15:18 | 2020-06-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა წავიდე” – უკიდურესად გაჭირვებული რეჟისორი დახმარებას ითხოვს

“წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა წავიდე” – უკიდურესად გაჭირვებული რეჟისორი დახმარებას ითხოვს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი, მაია შენგელია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ უსახსროდ დარჩენილი, თბილისის გარეუბანში მდებარე ბაღებში დაკრეფილი ხილით საზრდოობდა მხოლოდ. მაიამ ახლახან “ფეისბუქზე” დიდი, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ძმასთან ერთად ქირით მცხოვრები მალე ცლის ნაქირავებ ბინას, წასასვლელიც არსად აქვს, არც სამსახური, არც არანაირი შემოსავალი. ვერც მშობლების მიწის ნაკვეთს იფორმებს და ვერც ამ ნაკვეთზე დაწყებულ მშენებლობას ასრულებს.

 

უკიდურეს შეჭირვებულ პირობებში მყოფი მაია მიმართავს პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს, რომ იქნებ ამ სიტუაციიდან გამოსვლაში დახმარების ხელი გაუწიონ.

 

მაია შენგელია: – ბატონებო, ვაცნობიერებ, რომ ჩემი გულწრფელობა შეიძლება ქილიკის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ კუდაბზიკობა დავიწყო. გთხოვთ, მოთმინება მოიკრიფოთ და ბოლომდე ჩაიკითხოთ ეს ვრცელი სტატუსი.

 

რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა. დავიბადე ინდოეთის ქალაქ ბჰილაიში (მამაჩემი იყო საბჭოთა კავშირის მომარაგების მინისტრის პირადი წარმომადგენელი ბჰილაის მეტალურგიულ ქარხანაში). ვარ რამდენიმე თაობის თბილისელი; განათლებული, მაგრამ უმუშევარი და უსახლკარო ადამიანი. ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების გაუმართაობის გამო ისე, როგორც არაერთმა ოჯახმა, ჩემმა ოჯახმაც დაკარგა ერთადერთი საცხოვრისი და დღეს ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება.
ჩემი მშობლები პატივსაცემი, დამსახურებული ხალხი იყო და არ იმსახურებდნენ იმ სიმწარეს, რაც სიბერეში ხვდათ წილად. ჩემი ძმა, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და რომელიც ასევე უმუშევარია, როცა სხვები ერთობოდნენ და ქონებას აგროვებდნენ, ცხინვალის რეგიონის სამშვიდობო ძალების ქართულ კონტინგენტში მსახურობდა და ქვეყნის სიმშვიდეს იცავდა. არის უმაღლესი რანგის სპეციალისტი (შთამომავლობითი ენერგეტიკოსი) და არ იმსახურებს იმ გაძაღლებულ ცხოვრებას, რომლითაც დღეს ცხოვრობს!

 

როცა ქვეყნის საწარმოთა და დაწესებულებათა უმრავლესობა დაიხურა და ეკონომიკა გაჩანაგდა, როცა ჩემი სპეციალობა (რადიოფიზიკა) აღარავის დასჭირდა, შევიცვალე პროფესია და რეჟისორი გავხდი, გავიარე ასისტენტურა, დოქტორანტურა (ხარისხი ვერ დავიცავი თანხის ვერგადასდის გამო), ვარ მეოთხე თანრიგის რადიომემონტაჟე, ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს, ვფლობ რუსულ ენას და ვარ პროფესიონალი მთარგმნელი; ვარ პროფესიონალი ლიტერატორი, დრამატურგი, პოეტი; ვარ რამენიმე წიგნის და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ვარ თეატრის მომქმედი რეჟისორი; ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; ვარ არაერთი საგრანტო პროექტის (მათ შორის სამეცნიეროსიც) ავტორი, მონაწილე და ხელმძღვანელი; მუდმივად ვმონაწილეობ სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსებში. კიდევ რა უნდა გააკეთოს კანონმორჩილმა ადამიანმა, რომ 400-500 ლარიანი ანაზღაურების სამსახურს ეღირსოს?! რა უნდა გამეკეთებინა და რას დავაკელი მცდელობა?!

 

„აპარატიდან მოხსნეს“ - როგორია მესამე სართულიდან გადავარდნილი Hip-Hop არტისტის მდგომარეობა
2020-06-14„აპარატიდან მოხსნეს“ - როგორია მესამე სართულიდან გადავარდნილი Hip-Hop არტისტის მდგომარეობა

 

ვცხოვრობ ქირით და ვიმყოფები ფინანსურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. თვის ბოლოს უნდა დავცალო ეს უვარგისი ნაქირავები ფართიც. რომ არა უბრალო ადამიანების სოლიდარობა, აქამდეც ვერ მოვაღწევდი (ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს!).

 

წარმოდგენა არ მაქვს ან მე სად უნდა წავიდე, ან სად წავიღო ჩემი მშობლების მიერ წლების მანძილზე ნაგროვები ბიბლიოთეკა (3000-ზე მეტი წიგნი), რომლითაც ყოველთვის ყველა შეუზღუდავად სარგებლობდა. შერყეული ჯანმრთელობაც აღარ მაძლევს საშუალებას მუდმივად ვიცვალო საცხოვრისი.

 

ერთ დროს მატერიალურად მყარი ოჯახის ქონებიდან შემომრჩა ხეხილის ბაღი მშენებარე სახლით (60 კვ.მ.) თბილისის არც თუ მთლად პრესტიჟულ გარეუბანში. მაგრამ სამწუხაროდ მიწა არის გასაფორმებელი. ჩემი მშობლები კანონმორჩილი ხალხი იყო და როცა სხვები უკანონობითა და ვირეშმაკობით ახერხებდნენ სახელმწიფო ქონების მითვისებასა და დაკანონებას, ისინი კანონს ემორჩილებოდნენ. ამ მიწას ჩემი ოჯახი 1952 წლიდან ამუშავებს, როგორც ხეხილის ბაღს და უკვე მეოთხე თაობა ვშრომობთ ზედ. ვერაფრით ვახერხებ მის დამტკიცებას, თუმცა ოჯახში შემორჩენილი რაიკომის მდივნის სახელზე დაწერილი ბაბუაჩემის განცხადების შავი პირი და მეზობლების ნოტარიულად დადასტურებული განცხადება მოწმობენ, რომ სწორედ ჩემი ოჯახი სარგებლობს ამ მიწით თითქმის 60 წელიწადი.

 

გაიცანით ქართველი სპაიდერმენი, რომელიც წყნეთის ქუჩებს ასუფთავებს
2020-06-13გაიცანით ქართველი სპაიდერმენი, რომელიც წყნეთის ქუჩებს ასუფთავებს

 

სამწუხაროდ, ვერ ვსარგებლობ სესხით უმუშევრობის და მიწის გაუფორმებლობის გამო.

 

ბ-ონო ბიზნესმენებო, ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთება და პოლიტიკანობა ხომ არ არის?! ბიზნესი თქვენი საქმიანობისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, მეცენატობა, ქველმოქმედება და ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობაცაა. ერთობლივი ძალისხმევით სრულიად უდანაკარგოთ შეგიძლიათ დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს, რომ საკუთარი ჭერი ჰქონდეს.

 

საჭირო არ არის მაინცადამაინც ფულადი დახმარება, საკმარისია მშენებლობის რომელიმე ერთი კომპონენტის დაფინანსება, ან შესრულება. თქვენც საზოგადოებრივ მისიას შეასრულებთ და მეც მუდამ თქვენი მადლიერი ვიქნები სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე!

ბ-ონო პოლიტიკოსებო, როცა ხელისუფლებაში ბრძანდებით, იფიქრეთ იმაზე თუ რა უნდა შეცვალოთ, რომ ადამიანების ყოფა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს და მოსახლეობის 99%-ს უსამართლობის განცდა არ ანადგურებდეს.

 

უმორჩილესად გთხოვთ, გამომეხმაურეთ: 557 588059

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X