14:20 | 2020-07-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“ცხოვრებაში თქვენზე უკეთესი ეძებეთ და თქვენც კარგად იქნებით” – ნანი ბრეგვაძე იუბილარია

“ცხოვრებაში თქვენზე უკეთესი ეძებეთ და თქვენც კარგად იქნებით” – ნანი ბრეგვაძე იუბილარია

ქართული სიმღერისა და სცენის მეტრი, საქართველოს სახალხო არტისტი – ნანი ბრეგვაძე იუბილარია. 21 ივლისს მომღერალი 84 წლის გახდა.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” აცხადებს, შინაგანი განწყობით ისევ ახალგაზრდაა. მისი გარეგნული მშვენიერების და სიმხნევის საიდუმოებაც ამ განწყობაშია. ის, რომ მასთან კონტაქტი ახალგაზრდებსაც სიამოვნებას გვრის, სწორებ მისი პოზიტიურობის დამსახურებაა.

 

ძილის წინ ლოცვა ტრადიციად აქვს, სურს, რომ მის სამშობლოში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდეს. დიდი რეპერტუარიდან თუ რომელი სიმღერა აგდებს საოცარ ემოციებში, ამაზე იუბილარი თავად გვიამბობს.

 

ნანი ბრეგვაძე: – როგორც ათი და ოცი წლის წინ მქონდა, ისეთი განწყობა მაქვს დღესაც. ისე რომ ვიყო, საგიჟეში უნდა ვიყო, უბრალოდ შინაგანი განწყობა ასეთია. იმედით ვცხოვრობ. არავითარ შემთხვევაში არ ვკარგავ იმედს.

 

ორი დღის წინ ბუბას დაბადების დღეს იყო, მივულოცე. სიყვარულით ბუბუსიას ვეძახი, ის – ნანუ, ჩემო სიყვარულოო, მეფერება. მთელი ცხოვრება ერთად ვართ, განცდებსა და სიხარულში.

 

ნანი ბრეგვაძე პირადზე - ''ჩემი ქმარი ...

 

გონიოში ერთად გვაქვს ლამაზი სახლი აშენებული მე, ბუბას და სოფიკო ჭიაურელს. სოფიკო ახლა სადაც არის, იქაც კარგად იქნება. მენატრება სოფიკო და ყველა ჩემი გარდაცვლილი ახლობელი და მეგობარი. შაბათობით მიცვალებულებს რომ ვიხსენიებ, უნდა ნახოთ, რამხელა სია მაქვს. ჩემი უახლოესი გოგოები, წასულები არიან. ორი-სამი დავრჩით.

 

 

არის რაიმე ტრადიცია, რასაც დაბადების დღეს აკეთებთ ხოლმე?

 

– არა, ასეთი ტრადიცია არ არის, თუმცა ახლობლებს, მეგობრებს ვმასპინძლობ ხოლმე. რაღაცას ყოველთვის ვამზადებ და სტუმრებს ვხვდები. ვიღებ უამრავ მილოცვას. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მეგობრები ჩამოდიოდნენ და დედაჩემი ყველას ხვდებოდა. აღნიშვნაა ტრადიცია.

 

2020-06-26"ცოტა ძალა დავატანეთ" - 60 წლის ეკა მამალაძის პანდემიური კონცერტი

 

ასაკით ბევრად უმცროსები გემეგობრებიან, ამბობენ, რომ თანამედროვე ხართ…

 

– მივყვები თანამედროვეობას, თუმცა არის რაღაცები რასაც არ ვაკეთებ. ტატუები არ მიყვარს. ვერც შევეჩვევი. ამისთვის არც არავის ვკიცხავ, თუ ადამიანი თავს ტატუთი ბედნიერად გრძნობს, გაიკეთოს. სხვა მხრივ ვცდილობ მივყვე დროებას.

 

– ყველაზე მეტად რა გეამაყებათ?

 

– უნიჭიერესი ქართველი ხალხის გამარჯვება და აღიარება. ეს ბედნიერებაა. ნიჭიერ ადამიანს სხვამაც უნდა მისცეს საშუალება, უნდა დაეხმაროს. გვერდით უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს.

 

– რაიმეს ნანობთ?

 

– ყოველთვის გახარებული არავინაა. რაც ხდება, უკეთესობისკენაა. შეიძლება იმ დროს არ მომწონებია რაც მომხდარა და მწყენია, მაგრამ მერე მივმხდარვარ, რომ უკეთესობისკენ იყო ეს ყოველივე მომართული. პირადი ცხოვრების მომენტებიც ასეა, დარდიც მქონდა, ნაწყენიც ვიყავი, მაგრამ ასე იყო, ალბათ, საჭირო. ყველაფერი მაინც უკეთესობისკენ მიდის.

 

რომელი სიმღერა ჰგავს ყველაზე მეტად ნანი ბრეგვაძეს?

 

– ვერაფრით გეტყვით. როგორ შეიძლება ამხელა რეპერტუატიდან ერთი სიმღერით შემოვიფარგლო. თუმცა სიმღერა “განთიადს” გამოვყოფ იმ კუთხით, რომ აკაკი წერეთელს საოცარი სიტყვები აქვს დაწერილი, მაჟრიალებს, ხმას ვერ ვიღებ… მუსიკაც საოცარია. ძალზედ პატრიოტულია.

 

ნანი ბრეგვაძის სახელობის ...

 

 – ძილის წინ ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ?

 

– სულ ვლოცულობ. შვილებსა და ქვეყნაზე ვფიქრობ. როდესაც ქვეყანა დაწყნარებულია, ხალხიც კარგადაა. ხანდახან ჩემთვის მიხარია რაღაც მოვლენა, ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, რა ბედნიერებაა-მეთქი, მაგრამ გლობულურად მინდა ყველაფერი კარგად იყოს. სიმშვიდე და სიყვარულია მთავარი. “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”. ასეა. გამონათქვამები ტყუილად არ არსებობს. ეს დაკვირვების შედეგია. მე ცხოვრებაში ყველაფერს ვაკვირდები, საიდან მოდის ეს გამონათქვამი, რა რას მოსდევს, რა რისი შედეგია…

 

– ასეთი შინაგანი სიმხნევის თქვენი საიდუმოება გაგვიმხილეთ.

 

– ეს საიდუმლოება რომ იცოდეს ქვეყანამ, ყველა კარგად იქნებოდა. უბრალოდ პოზიტივი და პოზიტიური განწყობა. აბა, რა! არ უნდა იყო ბოღმისგან დამხრჩვალი, თავი უნდა გაათავისუფლოთ ნეგატივისგან. ცხოვრებაში ეძებეთ თქვენზე უკეთესი და თქვენც კარგად იქნებით. უკან კი არ უნდა დაბრუნდე, წინ უნდა იყურო და კარგი დაინახო. კარგის დანახვით შენც კარგი გემატება.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X