16:58 | 2021-10-11 ავტორი: თამარ გონგაძე

ტრაგედიის წინასწარმეტყველი, ბათუმში დაღუპული 12 წლის დათას ისტორია – “მის ნახატებში ყოველთვის ზურგით არიან ორნი”

ტრაგედიის წინასწარმეტყველი, ბათუმში დაღუპული 12 წლის დათას ისტორია – “მის ნახატებში ყოველთვის ზურგით არიან ორნი”

12 წლის დათა შომახიას უკანასკნელი ნახატი ყველას ნანახი გვაქვს. პატარა ხელოვანის ნაწინასწარმეტყველები დავზარს გვცემს. გახლეჩილ მიწას დედასთან ერთად შორს მიუყვება…

 

ფერების შეხამება, განწყობა, სევდა… საინტერესოა, რას გრძნობდა დათა წინა დღეს, ან ამ ნახატის დახატვისას? რატომ იყო ასეთ განწყობაზე? რა ტრიალებდა მის გულში?… როგორ შეეძლო 12 წლის უდარდელ ბავშვს, ეს შემზარავი “რაღაც უაზრობა” წინასწარ ეგრძნო, ეს სისასტიკე მანამდე განეცადა…

 

ამ პატარა ბათუმელ ბიჭს მეგობრები მხატვარს ეძახდნენ. ხატავდა ბავშვური ხელით, თუმცა შინაგანი სევდის ფერებით…

 

“მაიკო ფეისბუქზე დებდა დათას ნახატებს, ასათაურებდა, რა ჰქონდა დახატული, რა – გამოძერწილი. დადიოდა სამხატვრო აკადემიაში. დავუწერე კიდეც, შეიძლება ცნობილი მხატვარიც კი ყოფილიყავი, მაგრამ…” – გვიყვება დათას დედის, მაია თოდუას მამიდაშვილი, ხათუნა ქვილითაია.

 

VIDEO: იცნობდეთ გმირებს! - როგორ ამოჰყავთ მაშველებს ნანგრევებში მოყოლილი ქალი 
2021-10-11VIDEO: იცნობდეთ გმირებს! - როგორ ამოჰყავთ მაშველებს ნანგრევებში მოყოლილი ქალი 

 

საბედისწერო საათებს გადაურჩა დათას უფროსი ძმა, 14 წლის ნიკოლოზი, რომელიც სკოლაში იმყოფებოდა და 85 წლის ბებია, რომელიც იმ დროს სამსახურში იყო.

 

მამა, გია შომახია, ტრაგედიის დატრიალებამდე, სახლიდან 15 წუთის გასული იყო. მაღაზიაში ჩავიდა და უკან დაბრუნებულს სახლი ჩამონგრეული დახვდა…

 

ხათუნა ქვილითაია: – საწყალ გიას რომ ვესაუბრე, მითხრა, მაღაზიაში 15 წუთის გასული ვიყავიო. მაია არ მუშაობდა, ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. დათა ონლაინგაკვეთილს ესწრებოდა.

 

მესამე სართულზე ცხოვრობდნენ…

 

25 საათის შემდეგ იპოვეს ორივე. ერთად იყვნენ… თვალებიდან არ ამომდის მათი ამოყვანის კადრები…

 

არის საუბარი თითქოს, ყველა გარდაცვლილი ერთად დაიკრძალოს. გუშინ ინგა მეკეიძე და მისი შვილები დაიკრძალნენ… დღეს სამოქალაქო პანაშვიდი იმართება წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში.

 

უნიჭიერესი შვილები ჰყავდა მაიას. თან ჰყვებოდა მათ სწავლა-განათლებას. ყველგან დაჰყავდა, წრეებზე დადიოდნენ… აქტიური დედა იყო. ჯერ მხოლოდ 43 წლის…

 

დათა ძერწავდა, ხატავდა. ეს ნახატი, მიწა რომ გახლეჩილია და დედასთან ერთად მიდის, წინა დღეს დაუხატავს. მე რომ მის ნახატებს ვაკვირდებოდი, ზურგით ჰყავდა დახატული ადამიანებიც, ჩიტებიც და თან ორ-ორი, ორნი რომ მიდიან, ორი ჩიტი რომ მიფრინავს…

 

 

წელს რომ სკოლა დაიწყო, დამრიგებელს თემა მიუცია და დათას ნამუშევარი გაუკრია დაფაზე. თეთრი მზე, ზღვაში ანარეკლით და ორი პალმა… ორად გაყოფილი იყო მისი ნამუშევრები, ყოველთვის ორი პერსონაჟით.

 

მაია აბაშიდან გახლდათ, ზაფხულში ერთი თვით იყვნენ ჩამოსული სოფელში. ჩვენ ტოლები ვართ, მამაჩემის ნათლულიც იყო.

 

ისეთი ბედნიერები იყვნენ. თბილი და მოსიყვარულე ოჯახი იყო. მაია კი უბოროტო, უსაყვარლესი ადამიანი. სულ ერთად იყვნენ. ბავშვები მოწესრიგებულნი. ბიჭებს სულ აკონტროლებდა.

 

ბებია ერთი კვირის წინ, 85 წლის გახდა და ბიჭებმა სიურპრიზად ტორტი მიართვეს. ასეთი საყვარელი ოჯახი გაუბედურდა.

 

მაია და დათა

 

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე, შვიდსართულად გადაკეთებული ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო სრულად ჩამოინგრა და რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის, სამი ბავშვის…

 

დღეს ქვეყანაში გლოვის დღეა… შემთხვევის ადგილას ბათუმელები ყვავილებით, სანთლებითა და სათამაშოებით მიდიან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა სულებს…

 

დედა-შვილი, მაია და დათა ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარშია დასვენებული. ტაძრის წინამღძვარი მათი სულის მოსახსენებელ პარაკლის აღავლენს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!