fbpx
21:30 | 2020-10-11 ავტორი: Prime Time

ცხოვრება ყოფილ საპირფარეშოში – ცხრაშვილიანი ოჯახის მძიმე ისტორია

ცხოვრება ყოფილ საპირფარეშოში – ცხრაშვილიანი ოჯახის მძიმე ისტორია

ბათუმში, ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ 53-ე სამხედრო ბატალიონი იყო განთავსებული, დღეს ასეულობით ოჯახი რთულ პირობებში ცხოვრობს. პირველი თვითნებურად შესახლებულები აქ 2012 წელს გამოჩნდნენ და ცხოვრება ცარიელ ადგილზე დაიწყეს.

 

პირველმოსახლეებს შორის იყო თამარ კოკობინაძის ოჯახიც. მრავალშვილიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარს არც სახლი, არც ეზო და არც საყოფაცხოვრებო ნივთები არ ჰქონდათ. ისინი ყოფილი ბატალიონის დანგრეულ საპირფარეშოში შესახლდნენ და ნელ-ნელა, საკუთარი შრომით ცხოვრების მოწესრიგება დაიწყეს.

 

დუხჭირი ყოფის მიუხედავად, ახლა ამ ოჯახში შესვლისთანავე იგრძნობა მზრუნველი და მოწესრიგებული დიასახლისის ხელი. მართალია ირგვლივ სიღარიბე სუფევს, მაგრამ ყველაფერი სუფთად და მოვლილად გამოიყურება.

 

საკუთარ ისტორიას 40 წლის თამარ კოკობინაძე „პრაიმტაიმს“ თვითონ უყვება.

 

„სოფელ ერგედან ვარ, ჩემი მეუღლე კაპანდიბიდან. 17 წლის გავთხოვდი. რვა წელია ვცხოვრობთ ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე. მყავს 9 შვილი. 6 გოგო და 3 ბიჭი. უფროსი 22 წლისაა და გათხოვილია. ხოლო ნაბოლარა 2 წლისაა.თავიდან ქმრის ოჯახში ვცხოვრობდი, სადაც ბევრი ვიყავით, ადგილი არ იყო. გადავწყვიტეთ აქ დავსახლებულიყავით. ეს იყო 2012 წელს. იძულებული ვიყავით გაუსაძლის პირობებში გვეცხოვრა. არც შუქი იყო, არც წყალი. მაგრამ ეს გაჭირვებაც გადავლახეთ. როგორც კი აქ დავსახლდით, სოციალური დახმარება დამინიშნეს. ყოველთვიურად ვიღებთ 740 ლარს და პლუს 180 ლარს, როგორც მრავალშვილიანი დედა. ამ ფულით მხოლოდ ბავშვების გამოკვებას ვახერხებ. სხვა საჭიროებებისთვის ფული აღარ გვრჩება.

 

მე ვერ ვმუშაობ, შვილებს ვუვლი. ჩემი ქმარი ადრე მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ვეღარ მუშაობს.ზოგჯერ მაინც ცდილობს და რაც გამოჩნდება ყველა საქმეს აკეთებს, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილი ეწყება და იძულებულია, რომ ხანგრძლივი დროით გაჩერდეს. ვართ მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად.

 

ეს ქოხი ჩვენი ძალებით გავაკეთეთ. ბევრი ადამიანი დამეხმარა მშენებლობის პროცესში. არიან ორგანიზაციები, რომლებიც მეხმარებიან. ახალ წელს პროდუქტი მოაქვთ. მაგალითად, მარიკა ჭანტურია, რომელიც სოციალურ სააგენტოში მუშაობს, ძალიან ბევრს მეხმარება. ასევე ძალიან მეხმარება ორგანიზაცია „იალქანის“ დირექტორი თეონა აბაშიძე.  კორონავირუსის პანდემიის დროსაც მომიტანეს  პროდუქტი.

 

ახლა აქ ბინა რომ აშენდება, მომცემენ ალბათ. მაგრამ მანამდეც უნდა მოეცათ, როგორც მრავალშვილიანი ოჯახისთვის. მერიაში რამდენჯერმე განცხადება დავწერე.  მითხრეს, შვიდი წელი უნდა იყო რეგისტრირებული ბათუმში, რომ ბინა მოგცენო. წელს სრულდება შვიდი წელი, რაც რეგისტრირებული ვარ.

 

ცუდ პირობებში მყავს შვილები, ნესტია ყველგან, ერთ საწოლში სამ ბავშვს სძინავს. ჩემი სახლი მთლად 40 კვ.მ. თუ იქნება. ერთი საძინებელია, უფროსები ერთად წვებიან და ვერ ეტევიან.ორსართულიანი საწოლები გვაქვს, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტომ მოგვცა.

 

 

მესამე წელია, რაც ბათუმის მერიის ერთ-ერთი პროგრამის ბენეფიციარი ვარ. ყოველ ზაფხულს გვაძლევენ ხუთიათასლარიან ვაუჩერს და ბავშვები ურეკში მიმყავს დასასვენებლად.

 

ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის ბინა. ვის მივმართო, სად წავიდე აღარ ვიცი. მთავრობასაც მივმართე. პირადად მივწერე თორნიკე რიჟვაძეს. აქ სანამ აშენდება ბინები, ხომ დაიტანჯა ჩემი შვილები. უფროსს გოგოს ასთმა ჩამოუყალიბდა. ზაფხულში ისეთი აუტანელი სიცხეა, განსაკუთრებით ბავშვების საძინებელში, რომელსაც ფანჯრები არ აქვს, ვერ იძინებებენ. ძალიან მინდა, რომ ახალ წლამდე მაინც დაგვაკმაყოფილონ ბინით.

 

სველი წერტილები ჩვენით გავაკეთეთ, თუ ამას გაკეთება ჰქვია, მაგრამ სულ არაობას სჯობს.

 

ის ორასლარიანი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ დაფვირიცხა ამ პანდემიის დროს, საკმარისი არ არის. წელს ჩემი ერთ-ერთი შვილი პირველად წავიდა სკოლაში და ამ 200 ლარით რაღაც ნივთები შევუძინე. კიდევ რამდენიმე მყავს სკოლის ასაკის და ამ ფულით ყველაფრის ყიდვა, რაც მათ სჭირდებათ, ვერ მოვახერხე. იქნებ გამოჩნდეს ვინმე კეთილი ადამიანი და დაგვეხმაროს.

 

ახლა სადაც ვცხოვრობთ, ადრე სამხედრო ბატალიონის საპირფარეშო იყო. აქ ცხოვრება თუ შეიძლებოდა, ვერც კი წარმოიდგენთ. ზემოდან დავასხით ბეტონი, ძველი კაფელები ახლაც ჩანს ალაგ-ალაგ, მერე მივამატეთ ერთი ოთახი. წელიწადნახევარი შუქი არ გვქონდა, სანთელზე ვიყავით, სანთლის შუქზე სწავლობდნენ ბავშვები. ალბათ ღმერთმა მომცა ძალა გამეძლო ამ ყველაფრისთვის. ექვსი შვილი მყავდა მაშინ, სამი აქ შემეძინა. მაშინ ხელვაჩაურის სკოლაში სწავლობდნენ. ხან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უჩერებდა, წვიმის დროს კი ეზოში ისეთი გუბეები დგას, გარეთ ვერ გავდივართ.  მაშინაც ასე იყო. ამიტომ ხშირად სკოლაში აგვიანდებოდათ ან საერთოდ ვერ მიდიოდნენ.  იძულებული გავხდი სალიბაურის სკოლა-ინტერნატში მიმებარებინა. ორშაბათს სკოლის ტრანსპორტს მიჰყავდა  და პარასკევს ბრუნდებოდნენ.

 

ჩემი შვილები ჩემი სიმდიდრეა, სხვა სიმდიდრე ჩვენ არ გაგვაჩნია. იმისთვი ვიბრძვი, რომ მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და არ მოუწიოთ სიღარიბეში ცხოვრება. ხანდახან დავჯდები და ჩუმად ვტირი, ჩემი შვილებს ბევრი რამ აკლიათ, რომ ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ.

 

 

მინდა ისწავლონ, განათლება მიიღონ, მაგრამ ჩვენი გაჭირვებული ყოფიდან გამომდინარე, უფროსი შვილები მეცხრე კლასიდან გამოვიყვანე.

 

ბევრი ოცნება აქვთ ჩემს შვილებს. მაგრამ მათი მთავარი ოცნება მაინც ბინა და განათლების მიღებაა, თუნდაც რაიმე პროფესია რომ შეისწავლონ“.

 

ჩვენი და ქალბატონი თამარის საუბარში პერიოდულად ბავშვებიც ერთვებოდნენ. ერთი მათგანი კი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, საკუთარი ხელით ხისგან პატარა სათამაშოებს აკეთებდა. როცა ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი, მიპასუხა, ჩემი და-ძმებისთვის სათამაშოებს მე თვითონ ვთლი, რადგან ვერ ვყიდულობთო. არადა ის სულ რაღაც 9 წლისაა.

 

სათამაშოები ერთადერთი არ არის, რაზეც ბავშვები ოცნებობენ. უფროს დებს უფრო სერიოზული ოცნებები აქვთ:

 

„საშუალება რომ ყოფილიყო, არ გამოვიდოდით მეცხრე კლასიდან და უმაღლეს განათლებას მივიღებდით. ოცნებების განხორციელებაში ხელი უსახსრობამ შეგვიშალა. ახლა ძალიან მინდა სტილისტობა ვისწავლო, ჩემი და კი განსაკუთრებულად კარგი მოსწავლე იყო და ახლა იძულებულია რაიმე პროფესიის შესწავლას დასჯერდეს, მაგალითად, კულინარობას.

 

ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ და მინდა ნორმალურ სახლში ვცხოვრობდეთ, ჩემი ოთახი მქონდეს, ნორმალური პირობები. ღამით რომ დავწვებით, ღმერთს ვთხოვ, დედა და მამა ბედნიერი მიმყოფოს“

.

ამ სახლში ყველას თავისი სანუკვარი ოცნება აქვს. პატარები ტანსაცმელზე, ტკბილეულსა და სათამაშოებზე ოცნებობენ. უფროსები – საკუთარ სახლზე, განათლების მიღებაზე, მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოზე. მღრღნელებით და ქვეწარმავლებით სავსე ტერიტორიაზე პატარა ქოხში ცხოვრებას მაინც იმედიანად აგრძელებენ და სჯერათ, რომ მათი უპირველესი სურვილი აუცილებლად ასრულდება. მანამდე კი ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებისთვის სასკოლო ინვენტარი, ტანსაცმელი და სხვა ელემენტარული საჭიროებები უდგას.

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გამოჩნდებიან ადამიანები, როლებიც, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში თამარ კოკობინაძის ოჯახს დაეხმარებიან.

 

ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X