fbpx
21:36 | 2020-11-26 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ცნობილი ვიდეოს გმირი ექიმი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა – ბებო ქმრის პანაშვიდზე ზედმეტი ჩახუტებით დააინფიცირეს 

ცნობილი ვიდეოს გმირი ექიმი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა – ბებო ქმრის პანაშვიდზე ზედმეტი ჩახუტებით დააინფიცირეს 

მაია ქურდაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი უფროსი ექიმია. ის ჩვენმა მკითხველმა იმ ვიდეოთი გაიცნო, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანის ფონზე, სრული ეკიპირებით აღჭურვილი ორი ექიმი ვალსს ცეკვავს.

 

ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მალევე მაია ქურდაძეს კრონავირუსი დაუდგინდა, მის მეწყვილეს – არა.

 

Нет описания.

 

ვირუსის დამარცხების შემდეგ, ექიმს გუშინ პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება ავადმყოფობისა და მისი შემდგომი პირველი მორიგეობის შესახებ.

 

პირველი ტესტირების შედეგი უარყოფითი მქონდა, მაგრამ მეორე დღეს დამეწყო სახსრების ტკივილი და სამსახურში აღარ წავედი, კოლეგები რომ არ ჩამეგდო საფრთხის ქვეშ და კლასტერი არ შემექმნა. დამეწყო სიცხე, ყელის ტკივილი, ყველა ის სიმპტომი, რომელიც ვირუსისთვისაა დამახასიათებელი. ისევ გავიტესტე და პასუხი იყო დადებითი. გადამიყვანეს კოვიდ სასტუმროში. იდეალურ პირობებში ვიყავი. მეც გადამყავდა პაციენტები სასტუმროებში და მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ იქ არავინ არჩევს, ექიმი ხარ, მუშა თუ მასწავლებელი. ყველას ერთნაირი პირობები აქვთ. მოვლა იდეალური, კვება გადასარევი.

 

დილა-საღამოს მირეკავდა ექიმი, შუადღისას – ექთანი – რამე ხომ არ გჭირდებათ, რით დაგეხმაროთო. ვისაც სჭირდება, ანალიზებზეც გადაჰყავთ. სისხლის ანალიზი ადგილზე გავაკეთებინე, გამოვიძახე ბრიგადა. კოვიდ სასტუმრომ „კატეს“ გასაკეთებლად თავად გადამიყვანა. ყველაფერი იყო იდეალურად. უსიცხო პერიოდი სანამ არ დადგა, მანამდე თან მყვებოდნენ. 12 დღე ვიყავი და მერე გამომწერეს.

 

Нет описания.

 

მკურნალობის პერიოდში თავბრუ მეხვეოდა, ძლივს, ბარბაცით დავდიოდი და იმაზე ვნერვიულობდი, სასწრაფოში „საგმირო საქმეები“ უჩემოდ რომ კეთდებოდა. ერთი სული მქონდა, გავჭრილიყავი სამსახურში.

 

თვალწინ მედგა, სცენა ძველი ფილმებიდან:  დაჭრილ ჯარისკაცს ცალი ხელი დაბინტული, ჩამოკიდებული რომ აქვს და მეორე მხარზე მუნდირი აქვს მოგდებული და ელოდება, როდის გაეწერება, რომ ისევ ფრონტზე გაიჭრას. ზუსტად ასე ვიყავი მეც, ვფიქრობდი, რა დროს კორონაა, დროზე ჩავიცვა ჩემი მწვანე მუნდირი და გავიჭრა ბრძოლის ველზე, კორონას წინააღმდეგ-მეთქი.

 

 

ვირუსი სავარაუდოდ კოლეგისგან გადამედო, რადგან პაციენტებთან ისეთი ეკიპირებით დავდივართ, რომ გადადების შანსი ძალიან მცირეა. კოლეგები უფრო მეტად ერთმანეთისგან დავინფიცირდით.

 

გუშინ იყო პირველი სამუშაო დღე, გამოჯანმრთელების შემდეგ. ამ დილით დავასრულე მორიგეობა და მინდა გითხრათ, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და გახარებული.

 

ჩვენი, ექიმების სიხარულიც და მწუხარებაც დაკავშირებულია პაციენტთან. გვიხარია, როცა პაციენტი „მსუბუქია“, გვიხარია, როცა პაციენტი მძიმეა და კლინიკაში მოთავსებას ვახერხებთ. ამაზე მთელი სამსახური არის აბსოლუტურად მობილიზებული.

 

გუშინდელი მორიგეობის დროს, ყველა პაციენტი, ვისაც კლინიკაში გადაყვანა სჭირდებოდა, გადავიყვანეთ და მოვათავსეთ. მაგალითად, 1 წლის და 5 თვის ბავშვი გადავიყვანეთ, პედიატრიულ კლინიკაში. სწორედ ამ ბავშვის გადაყვანის დროს გათავისუფლდა ადგილი და ჩვენც შევედით. გაუკეთეს ტესტი, დააწვინეს და ისე მიხედეს, როგორც საჭიროა. არც ერთი კლინიკა არ ტოვებს პაციენტს გარეთ.

“ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ… ნება მომეცი, უბრალოდ ვიტირო” – ვის უძღვნის ანი გიუნტერი ემოციურ პოსტს
2020-11-26“ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ… ნება მომეცი, უბრალოდ ვიტირო” – ვის უძღვნის ანი გიუნტერი ემოციურ პოსტს

 

გუშინ რამდენიმე მძიმე პაციენტიც გადავიყვანეთ და კლინიკებმა მიიღეს. მსუბუქი პაციენტები გადავიყვანეთ ცხელების ცენტრებში. როცა 112-ზე რეკავენ, ოჯახის ექიმი მაშინვე ვერ ერთვება მკურნალობის პროცესში. მას შეუძლია ჩაერთოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვირუსი დადასტურდება. ოჯახის ექიმმა უნდა იცოდეს, ჩივილები საიდან მოდის – სხვა ტიპის ვირუსული ინფექციაა თუ კოვიდი. პაციენტი უნდა იყოს დიაგნოზირებული, რომ ექიმი ჩაერთოს მკურნალობის პროცესში.

 

ამიტომ, ჩვენ გადაგვყავს ცხელების ცენტრში ან კოვიდ სასტუმროში, უკეთებენ სწრაფ ტესტს და თუ დადებითი პასუხია, ჩაერთვება ოჯახის ექიმი.

 

გუშინ გადავიყვანეთ 80 წლის ბებო, რომელსაც 9 დღის განმავლობაში ჰქონია სიცხე. სხვა არაფერი აწუხებდა. მას 2 კვირის წინ ინსულტით გარდაეცვალა მეუღლე და როგორც გავარკვიე, სამძიმარზე მისული ხალხი ეხუტებოდა, ეფერებოდა, კოცნიდა. ბებო სწორედ რომელიმე მათგანისგან დაინფიცირდა.

 

მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამ მართლაც ჩასახუტებელმა ხალხმა, მოხუცებმა რომ დიდხანს იცოცხლონ, მოერიდონ და პანდემიის შემდეგ ჩაეხუტონ. ბებო სწორედ ზედმეტი ჩახუტებით დააინფიცირეს. თვითონ ამბობდა, გავცივდიო, მაგრამ დაუდასტურდა კოვიდი. ის უკვე გამოჯანმრთელებისკენ მიდის, რადგან მეცხრე დღე იყო პირველი სიმპტომიდან. ისე დაგვლოცა და ისეთ სიტყვებით შეგვამკო, რომ გაგვაბედნიერა მთელი ბრიგადა.

 

ამ ბებოს სტენტირებაც ჰქონია გაკეთებული 15 წლის წინ. უკვე ვეღარ გაიგებ ამ ვირუსისას, არაპროგნოზირებადია. აღარც ასაკი, აღარც თანმხლები დაავადებებია კავშირში. ზოგი ახალგაზრდა მძიმდება, თანმხლები დაავადების გარეშე, ზოგი ხანდაზმული არ მძიმდება, თანმხლები დაავადებებით. ალბათ მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით ვირუსი მოხვდება ორგანიზმში.

 

65 წლის, მარტოხელა მამაკაცთან ვიყავით გამოძახებული. მასთან უფრო ემოციური ფონი იყო, ვიდრე სიმპტომატიკური. – ერთი კვირა საჭმელი არ მიჭამია და წყალი არ დამილევიაო, გვითხრა. მას სამედიცინო დახმარებაზე მეტად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მოვლა სჭირდებოდა. ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ჰქონდა ნორმაში.

 

ეს მამაკაცი გადავიყვანეთ კოვიდ სასტუმროში, რომლებიც სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა ზედგამოჭრილი. ბევრი გამოძახება იყო ასეთი, რომ პაციენტს მხოლოდ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებოდა. ექიმის სატელეფონო კონსულტაცია ერთია და როცა ექიმს თვალით ხედავენ, მისი ხმა ესმით, რჩევა დარიგებებს იღებენ, პირველადი გამოკვლევა უტარდებათ (რაც ადგილზე შეგვიძლია „სასწრაფოს“, რომ გავაკეთოთ) და ეს მათთვის არის დიდი შვება.

 

ჩვენ, „სასწრაფოს“ ექიმები არც ერთ პაციენტთან მისვლაზე უარს არ ვამბობთ, ყველასთან მივდივართ. თუ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, გადაგვყავს, თუ ჩავთვლით, რომ ოჯახის ექიმის სამართავია, გადავცემთ ოჯახის ექიმს. ყურადღების მიღმა არც ერთი ადამიანი არ რჩება. სოციალურ ქსელებსა თუ ზოგიერთ ტელევიზიაში იმდენად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ამაზე კომენტარიც კი მიჭირს. ნახევარზე მეტი სიმართლეს არ შეეფერება.

 

გუშინ გარდა კოვიდ პაციენტებისა, გვქონდა სუიციდის მცდელობაც. ახალგაზრდა მამაკაცმა რამდენიმე სახეობის პრეპარატი მიიღო, თვითმკვლელობის მიზნით. გამოძახებიდან 10 წუთში ვიყავით პაციენტთან, პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, კიდევ 10 წუთში უკვე კლინიკაში გვყავდა გადაყვანილი. კლინიკამ უყოყმანოდ მიიღო ეს პაციენტი. გვყავდა ასევე ინსულინ დამოკიდებული პაციენტი, რომელიც 3 დღე საჭმელს ვერ ჭამდა. ეს არ იყო კოვიდ პაციენტი. კლინიკამ უპრობლემოდ მიგვიღო, ყოველგვარი ბარიერების გარეშე.

 

ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც- ველოსიპედით – გახარია დეპუტატების გადაადგილებაზე
2020-11-26ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც- ველოსიპედით – გახარია დეპუტატების გადაადგილებაზე

 

თუ ვერ ხდება თბილისის კლინიკაში გადაყვანა, გადაგვყავს რაიონებში. აქამდე საცხოვრებელი ადგილის მოხედვით, ყველაზე უახლოეს კლინიკაში გადაგვყავდა, მაგრამ ახლა იქ მიგვყავს, სადაც ადგილია – გორში, კასპში, რუსთავში, ქარელში, მცხეთაში და სხვა, თბილისთან ახლომდებარე რაიონებში.

 

არის დაგვიანებული მომართვის შემთხვევებიც, მაგრამ ეს პაციენტის ბრალია. გვეუბნებიან, რომ 4-5 დღე სიცხე ჰქონდათ და არ მოგვმართეს, რადგან ელოდნენ, როგორ გაგრძელდებოდა სიტუაცია და ახლა, როცა გართულდა მდგომარეობა, დარეკა „სასწრაფოში“.

 

– სოციალურ ქსელში წერენ, რომ „საწრაფო“ დაგვიანებით მიდის და რომ 4 დღეც კი ელოდებიან. გუშინ როდინდელ გამოძახებებს ასრულებდით?

 

– ყველაზე დიდი ხნის დაგვიანებით მივედით 4 საათის შემდეგ. ამ მამაკაცს სჭირდებოდა მხოლოდ ტესტის გასაკეთებლად გადაყვანა. გვქონდა ოჯახურ კონფლიქტზე გამოძახება და აქ მოხდა მყისიერი რეაგირება. 7 წუთში მივედით ადგილზე. დაგხვდა საპატრულო პოლიციაც. ზემოთ მოგიყევით ინსულინ დამოკიდებულ მამაკაცზე. მას სამი დღე ჰქონია ჩივილები, მაგრამ დარეკა წუხელ, გვიან ღამით და მივედით 20 წუთის შემდეგ.

 

Нет описания.

 

როცა არის ქუჩის შემთხვევა, სუიციდი, ინფარქტი, ეს გამოძახება ხდება პრიორიტეტი და მაშინვე გავდივართ ამგვარ მისამართზე. სასწრაფოს პრიორიტეტი გახლავთ უბედური შემთხვევა, სუიციდის მცდელობა, ავარია… ჩვენ ხომ მხოლოდ კოვიდ პაციენტებს არ ვემსახურებით? გადაუდებელ შემთხვევებზე წამებში ვახდენთ რეაგირებას. 112 ფილტრავს მისამართებს და დაყოვნების რეჟიმში გადააქვს ის გამოძახებები, რომელიც მართლა ითმენს. როცა 112-ში რეკავთ, ძალიან ბევრ კითხვას გისვამთ ოპერატორი. ეს იმისთვის ხდება, რომ განსაზღვროს, რამდენად პრიორიტეტულია თქვენი გამოძახება. პრიორიტეტული გამოძახებები წინა პლანზე იწევს და მაშინვე ვახდენთ რეაგირებას.

 

იყო გამოძახება, სადაც ერთი დღის დაგვიანებით მივედით, მაგრამ იმ ადამიანის მკურნალობაში ჩართული იყო ოჯახის ექიმი, ძალიან ინტენსიურად. ის ადამიანი ითხოვდა, ფილტვებზე მომისმინეთო. ფილტვებზე მოსასმენად იძახებდა სასწრაფოს, კოვიდ ინფიცირებული. არა და, სატურაციაც განსაზღვრული ჰქონდა, რეკომენდაციებიც მიცემული ჰქონდა ოჯახის ექიმისგან.

 

 

ექიმებმა ვიცით, რომ კოვიდის შემთხვევაში, ფილტვებზე მოსმენისას დაზიანება არ ისმინება. დაზიანება უნდა გამოავლინოს „კატემ“. ფილტვებზე თუ მოუსმენ, პაციენტს ჰგონია, რომ ყველაფერმა გაიარა, კოვიდი ვერ მოერევა და გამოჯანმრთელებულია. ასეთი ზარი რაღა თქმა უნდა, ყოვნდება. 112 ეკითხება – ოჯახის ექიმი გმართავთ? სატელეფონო კონსულტაციას იღებთ? ის პასუხობს, რომ კი, მაგრამ ფილტვებზე უნდა მოსმენა. ბუნებრივია, რომ ასეთი გამოძახება ნაკლებად პრიორიტეტულში გადადის და პირველ რიგში სრულდება ის მისამართები, სადაც სიტუაცია არ ითმენს. როგორ ფიქრობთ, ამ კაცთან უნდა წავსულიყავით და სუიციდის მცდელობა დაგვეყოვნებინა? თუმცა, არც ასეთი გამოძახება რჩება უყურადღებოდ, რა თქმა უნდა და სასწრაფო მასთანაც აუცილებლად მიდის. გარწმუნებთ, რომ რეაგირების გარეშე არც ერთი გამოძახება არ რჩება.

 

რაც კოვიდი გადავიტანე, ახლა უფრო თამამად ვარ. მართალია, ისევ ეკიპირებით დავდივარ, მაგრამ უმცროს ექიმს არ გადაუტანია ვირუსი და ვცდილობ, ინფიცირებულთან არ მივუშვა, ყველაფერში მე მივიღო მონაწილეობა, რადგან უკვე ნაკლებად ვარ საფრთხის ქვეშ და ის დავიცვა.

 

ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას, მაგრამ პაციენტების უმეტესობა მადლიერია და ამას ძალიან გულწრფელად გამოხატავენ. ექიმებს ადამიანების სახე გვაქვს ლამის დაკარგული, ამდენი შრომით. ამდენი დაინფიცირებული ექიმი გვყავს, ასევე უამრავი გარდაცვლილი და ადამიანებს კი პირბადის გაკეთება არ უნდათ. სამი ელემენტარული წესია დასაცავი: პირბადე, დისტანცია და ჰიგიენა და ამ უბრალო წესს რომ არ დაიცავს ადამიანი, ის მთავრობასა და ექიმებს რაში ადანაშაულებს? – ფილტვებზე არ მოგვისმინა ექიმმაო, იძახიან. ფილტვების მოსმენა არ გვაძლევს სურათს, კოვიდის დროს და აზრი არა აქვს მოსმენას, აუცილებელია, უფრო ღრმა კვლევის ჩატარება.

 

მინდა ყველას ვთხოვო, რომ შეიყვარონ საკუთარი თავი, მერე სხვებიც და დაიცვან  თავისი და სხვისი სიცოცხლე. ჩვენ კი ვისაც ვჭირდებით, ყველასთან მივალთ და თავს არ დავზოგავთ, რომ დახმარება გავუწიოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X