22:29 | 2020-05-14 ავტორი: თამარ გონგაძე

“თუ არ მიღალატა ან ტვინმა, ან გულმა და მეღირსა პრემიერის თამაში, მობრძანდით” – 91 წლის თამარ სხირტლაძე ახალ როლზე მუშაობს

“თუ არ მიღალატა ან ტვინმა, ან გულმა და მეღირსა პრემიერის თამაში, მობრძანდით” – 91 წლის თამარ სხირტლაძე ახალ როლზე მუშაობს

მსახიობი თამარ სხირტლაძე “პრაიმტაიმისგან” თამარ მეფის ხსენების დღის მილოცვამ ძალზედ გაახარა. ორი ტელევიზია იყო, მატლიკინეს და არც ერთს არ გახსენებია, რომ ჩემთვის თამარობა მოელოცათო, ნახევრად ხუმრობით “შემოგვჩივლა”.

 

უხუცესი მსახიობი 2 მაისს 91 წლის გახდა. მას ასე მოიხსენიებენ “მსახიობი ასაკის გარეშე”. დღემდე როლებზე მუშაობს, ტექსტი არასდროს დავიწყებია.

 

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს გასულ წელს “წლის პერსონის” წოდება მიენიჭა.

 

თამარ სხირტლაძე: – იცით, ხომ რამდენი წლის ვარ? ასაკს არ ვმალავ. რა დავმალო, 91 წლის ვარ, 30-ის ხომ არა? ჩაკეტილი, მარტო ვიყავი ამ კორონას გამო დაბადების დღეზე. შვილიშვილებმა მომილოცეს ლამაზი ტორტით. ორი შვილიშვილი მყავს, რვა შვილთაშვილი.

 

არ გაგიკვირდეთ, ამ ხნის ქალისთვის, რა დროს როლიაო. ახლა ახალ როლზე ვმუშაობ. ახალგაზრდა რეჟისორი, დათო ჭახრაკია დგამს სპექტაკლს. ნიჭიერი ბიჭია. რამდენჯერმე დაჯილდოვდა სხვადასხვა პრემიით.

 

ჩემი გმირი გერმანიაში გაზრდილი ებრაელი პროფესორია. ებრაელებს იცავს, მაგრამ მაინც ჰგონიათ, რომ ანტისემიტია. ბოიკოტი გამოუცხადეს, ეკლესიიდან ანათემა გაუგზავნეს. საინტერესო როლია.

 

პარტნიორობას პაატა პაპუაშვილი მიწევს. ახალი მიღებულია თეატრში. რეჟისორი იცნობს და ენდობა.

 

მოკლედ, როლისთვის ვემზადები, თუ არ მიღალატა ან ტვინმა, ან გულმა. თუ მეღირსა პრემიერის თამაში და კორონა არ დაგვეტაკა, მობრძანდით სპექტაკლზე.

 

ტექსტის დამახსოვრება არ გიჭირთ?

 

– ჯერჯერობით არ მიჭირს. ვიმახსოვრებ. აწი თუ ავურევ, არ ვიცი. არასოდეს მოუმზადებელი არ მივდივარ, სულ ვიმეორებ ტექსტს.

 

რამეს იღებთ მახსოვრობისთვის?

 

– მითხრეს, ამისთვის არაფერი არ არსებობსო და მეც არაფერს არ ვიღებ. მადლობა, რომ გამიხსენეთ, იცოცხლეთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები