fbpx
21:15 | 2020-06-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“ცოტა ძალა დავატანეთ” – 60 წლის ეკა მამალაძის პანდემიური კონცერტი

“ცოტა ძალა დავატანეთ” – 60 წლის ეკა მამალაძის პანდემიური კონცერტი

24 ივნისის ცხელ საღამოს “გარდენია შევარნაძემ” ეკა მამალაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ პატარა საღამოს უმასპინძლა. ულამაზეს გარემოში შეკრებილი მომღერლის ახლობლები, პანდემიური რეგულაციების სრული დაცვით, უსმენდნენ ეკა მამალაძეს. საღამო პიანისტ დათუნა ალადაშვილს მიჰყავდა.

 

მომღერალი 60 წლის 27 მარტს გახდა. როგორც ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ, აპრილის დასაწყისში, სატელივიზიო გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” თქვა, დიდი საიუბილეო წვეულების გადახდა სურდათ, თუმცა ეპიდვითარების გამო, ეს გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს.

 

ეკა 60 წლის გახდა... მარტო მე და ეკა ვიყავით - ნანი ბრეგვაძე
2020-04-08ეკა 60 წლის გახდა... მარტო მე და ეკა ვიყავით - ნანი ბრეგვაძე

 

და სამთვიანი დაგვიანებითა და ზურა შევარდნაძის ინიციატივით, აყვავილებულ “გარდენიაში” ზაფხულის ნიავის ფონზე იუბილარმა 15 სიმღერა შეასრულა. აკომპანიმენტს ნიკოლოზ რაჭველი, ნინო გულიაშვილი და გიორგი გიგაშვილი უწევდნენ. რამდენიმე სიმღერა ახლებური არანჟირებით გაჟღერდა.

 

იუბილარს დათუნა სულიკაშვილის კაშკაშა ყვითელი კაბა ეცვა. როგორც მომღერალი “პრაიმტაიმთან” ამბობს, სპეციალურად ამ საღამოსთვის შეიკერა.

 

ეკა მამალაძე: – საერთოდ პოზიტიური დღე იყო. მეცვა დათუნა სულიკაშვილის გადასარევი კაბა. მაჩუქა და ჩავიცვი. მე და ნანი ხშირად ვიცვამთ მის კაბებს.

 

მინდოდა უფრო მასშტაბური ყოფილიყო ეს საიუბილეო კონცერტი, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ვღელავდი… შინაურულ წრეში, ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით, ჩატარდა საღამო. ბაღის სკამებზე ორ-ორი კაცი იჯდა. თან ღია ცის ქვეშ ვიყავით.

 

 

ზურას ბაღის ულამაზეს გარემოში არ გადაღება, საცოდაობა იქნებოდა. ოფიციალური გადაღებისგან და ტელევიზიების მოყვანისგან თავი შევიკავე, რამე შარში არ გავხვეულიყავი. მენდეთ, ეს თემა ძალზედ მაღელვებდა. ამიტომ მეგობარს ვთხოვე გადაღება. მინდა მე დამრჩეს ამ საღამოს ჩანაწერი. თუმცა რატომ არ შეიძლება რომელიმე ტელევიზიას მივცე, თუ ამის სურვილს გამოთქვამენ?!

 

ეკა, 60 წელი როგორი ასაკია?

 

– ექვსი და ნული რომ დაიწერა, გული წამივიდა. მაგრამ შინაგანად ამ ასაკს ვერ ვგრძნობ. მგონია, სხვაზე ლაპარაკობენ. მშვიდად ვუყურებ, რადგან ვიზუალურად ვერ იტყვი, რომ 60 წლის ვარ. ბევრიც არ არის.

 

მთავარი სტიმული სახლში გყავთ – არაჩვეულბრივ ფორმაში მყოფი ლეგენდარული დედა…

 

– ყველა ამას მეუბნება. მთავარი შინაგანი განწყობაა და როგორც გამოიყურები, იმდენი წლის ხარ.

 

ნატალია ქუთათელაძეს კი იუბილარი დედა ამ ასაკში ძალიან მოსწონს.

 

ნატალია ქუთათელაძე: – 60 წლის ეკა კიდევ უფრო კარგი, საყვარელი და ლამაზია. შინაგანად არის ლამაზი და გარეგნობას ამიტომაც ინარჩუნებს.

 

 

სიმღერა “ცოტა კიდევ მოითმინე გულო” – საღამოს ფინალურ აკორდად ოჯახის სამივე თაობის წარმომადგენელმა შეასრულა. ვიდეოჩანაწერი კი ნიკოლოზ რაჭველმა “ფეისბუქზე” განათავსა და წააწერა: ექსპრომტ-კონცერტი ზურა შევარდნაძის სამოთხეში უდიდესი ნანის და უძვირფასესი ნატალიკოს თანამონაწილეობით.

 

როგორც ეკა ამბობს, ამ სიმღერის ექსპრომტად შესრულება ნანისაც სთხოვეს – “ცოტა ძალა დავატანეთ და სცენაზე ამოვიყვანეთ”.

 

ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ საღამოს დასასრულს “ის აქ არის” შეასრულა.

 

 

დღევანდელი საღამო, ეკა მამალაძის 60 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ექსპრომტ-კონცერტი ზურა შევარდნაძის სამოთხეში უდიდესი ნანის და უძვირფასესი ნატალიკოს თანამონაწილეობით!❤️

Posted by Nikoloz Rachveli on ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2020

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X