fbpx
17:47 | 2020-07-07 ავტორი: თამარ გონგაძე

წყნეთის ტყეში საინტერესო ამბები დატრიალდება – “გაითავისე ცა და ისუნთქე”

წყნეთის ტყეში საინტერესო ამბები დატრიალდება – “გაითავისე ცა და ისუნთქე”

ეს ამბავი დიდ, დაბურულ ტყეში დატრიალდება. მუსიკის ჰანგები მალე წყნეთის ბინადრებს თავბრუს დაახვევს. ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტ Art” თბილისის მერიის პატრონაჟით, 17 ივლისიდან „უღრან ტყეში“ ცოცხალი მუსიკის მოსასმენად და მონატრებულ არტისტებთან შესახვედრად გიწვევთ.

 

როგორც პროექტის ავტორი, „კონცეპტ Art”-ის დამფუძნებელი, თეონა ჯორბენაძე ამბობს, წყნეთის ტყის ამფითეატრმა იხმო.

 

თეონა ჯორბენაძე: – გარე სივრცეების მოძიება რომ დავიწყე, გამახსენდა სუხიშვილების ისტორიული სახლი. ყველა დარბაზს თავისი მიზიდულობის იდუმალი ძალა აქვს. ამ ამფითეატრმაც დამიძახა. იქ ნამყოფი ვიყავი ბექა გოჩიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტზე.

 

ეს ამფითეატრი ნინო სუხიშვილის მეუღლემ, ბიზნესმენმა და ამავე დროს კრეატიულმა ადამიანმა და ხელოვნების თაყვანისმცემელმა ზურაბ ლეჟავამ ააგო. მოკლედ, მოვინახულე ეს ადგილი და დავრჩი კიდეც.

 

 

წყნეთის ღია ამფითეატრი რეგულაციების დაცვით უმასპინძლებს აქციას „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომლის ინსპირაცია რატი ამაღლობელის ლექსი გახლავთ.

 

თეონა ჯორბენაძე: – ჩემთვის მთლიანი პროექტის ინსპირაცია რატის ლექსზე შექმნილმა ზვიად ბოლქვაძის კომპოზიციამ მოიტანა. ასე გადავწყვიტეთ, რომ პროექტის სლოგანად ლექსის ფრაზა აგვერჩია. მერე უკვე დაიბადა მოწოდება – “ისუნთქე” და ასეც დავარქვი. ისუნთქე პირდაპირი გაგებით დღევანდელ სიტუაციას, ეპიდემიასაც უკავშირდება, ასევე ჩვენს სფეროს, რომელმაც რეანიმაციული პერიოდი გამოიარა და გვინდა ცოტა ვისუნთქოთ. თან უღრან ტყეს შეეფერება…

 

რთულია რეგულაციების დაცვა. სკამებს შორის დისტანცია გავითვალისწინეთ და თითოეულ კონცერტზე, სამწუხაროდ, მხოლოდ 150 ადამიანი შეძლებს დასწრებას. სცენაზე ათ კაცზე მეტის შეკრებას არ ვაპირებთ. იმედია, 10 აგვისტომდე ეს რეგულაცია შეიცვლება, რადგან 10-ში გია ყანჩელის 85 წლის იუბილეა და გვინდა, რომ უღრან ტყეში ორკესტრის კამერულმა შემადგენლობამ მაინც იჟღეროს.

 

 

პროექტი სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებს. წყნეთის ტყის კონცერტები ჯაზით იწყება, რადგან ის თავისუფლებასთან და სუფთა ჰაერთან ასოცირდება. პაპუნა შარიქაძე საავტორო ნაწარმოებებსაც შეასრულებს. საავტორო მუსიკა გაიჟღერს პროექტში “ალისფერი ანგელოზები”, რომელშიც აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი, პიანისტი გიორგი გიგაშვილი და ერეკლე დეისაძე მონაწილეობენ. ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და მან 29 თებერვალს კონსერვატორიაში ანშლაგისა და დიდი ოვაციების ფონზე ჩაიარა.

 

25 ივლისს გაიმართება კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამო, რომლის სპეციალური სტუმრები, ჩელისტი ლიზი რამიშვილი და რატი ამაღლობელი იქნებიან. 

 

 

მრავალი საერთაშორისო გრან-პრის მფლობელი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტსაც მოისმენთ. ცნობილი ტენორის ოთარ ჯორჯიკიას, მარიამ როინიშვილის, მარიამ ნაჭყებიას და ნუცა ზაქაიძის მონაწილეობით შესრულდება. გაიმართება ახალი თაობის ვარსკვლავების სამდღიანი ფესტივალი.

 

თეონა ჯორბენაძე: – მე მიხარია, რომ ამ ახალ თაობას შლეიფად კლასიკური მუსიკა მიჰყვება და ძალიან ფართო მსმენელი შეიძინეს ამ ორი წლის მანძილზე, რაც ერთად ვმუშაობთ. სანდრო გეგეჭკორის, გიორგი გიგაშვილისა და სანდრო ნებიერიძის შეკრება სხვა ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად შარშან, “კონცეპტ Art”-ის ფესტივალზე შედგა. მათ კიდევ დაემატებიან ახალი თაობის მუსიკოსები და მსმენელს სამდღიან ფესტივალზე ვუმასპინძლებთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო კარგი ფესტივალი გამოვა, ვიდრე შარშან იყო.

 

10 აგვისტოს ლეგენდარული გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე კი ნიკოლოზ რაჭველის, ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონის, გიორგი ცაგარელის და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მოსმენით დატკბებით.

 

ლოკაცია: წყნეთის ბოლო გაჩერებაზე, სუხიშვილის ქუჩა N1

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X