19:47 | 2020-05-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“წარმოდგენა არ მაქვს რა მჭირს, მე ხომ ექიმს არ ვესინჯები?!” – გელა ჩარკვიანი ჯანმრთელობას უჩივის

“წარმოდგენა არ მაქვს რა მჭირს, მე ხომ ექიმს არ ვესინჯები?!” – გელა ჩარკვიანი ჯანმრთელობას უჩივის

18 მაისს გელა ჩარკვიანი მეუღლის, ნანა თოიძე-ჩარკვიანის დაბადების დღეა. “დღეს 82 წლის გახდებოდი. ალბათ, მაპატიებ, რომ ვერ გიხდი ისეთ ხალხმრავალ დაბადების დღეს, ამ ჟამიანობის დროს. იმ სიმღერას გიმღერებ, რომელიც ორივეს გვიყვარდა” – ბაბუას ვიდეოს აქვეყნებს ნანა ჩარკვიანი უმცროსი.

 

სიმღერას Autumn Leaves თავისებური ინტეპრეტაციით და ემოციურობით ასრულებს 81 წლის გელა ჩარკვიანი. მან “პრაიმტაიმთან” ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაიჩივლა.

 

გელა ჩარკვიანი: – პატარა ნანამ ჩამწერა. ძლივს ვიმღერე, არ ვარ კარგად. ეს სიმღერა მე და ნანას ძალიან გვიყვარს. 18 მაისს, ამ დროს დიდი ქეიფი გვქონდა… ამ კორონამ სულ დაგვღუპა.

 

რა გაწუხებთ?

 

– ვერ წარმოიდგენთ ისეთი სისუსტე მაქვს. რა მიზეზით არის, არ ვიცი. მე ხომ არ ვესინჯები ექიმს. ასეთი ფილოსოფია მაქვს, 76 წლის შემდეგ, მით უმეტეს ასეთი ტრაგედიების გადატანის შემდეგ, ტერმინალურ დაავადებებთან დაკავშირებით ექიმთან აღარ დავდივარ. მხოლოდ კომფორტის მედიცინას ვაღიარებ, ანუ სტომატოლოგიას და ძილის წამალს ვიღებ. მორჩა, დანარჩენი უკვე ბუნებრივი სიკვდილია.

 

მანამდე უნდა გაიხანგრძლივო ცხოვრება, აბა, 80 წლის მერე წვალების გარდა არაფერია. ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, რა მჭირს. რატომ ვარ ასე სუსტად.

 

გელა ჩარკვიანს თავის წიგნში “ნაგერალა” ნანაზე მოგონებების თავი აქვს. ის სოციალურ ქსელში ამონარიდებს ხშირად აქვეყნებს. დიპლომატსა და მწერალს დღეს ეს ისტორია გაახსენდა.

 

“ნანა თბილისის პირველ სამუსიკო სასწავლებელში მუსლიტერატურას ასწავლიდა. სტუდენტებს უყვარდათ. მკაცრი არ იყო, თუმცა გამოცდებზე საკმარის პრინციპულობას იჩენდა და ტყუილუბრალოდ ნიშანს არ დაწერდა. ერთხელ, გამოცდიდან დაბრუნებულს, სტუდენტის დედამ დაურეკა. მადლობა გადაუხადა ქალიშვილისათვის დაწერილი ხუთიანისათვის და უთხრა, რომ ხვალ გაამზადებდა ტორტს და საჩუქრად მოართმევდა.

 

ბავშვის დედა, ქართველი ებრაელი ქალი, მთელ ქალაქში ცნობილი იყო თავისი ტორტებით და მისმა შეთავაზებამ ტკბილეულისადმი არც თუ გულგრილი ნანა საგონებელში ჩააგდო.

 

„არავითარ შემთხვევაში“ – თქვა მან მკაცრად. ის, თუ როგორ გაგრძელდა მათი დიალოგი, იქცა სახალისო ნომრად, რომლითაც, ნანას წინააღმდეგობის მიუხედავად, მე მთელი წელი ვართობდი სტუმრებს. უფრო სწორად, მე ამ დიალოგის მხოლოდ ერთი მონაწილის, ნანას ტექსტი ვიცოდი, თუმცა იმის მიხვედრა, თუ რას ამბობდა მეტორტე ქალბატონი, ძნელი არ უნდა ყოფილიყო.

 

„არავითარ შემთხვევაში,“ – გაიმეორა ნანამ. „ხომ გესმით, არავითარ შემთხვევაში-მეთქი. რა? მისამართი? რად გინდათ ჩემი მისამართი? არა, ქალბატონო, ეს საბურთალოს ქუჩაარ არის. დიახ, პეკინის. ხომ გითხარით, არაფერი მოიტანოთ-მეთქი. მაღაზია „ელექტრონიკა“ ჩვენს სახლშია. გცოდნიათ. რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ საჩუქრებს არ ვღებულობ. სადარბაზო? არა, პირველში სხვა მასწავლებელი ცხოვრობს, ჩვენი მეორეა. არ მოიტანოთ! დიახ, მეორე სართული, კარი მარჯვნივ. არ არისსაჭირო, არა. ნამდვილად არ არის საჭირო. ზოგჯერ ზარი არ მუშაობს. ჯობია დააკაკუნოთ“.

 

მართლაც მეორე დღეს დააკაკუნეს და მოიტანეს რაღაც საოცრება – ტორტი, ლურჯი, წითელი, მწვანე და ნარინჯისფერი კრემით. იმ დროში ეს ფერები დიდი იშვიათობა იყო. ნანა ყოველთვის ბრაზობდა, როცა ამ ამბავს ხალხში ვყვებოდი, მაგრამ ერთხელ, ხარხარი რომ ატყდა, ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანი ვაცალე და რომ არ დაბრუნდა, საძინებელ ოთახში შევედი. თავის ლოგინზე იჯდაბავშვივით ატირებული. ამ ამბის გახსენება დღესაც გულს მიდაგავს. ჩემს შემთხვევაში დრო ვერ გამოდგა კარგი მკურნალი. რა სისულელეა ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი.

 

 

გელა ჩარკვიანი • Gela Charkviani-ს ფოტო.

 

თაფლობის ორი კვირა მე და ნანამ ქორენიშში გავატარეთ. ჩვენი ოთახის ფანჯრები სიმინდის ყანას გადაჰყურებდნენ და პირველივე ღამის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ წყნარი ცხოვრება არ მელოდა. სოფელს შეუჩვეველ ნანას დაძინება უჭირდა და ყოველ ჯერზე, როცა ნიავი სიმინდს ააშრიალებდა, მაღვიძებდა, – ვაიმე, ვიღაც მოდისო. მისი დიდი ლამაზი თვალები უტყუარ შიშს ასხივებდნენ. კედლიდან ბაბუაჩემის სანადირო თოფს ჩამოვიღებდი და სახლის კართან დავდგებოდი. ღამის განმავლობაში ეს რამდენჯერმე ხდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიძინებდით, როცა აღმოსავლეთით ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. ღამენათევებს საღამომდე გვეძინა, რაც ალბათ მეზობლებს აფიქრებინებდა, – ნუთუ ღამეს ვერ იმყოფინებენო.

 

გელა ჩარკვიანი • Gela Charkviani-ს ფოტო.

 

მცირედი სიამოვნება, წუთიერი კმაყოფილება ცხოვრებით – ვთქვათ რაიმე მიმზიდველი პერსპექტივა დღევანდელი საღამოსათვის, უმალ ტკივილს მგვრის – ნანა მახსენდება და სინდისის ქენჯნა ეკალივით მერჭობა გულში.

 

ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეალობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს იმ რეალობაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება. მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი სიყრმისშვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ „მიგდებულები დარვინის ანაბარა“, მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა – „არასდროს“.

 

 

18 მაისი ნანა თოიძის დაბადების დღეა.

Gepostet von Gela Charkviani am Montag, 18. Mai 2020

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X