23:41 | 2020-05-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თენგიზ ცერცვაძე ბიძინა კულუმბეგოვს შეცდომებზე მიუთითებს

თენგიზ ცერცვაძე ბიძინა კულუმბეგოვს შეცდომებზე მიუთითებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-თან დაკავშირებით  ექიმი ალერგოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებები მცდარია.

 

„ა.წ. 28 აპრილს TV პირველის ეთერში COVID-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში ექიმი ალერგოლოგის – ბატონი ბიძინა კულუმბეგოვის ზოგიერთი განცხადება და შეფასება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

 

ბატონი ბიძინა, რამდენადაც ვიცით, პერსპექტული ახალგაზრდა ექიმია და ამიტომ მას ალბათ, მეტი წინდახედულობა მართებდა.

 

მან განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ?! და მხოლოდ დარჩენილ 3%-ს (ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა.

 

ბ-ნ ბიძინას რომ COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდესდა ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა.

 

ბ-ნ ბიძინას ფორმულირებაში მთლიანად გამოტოვებულია COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, რომლებიც არ არიან კრიტიკულად მძიმე, მაგრამ არც მსუბუქ და საშუალო კატეგორიას მიეკუთვნებიან.

 

მსოფლიო სტატისტიკით მძიმე პაციენტების ხვედრითი წილი COVID-19-ით ავადმყოფების საერთო რაოდენობის

 

20%-ს შეადგენს, მათგან 5% კრიტიკულად მძიმეა, ხოლო დანარჩენი 15% – უბრალოდ მძიმე. საქართველოშიც დაახლოებით ასეთვე პროპორციებია.

 

გარდა ამისა, COVID-19-ს ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული მიდრეკილება დამძიმებისკენ და საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადება იწყება მსუბუქად, ან საშუალო სიმძიმით და შემდეგ მძიმდება.

 

შესაბამისად, საშუალო და მძიმე (და არა მხოლოდ კრიტიკული) პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ სერიოზულ სიმპტომურ, დამხმარე და პათოგენეზურ მკურნალობას, რაც მათ უტარდებათ კიდეც

 

და შესაძლოა ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენთან კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვი 3-4%-ს არ აღემატება და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია.

 

და კიდევ – კრიტიკულად მძიმე პაციენტების (ანუ 3%-ის) გარდა სხვებს მკურნალობა მართლა რომ არ სჭირდებოდეთ და თავისით რჩებოდნენ, მაშინ ამ პაციენტების მკურნალობას საქართველოში ერთი 30-საწოლიანი კლინიკა ეყოფოდა

 

და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც COVID-19-ით სიკვდილობა დადასტურებული შემთხვევების 10-დან 18%-მდე არ იქნებოდა.

 

თუ ბიძინა კულუმბეგოვი მართლა თვლის, რომ მკურნალობა COVID-19-ით ავადმყოფების მხოლოდ 3%-ს (მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს) სჭირდება, ის სერიოზულად ცდება.

 

ხოლო თუ ასე არ თვლის, მაგრამ ასე ამბობს, მაშინ კიდევ უფრო უარესი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები