10:34 | 2020-05-09 ავტორი: Prime Time

„წინასწარმეტყველური წიგნები“ – რას წერდნენ კორონავირუსზე წლების წინ?

„წინასწარმეტყველური წიგნები“ – რას წერდნენ კორონავირუსზე წლების წინ?

ამ წიგნებს წინასწარმეტყველური პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან უცნაური დამთხვევის მიუხედავად არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ავტორებმა მართლაც  ათეულობით წლის წინ გათვალეს კორონავირუსის პანდემია.

 

„ფერმერთა ალმანახი“

 

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს 1981 წელს აშშ-ში გამოცემულ „ფერმერის ალმანახში“ 2020 წლის მომაკვდინებელი ვირუსია ნაწინასწარმეტყველები.

 

ამონარიდი ინტერნეტ-სივრცეს ელვის სისწრაფით მოედო და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე  კიმ კარდაშიანმაც კი გააზიარა.

 

 

კარდაშიანი „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია და მას მილიონობით გამომწერი ჰყავს.  

 

და აი, რა წერია მის მიერ გამოქვეყნებულ ამონარიდში:

 

„დაახლოებით, 2020 წელს, პნევმონიის მსგავსი დაავადება გავრცელდება მთელ მსოფლიოში, შეტევა ფილტვებზე და ბრონქულ მილაკებზე. არ დაემორჩილება აქამდე ცნობილი მკურნალობის არცერთ მეთოდს. იგი ისევე მოულოდნელად გაქრება, როგორც გამოჩნდა, ათი წლის შემდეგ კვლავ იქნება შეტევა, შემდეგ კი მთლიანად გაქრება“.

 

„ფერმერის ალმანახი“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ძველი ფერმერის ალმანახი“, აშშ-ში 1792 წლიდან იღებს სათავეს, ხოლო კიდევ ერთი „ფერმერთა ალმანახი“ შეიქმნა 1818 წელს.

 

პერიოდული გამოცემა ჩვეულებრივ შეიცავს ამინდის გრძელვადიან პროგნოზებს, ხვნა-თესვის გრაფიკებს, სხვადასხვა რჩევებსა და რეცეპტებს.

 

ძირითადად პროგნოზები ყურადღებას ამახვილებს ამინდის მონაცემებზე.

 

1981 წელს გამოცემულ „ფერმერის ალმანახში“ ზემოთ მოყვანილი ამონარიდი არ იძებნება, შესაბამისად სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ალმანახმა 2020 წლის ავადმყოფობა 1981 წელს იწინასწარმეტყველა.

 

რეალურად ეს ტექსტი გვხდება 2008 წელს გამოცემულ სილვია ბრაუნის წიგნში  სახელწოდებით  – „დღეების დასასრული: პროგნოზები და წინასწარმეტყველებები მსოფლიოს დასასრულის შესახებ“.

 

„დღეების დასასრული“

 

ეს წიგნი 2008 წელს დაიწერა. ავტორმა სილვია ბრაუნმა ბუნდოვნად დაწერა, რომ რესპირატორული დაავადება მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა 2020 წელს.

 

End Of Days: Was the 2020 worldwide Coronavirus outbreak foretold ...

 

 

მიუხედვად ამისა, ძნელია ამ ფაქტს წინასწარმეტყველური ვუწოდოთ, ვინაიდან წიგნი დაიწერა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ჯგუფის ვირუსი SARS (მწვავე რესპირატორული მწვავე სინდრომი) 2000-იანი წლების დასაწყისში გავრცელდა რამდნეიმე ქვეყანაში.

 

ბრაუნის პროგნოზიც სავარაუდოდ აქედან არის შთაგონებული და ალბათ უფრო „იღბლიან“ დამთხვევად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე რეალურ პროგნოზად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ბნელეთის თვალები“

 

„ბნელეთის თვალები“ – ასე ჰქვია 1981 წელს გამოქვეყნებულ რომანს, რომელიც ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში შექმნილ ბიოლოგიურ იარაღზე მოგვითხრობს.

 

მხატვრული ნაწარმოების მიხედვით, მომაკვდინებელი ვირუსი ხელოვნურად ქალაქ უჰანში შექმნეს და მას „უჰანი 400“ უწოდეს.

 

„ბნელეთის თვალებში“ დამწუხრებული დედა ცდილობს გაარკვიოს ცოცხალია, თუ არა მისი ვაჟი დენი. სიუჟეტიც სწორედ ამ მიმართულებით, ქალაქ უჰანში ვითარდება.

 

დღეს, როდესაც მომაკვდინებელი კორონავირუსი სწორედ ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გავრცელდა, ბევრმა სწორედ დინ კუნცის ეს ნაწარმოები გაიხსენა და ისიც თქვეს, რომ მწერალი ჯერ კიდევ 40 წლის წინ პროგნოზირებდა უჰანში მომაკვდინებელი კორონავირუსის ეპიდ-აფეთქება.

 

 

ცხადია, რეალურად ეს უბრალოდ მხატვრული დამხთვევაა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც თანამედროვე მსოფლიო კორონავირუსის გამოწვევის წინაშე დადგა.

 

სინამდვილეში დინ კუნცის მიერ აღწერილ ბიოლოგიურ იარაღს „უჰანი 400“-ს ცოტა რამ აქვს საერთო კორონავირუსთან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მხატვრულ ნაწარმოებშიც და თანამედროვე რეალობაშიც ვირუსის ეპიცენტრი ქალაქი უჰანია.

 

რომანში, „უჰან 400“ არის ადამიანის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღი. კორონავირუსის შემთხვევაში კი ამ დრომდე ეს არავის დაუმტკიცებია.

 

მხატვრული ნაწარმოების მიხევდით, „უჰან 400“-ს აქვს 100%-იანი ფატალურობის მაჩვენებელი. კორონავირუსის ფატალურობის მაჩვენებელი კი ვირუსის მასშტაბის მიუხედავად, მაინც 2-3 პროცენტია.

 

გამოგონილ „უჰან-400“-ს ინკუბაციის ჩქარი პერიოდი აქვს (დაახლოებით ოთხი საათი), განსხვავებით კორონავირუსისგან, რომლის საინკუბაციო პერიოდი 14 დღეა.

 

მკითხველთა ნაწილი, ვინც დინ კონცის რომანში „ბნელეთის თვალები“ ბიოლოგიური იარაღი „უჰან 400“ ახლა აღმოაჩინა, შეეცადა მსგავსებების ძიებას და ცხადია, შეთქმულების თეორიამაც არ დააყოვნა:

 

„იქნებ მწერალი ამ გლობალურ საფრთხეზე გვაფრთხილებდა?“

 

„შესაძლოა კორონავირუსიც ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია“ და ა.შ…

 

მსგავსი ვერსიები შეთქმულების თეორიიდან ბევრია, თუმცა რეალური მსგავსება „უჰან 400“-სა და კორონავირუსს (COVID-19) შორის მინიმალურია.

 

„ბნელეთის თვალები“ გახლავთ მხატვრული ნაწარმოები, რომლის ავტორსაც მოვლენათა პროგნოზირებაზე პრეტენზია არასდროს განუცხადებია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X