fbpx
14:50 | 2020-02-12 ავტორი: Prime Time

ცხოვრება გამიმწარა!.. კომპანიის კუთვნილი ფული წააგო – დედა თამაშდამოკიდებულ შვილზე

ცხოვრება გამიმწარა!.. კომპანიის კუთვნილი ფული წააგო – დედა თამაშდამოკიდებულ შვილზე

„ამ პრობლემას უკვე წლებია ვებრძვით. რა აღარ ვცადეთ, ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანს“. ეს ლუდომანიასთან უთანასწორო ბრძოლაში ჩართული დედის სიტყვებია. დედის, რომელიც უკვე წლებია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული შვილის ცხოვრების წესის შეცვლას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

 

რესპონდენტმა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

 

რამდენმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე სუიციდით, ხომ არ გვავიწყდება!? არ მინდა შემდეგი ჩემი ან სხვისი შვილი იყო!

 

„ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩემი შვილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული როდის გახდა, თვითონაც აღარ ახსოვს. როცა ამის შესახებ შევიტყვეთ, მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ უფროსი ბიჭი აზარტულ თამაშებს აღარ გაკარებოდა. თავიდან დავემუქრეთ, თბილადაც ვესაუბრეთ, სასულიერო პირსაც გავასაუბრეთ, ფსიქოლოგთანაც მივიყვანეთ, ფსიქიატრთანაც… პარალელურად შემოვიარე ჩვენი რეგიონის ყველა სათამაშო დაწესებულება. მოვითხოვდი ჩემი შვილი გაეშავებინათ და აღარ შეეშვათ დაწესებულებებში, თუმცა ამ ბიზნესს რაში აინტერესებს ოჯახი? მათთვის მთავარი შემოსავალია. რაში ანაღვლებთ ადამიანების დაქცევა და გაუბედურება?! ამ ბრძოლაში გავატარე წლები.  პერიოდულად გონება უნათდებოდა, აღარ თამაშობდა. როცა ვფიქრობდით, რომ ყველაფერი ცუდ წარსულს ჩაბარდა, სწორედ მაშინ ვიგებდით, რომ ფული ჰქონდა წაგებული. მერე ოჯახიდან ნივთებიც გაქრა…

 

რაიონში ვცხოვრობდით და როცა უმაღლესში ჩააბარა, თან გამოვყევი დედაქალაქში. ზუსტად ვიცოდი, რომ თავისუფლად მიშვება უფრო მძიმე შედეგს გამოიწვევდა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ კარგი გონების ბიჭია, ნიჭიერიც, თუმცა რად გინდა?! ყველაფერს ის მავნე დაავადება ფარავს, რასაც ამ დრომდე ვერ მოერია. სტუდენტობის პერიოდში ცხოვრება გამიმწარა. პერიოდულად ჩუმად თამაშობდა, ერთხელ სწავლის საფასურიც კი წააგო. ახლა რომ ვფიქრობ საიდან, როგორ და რანაირად მოვედით აქამდე  მიკვირს. ორი წლის წინ დაოჯახდა, ვიფიქრე ცოლ-შვილს მოეკიდება და იქნებ ბავშვმა მისი ცხოვრება შეცვალოს-მეთქი. არა, პერიოდულად ისევ უბნელდება გონება… რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში ექვსთვიანი სტაჟირება გაიარა. აიყვანეს, ხელფასი 1200 ლარი დაენიშნა. მაღაზიაში სასოფლო სამეურნეო ტექნიკას და მის ნაწილებს ყიდდა.

 

სამი თვის შემდეგ გაირკვა, რომ კომპანიის კუთვნილი 4 ათასი ლარი სხვადასხვა აზარტულ სათამაშო ონლაინ საიტებზე ჰქონდა გადარიცხული. როცა ეს ამბავი გასკდა, კომპანიის თანამშრომლების კეთილი ნებით, საქმე სამართალდამცველებამდე არ მისულა, თუმცა თანხის გადახდა დაგვევალა. კომპანიის წარმომადგენლებს პირადად შევხდი, ძალიან გაგებით მოეკიდნენ ჩვენი ოჯახის სატკივარს. შეღავათი მოგვცეს, წაგებული თანხა ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად უნდა დავფაროთ. როცა ჩემს შვილს ვკითხე, რატომ დედა, რისთვის, როდემდე-მეთქი, ასე მიპასუხა: ხელფასი ხომ უნდა ამეღო, ვერ დავფარავდიო?! მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და დედა, მოვითხოვ დახმარებას სახელმწიფოსგან. აუცილებლად უნდა შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ერთიანი ბაზა. ოჯახის წევრების ჩარევის შემდეგ უნდა მოხდეს მათი ე.წ. გაშავება და არ მიეცეთ უფლება ითამაშონ. უნდა გაკეთდეს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩემმა შვილმა და ამ სენით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა იმკურნალონ“ – ამბობს ლუდომიანის დედა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X