19:31 | 2020-03-13 ავტორი: Prime Time

ცნობილი ინფექციონისტის უცნობი ტრაგედია – „მას საკუთარი შვილი არ ჰაყვს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები“

მთელი შეგნებული ცხოვრება პროფესიას მიუძღვნა. 36 წელია ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. მარინა ეზუგბაია ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაიცნო – ის კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდის. გასაკვირი სულაც არ არის, რომ დღეს საქართველოში მისი სახელი და გვარი, დიდმა თუ პატარამ უკვე კარგად იცის.

 

 

64 წლის არის, დღე-ღამის განმავლობაში 3-4 საათი სძინავს. მკაცრი იმიჯი მისი სავიზიტო ბარათი სულაც არ არის. უმრავლესობამ სწორედ ასე გაიცნო, თუმცა ამ მკაცრი და ძლიერი ქალბატონის მიღმა, პირადი ტრაგედია იმალება.

 

 

ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პირადად მასთან ინტერვიუს ჩაწერა ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. მასზე მისი მეგობრები და ოჯახის წევრები საუბრობენ.

 

ოჯახი

 

მომავალი პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. დედა, წლების წინათ ინფექციურ საავადმყოფოში ზუსტად იგივე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც ახლა მას უკავია. მამა ინჟინერ-მშენებელი გახლდათ. მშობლებს სამი შვილი – ეთერი, მარინა და კახა ჰყავდათ. სამი დედმამიშვილიდან მარინა შუათანაა. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ აქ არის. ყაზბეგის (წარსულში – პავლოვი) გამზირზე მდებარე ეს საავადმყოფო მისი მეორე სახლი გახდა.

 

 

25 წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მისი რვა წლით უმცროსი ძმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ეს ტკივილი დღემდე ღია ჭრილობასავით აქვს და ამ საკითხზე იშვიათად, ან საერთოდ არ საუბრობს.

„მამაჩემი ტრაგიკულად რომ გარდაიცვალა 8 წლის ვიყავი. მახსოვს მაშინ ბებიას ვყავდი, როცა დედა და მარინა მოვიდნენ, შემიყვანეს ოთახში და მითხრეს, რომ მამა ღმერთმა თავისთან წაიყვანა, იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მივხდი, რომ მარინას სახით მე მეორე მამა მყავდა. კახა მარინაზე 8 წლით უმცროსი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მან გაზარდა. მას შემდეგ მარინა ჩვენთვის მამა გახდა, ალბათ დედაჩემისთვისაც, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა. მამიდაზე დაყრდნობილი ვართ მთელი ოჯახი და ყველა ვინც მის გარშემოა“, – ამბობს მისი ძმისშვილი მარიამ ეზუგბაია.

 

სამსახური

 

სამსახურშიც ისეთივე მკაცრი, მომთხოვნი და პრინციპულია, როგორც მედიასთან. „პრაიმტაიმს“ მისი კოლეგა მარინა ენდელაძე ესაუბრა.

 

 

 

„გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი მუშაობის პირველი წლები ინფექციურ საავადმყოფოში. დედამისი დირექტორის მოადგილე გახლდათ. საკუთარ შვილს ყველაზე ბევრ და რთულ დავალებებს აძლევდა. საბოლოო ჯამში მარინა საუკეთესო სპეციალისტად გამოიწვრთნა. ადამიანი სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, ისვენებს. ის აქამდეც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო საქმეში. ახლა, მარინას 24 საათში მხოლოდ 3-4 საათი სძინავს. ის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი გახლავთ და მას შეუძლია ახლანდელ მოვლენებს შორიდან უყუროს, თუმცა სულ აქ არის და ყველას მხარში გვიდგას…

 

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო მის პროფესიონალიზმე. გარდა ამისა, ის კარგი და ნამდვილი, ყველას დამცველი და გვერდში მდგომი ადამიანია. სამსახურში მკაცრი და სამართლიანია, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ხელმძღვანელი. მართალია, ფართო საზოგადოებამ ის საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ გაიცნო, თუმცა ის გახლავთ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციონისტი. ის არის ადამიანი, რომლის იმედი ყოველთვის და ყველგან უნდა გქონდეს. სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა, შვილი გარდამეცვალა. რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი. შვილის დაკარგვით განცდილმა ტკივილმა სულ გამინელა სამსახურში გასვლის სურვილი. მარინამ მაიძულა და დამარწმუნა, რომ საჭირო ვიყავი და ადამიანებს ვჭირდებოდი… ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი საშუალებით დიდ მადლობას გადავუხდი, იმ თავგანწირვისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მას აქვს.“ – ამბობს მარინა ენდელაძე.

 

სამსახურს მიღმა

 

ამბობენ, რომ სამსახურს მიღმა სულ სხვანაირია. კარგად მღერის და ცეკვავს კიდეც.

 

„ის არის უძლიერესი ადამიანი არამარტო მედიცინაში, არამედ ნებისმიერ სფეროში. მარინასთან შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ თემაზე, მაგალითად ხელევნებაზე ვისაუბრო. მისი აზრი ყოველთვის კომპეტენტური და გასათვალისწინებელია. არამარტო მეგობრებისთვის, მათი შვილების მესაიდუმლეც არის. არავინ ავალდებულებს, მაგრამ მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. რაღაცნაირი ამაგიანი და სლენგს ვიხმარ, სუპერ ჯიგარი ადამიანია. მის გარშემო ყველამ კარგად იცის, რომ ცხოვრება მედიცინას, ძმისშვილსა და დიშვილებს მიუძღვნა. ალბათ გულის სიღრმეში გულიც სტკივა, რომ საკუთარი შვილები არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები და უთქვამს კიდეც, რომ თქვენით ვარსებობო. მას ჰყავს უამრავი მეგობარი. საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, სკოლით და ინსტიტუტით დამთავრებული. ის ყველას იმედია. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. მან გამზარდა. ხუმრობით ვიძახი ხოლმე, რომ ორი დედა მყავს, აქედან ერთი მამაა-თქო. მარინა ჩემთვის მამაჩემის შემცვლელია…

 

 

მისი ჰობი და გართობა შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ინფორმაციის მოძიება და საკუთარი თავის განვითარებაა. ამ რეჟიმშიც კი, როცა 24 საათში სულ 3 საათი სძინავს, ჩვენ ვურეკავთ და ვეკითხებით, ჭამე? გამოიძინე? უცებ გვემშვიდობება.

 

მისით ყოველთვის ​განსაკუთრებით ვამაყობდი და ახლაც ასეა. ვეუბნები, რომ არაამქვეყნიური ქალი ხართ-მეთქი. მართლა მაოცებს მისი შესაძლებლობები, თუნდაც გამძლეობით, ენერგიით და სიმამაცით. მისი სიმკაცრე და პრინციპულობა იმიჯი არ არის. სწორედ მისი ამ თვისებით უმკლავდება ამ ყველაფერს.“ – ამბობს მარიამი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ – თენგიზ ცერცვაძე

 

პაატა იმნაძის დედა პენსიას „გურულის დღიურების ფონდს“ სწირავს

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი