილი. არიან საქართველოში ისეთი ადამიანები, რომლებმაც ამ ბიჭების მიმართ უნდა გააკეთონ სიკეთე, რადგან იმსახურებენ და ეს მათი რეკლამაც იქნება. რაც უფრო მეტად დავაფასებთ სპორტსმენებს, მით უფრო კარგი შედეგები იქნება“,- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

 

მოგვიანებით, სპორტსმენმა საკუთარ „ფეისბუქზე“ განმარტება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საზოგადოებამ მისი ნათქვამი არასწორად აღიქვა:

 

„ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა, როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნით სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ.

 

როგორც იცით, არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა, როგორც ხედავთ არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს, არც კი დავინტერესებულვარ რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ.

 

ჩემთვის მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.

 


რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება.

 

ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს თუ როდის შევძლებთ სრულოფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება.

 

თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს მიხვდებით, რომ სხვას არაფერს ვამბობ.

 

მადლობა, პირიქით ყველა იმ ადამიანს ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგზეც არის ასახული ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც“, – წერს ლაშა ტალახაძე.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X