fbpx
21:45 | 2020-10-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დავუბრუნდი მამას, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიმიყვანა! – როგორ ცხოვრობს ბიჭი, რომელიც მოძალადე მამასთან დაბრუნდა

დავუბრუნდი მამას, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიმიყვანა! –  როგორ ცხოვრობს ბიჭი, რომელიც მოძალადე მამასთან დაბრუნდა

პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც თვითმკვლელობა მამის მხრიდან ძალადობის გამო სცადა, 31-დღიანი მკურნალობის შემდეგ, საცხოვრებლად ისევ მამასთან დაბრუნდა…

 

ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ცხოვრებას ძალადობრივ გარემოში ცხოვრება ამჯობინა.

 

როცა სიცოცხლისთვის იბრძოდა და მის გადასარჩენად მედიკოსები ყველაფერს აკეთებდნენ, აზრზე მოსულს დედა დაუკავშირდა, ალექსის თქმით, მან შვილს თავისთან ცხოვრება შესთავაზა, თუმცა ბოლოს უარი უთხრა.

 

ალექსი ამბობს, რომ მამა, რომელსაც შვილზე ძალადობისთვის პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, მასზე ზეწოლას ისევ აგრძელებს.

 

ახლა, ალექსი ისნის მუნიციპალიტეტში შეტანილი განაცხადის პასუხს ელოდება. ამბობს, რომ მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს – ის ბინის ქირის უზრუნველყოფას ითხოვს – ვითხოვ, რათა სიცოცხლე გავაგრძელოო, დასძენს.

 

Exclusive: „გამიჩნდა მხოლოდ ერთი კითხვა, რატომ გადავრჩი“ - ინტერვიუ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ
2020-08-18Exclusive: „გამიჩნდა მხოლოდ ერთი კითხვა, რატომ გადავრჩი“ - ინტერვიუ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ

 

„მას შემდეგ, რაც თვითმკვლელობის მცდელობის გამო, ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკიდან გამომწერეს, წასასვლელი არსად მქონდა, ან ქუჩაში უნდა მეცხოვრა, ან – მოძალადე მამასთან, რომელსაც შემაკავებელი ორდერი ჰქონდა და პოლიციამ 30 დღე ჩემთან კონტაქტი აუკრძალა. ეს დრო უკვე გავიდა…

 

რადგან დიდი არჩევანი არ მქონია, ამიტომ ისევ ძველ მისამართზე – ძალადობის, შეურაცხყოფის, დამცირების, პროვოკაციის ადგილას, სახლად წოდებულ შენობაში მივედი. დავუბრუნდი მამას, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიმიყვანა.

 

ძალიან რთული იყო მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის გამკლავება, იმ დაზიანებების აღმოფხვრა, რაც ამ მცდელობამ მომიტანა, მაგრამ კიდევ უფრო რთული იყო, რეალობის აღქმა… მე არავინ ვარ, არაფერი შემიძლია. იმ ელემენტარული პირობების შექმნაც არ ძალმიძს, რაც უბრალოდ მშვიდ ცხოვრებას მომიტანდა. ამიტომ ვთქვი თქვენთან ინტერვიუში, – როცა გონზე მოვედი, პირველი კითხვა გამიჩნდა – რატომ გადავრჩი-მეთქი.

 

ვიცოდი, რომ მარტო ვერაფერს შევცვლიდი, ვიცოდი, რომ ისევ ამ რეალობას დავუბრუნდებოდი და აღარ მინდოდა გამუდმებულ ძალადობრივ გარემოში ცხოვრება, მით უფრო, რომ მოძალადე საკუთარი მამაა… მართალია, ქალაქის მერიამ ლილოს ცნობილ თავშესაფარში გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ არ დავთანხმდი, რადგან იქ ცხოვრების გამოცდილება უკვე მქონდა…

 

შესაძლოა, მკითხველებმა თქვან კიდეც, თუ სხვა გზა არ აქვს, რაღას არჩევს სად იქნებაო, მაგრამ ადამიანებო, რადგან გადავრჩი და რადგან ცოცხალი ვარ, მშვიდი და სუფთა გარემო მინდა, გარემო ცოტა მდიდრულად ჟღერს, ჩემი  პატარა კუთხე. ლილოს თავშესაფარში, სხვადასხვა ასაკის და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებთან ერთად,  ერთ ოთახში გაუსაძლისი იყო.

 

მე არ მგონია, რომ რომელიმე ე.წ. ბომჟს ვჯობნი, მაგრამ ანტისანიტარიაში ყოფნა უარესად მთრგუნავს და უფრო ცუდი აზრები მომდის თავში. იქ კამათი, ჩხუბი ჩვეულებრივი რამაა. თუ ისევ ჩხუბსა და გაუგებრობებს უნდა ვუყურო, რა აზრი აქვს მამის სახლიდან წასვლას თავშესაფარში?!

როცა მამას ვატყობ, რომ კამათისთვის ემზადება, მეგობრებთან გავდივარ, სტრესს ასე ვიცილებ თავიდან. მასზე არანაირი სასიკეთო გავლენა არ მოუხდენია ჩემს  თვითმკვლელობამდე მიყვანას. არც კი განიცდის თვითბრალეულობას და შესაბამისად, არც არაფერს ცვლის…

 

კლინიკიდან გამოწერის დღიდან დღემდე, არაერთ კონფლიქტს ჰქონია ადგილი. ის პროვოკაციაზე მოდის, ჯერჯერობით ვუძლებ და თავს ვარიდებ… ორ კლინიკაში 31 დღე გავატარე. მეგობრებმა თავიანთი სახსრებით ხუთი დღით ბინა მიქირავეს, მათ მეტი საშუალება არ ჰქონდათ… როცა კლინიკაში ვიწექი, დედაც დამიკავშირდა. მითხრა, მკურნალობა რომ დასრულდება, ჩემთან ჩამოდიო. დავურეკე და მითხრა – ვეღარ მიგიღებ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ და ადგილი არ მაქვსო.

 

რატომ გადაიფიქრა ჩემი მიღება არ ვიცი, შეთავაზებიდან ერთ კვირაში… მიზეზი კი ის არის, რომ ჩემს ოჯახში დედა ყველაფერს მამას აბრალებს, მამა ბებიას და დედას, ბებია მამას. არავინ ფიქრობს, რომ ბევრი წყვილი განქორწინებულა, მაგრამ შვილები ამ ზომამდე არ მიუყვანიათ.

 

ახლა, ერთადერთი გამოსავალი მაქვს, თუ ჩემს განცხადებას ისნის გამგეობაში განიხილავენ და ბინის ქირის თანხით დამაფინანსებენ. სხვა გზა უბრალოდ არ დამრჩენია იმისთვის, რომ ვიცოცხლო… მას შემდეგ, რაც ერთი მისამართი მექნება, სახლთან ახლოს სამუშაოსაც ვიპოვნი, რათა გზის ფული დავზოგო და თავს დამოუკიდებლად მივხედო…” – ამბობს ალექს მუსაევი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X